Digest Logo

„ყველა, ვინც ჩემს რეპუტაციას შელახავს, კანონის წინაშე აგებს პასუხს“ - ნუცა ბუზალაძე მიმართვას ავრცელებს

1791487540
 ნუცა ბუზალაძე

მომღერალი ნუცა ბუზალაძე სოციალურ ქსელში ვრცელ მიმართვას აქვეყნებს და აცხადებს, რომ ბოლო სამი წლის განმავლობაში მის წინააღმდეგ მიმდინარე მიზანმიმართულ ანტიპიარკამპანიასა და ცილისწამებას წერტილს უსვამს.

არტისტის თქმით, იგი არასდროს შეეგუება რეპუტაციისა და ღირსების შემლახველ იარლიყებს, ხოლო მისი დუმილი სისუსტის ნიშანი არასდროს ყოფილა.

ბუზალაძე საზოგადოებას აფრთხილებს, რომ დღეიდან ნებისმიერი ცრუ ბრალდებისა თუ ცილისწამების გავრცელების შემთხვევაში, პასუხისმგებელ პირებთან სამართლებრივ დავას დაიწყებს და საქმეებს სასამართლოს გადასცემს:

„მინდა ძალიან მკაფიოდ განვაცხადო:

მე ვარ ადამიანი, რომელმაც ყველაფერი ნულიდან, საკუთარი შრომით, თავდადებითა და უდიდესი ძალისხმევით შექმნა. მთელი ჩემი ცხოვრება ვშრომობ იმისთვის, რომ ჩემს საქმეში წარმატებას მივაღწიო და ჩემი ქვეყანა ღირსეულად წარმოვაჩინო. ჩემი სამშობლოსთვის კარგის მეტი არაფერი გამიკეთებია და ამისთვის არასდროს არაფერი დამიშურებია.

მიუხედავად ამისა, უკვე სამი წელია, ჩემს წინააღმდეგ მიზანმიმართული ანტიპიარკამპანია მიმდინარეობს. მუდმივად ვაწყდები ცრუ ინფორმაციას, შეურაცხმყოფელ კომენტარებს, დამამცირებელ განცხადებებსა და იარლიყებს, რომლებსაც ყოველგვარი საფუძვლის გარეშე მაკრავენ.

სიტყვებს, როგორიცაა „ქოცი“, „რუსეთუმე“ და სხვა მსგავსი იარლიყები, რომლებიც ჩემი სახელისა და რეპუტაციის შელახვის მიზნით გამოიყენება, არასდროს მივიღებდი და არც მომავალში მივიღებ.

მე ვარ მომღერალი, არტისტი და, პირველ რიგში, ადამიანი, რომელსაც აქვს საკუთარი ღირსება, პრინციპები და სახელი, რომელიც წლების განმავლობაში საკუთარი შრომით შექმნა.

აქამდე არასდროს ვაქცევდი მსგავს კომენტარებს ყურადღებას. უბრალოდ არ მიმაჩნდა, რომ ადამიანები, რომლებიც მიზანმიმართულად ცდილობენ ჩემს დამცირებას, ჩემს დროსა და ენერგიას იმსახურებდნენ. მაგრამ ყველაფერს აქვს საზღვარი!

ჩემი დუმილი არასდროს ყოფილა სისუსტის ნიშანი და არც იმის უფლება მიუცია ვინმესთვის, რომ დაუსჯელად შელახოს ჩემი სახელი.

დღეიდან ყველა ადამიანი, რომელიც განზრახ გაავრცელებს ჩემს შესახებ ცრუ ფაქტობრივ ბრალდებებს ან შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვასა და ჩემთვის ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს საკუთარ ქმედებებზე.
ყველა შესაბამისი შემთხვევა გადაეცემა ჩემს ადვოკატს და საჭიროების შემთხვევაში მივმართავ სასამართლოს.

ნუთუ მართლა გგონიათ, რომ ადამიანის მიზანმიმართული დამცირება, ცილისწამება და მის წინააღმდეგ სიძულვილის გაღვივება ყოველთვის უპასუხოდ დარჩება?

სამი წელი საკმარისზე მეტი დრო იყო. ადრე თუ გვიან, ამ ყველაფერს წერტილი უნდა დაესვას.

ასევე, ძალიან გთხოვთ ყველას: თუ ჩემი მისამართით სადმე წააწყდებით ცრუ ბრალდებებს, ცილისმწამებლურ ან რეპუტაციის შემლახველ კომენტარებს, გადაიღეთ სქრინშოთები და გამომიგზავნეთ ჩემს პირად გვერდებზე.

მე არასდროს მიცხოვრია სხვისი დამცირებით და არც არავისთვის მიმიყენებია ზიანი. მთელი ცხოვრება საკუთარი შრომით მოვდივარ და არავის მივცემ უფლებას, ჩემი წლების შრომა და სახელი ტყუილებით გააუფასუროს.

პატივისცემას ყველასგან არ ვითხოვ, მაგრამ ჩემი ღირსებისა და უფლებების დაცვას ყოველთვის შევძლებ.
მადლობა ყველას, ვინც სიმართლისა და ადამიანური ღირსების მხარეს დგას“, - წერს ნუცა ბუზალაძე.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ „ურთიერთობებში საზღვრების დაცვა და ტოქსიკური მიჯაჭვულობისგან განთავისუფლება მთავარი გამოწვევაა“ - ხატია ბედოშვილის ასტროლოგიური პროგნოზი ჰაერის ნიშნებისთვის

⭕ხატია ბედოშვილი: „ნუ გახდებით თაღლითობის მსხვერპლი...“ - ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი ცეცხლის ნიშნებისთვის

🎥 „გამოჩნდება ახალი შესაძლებლობა...“ - რა გელოდება 7 დღეში: თაკო მელიქიშვილის ასტროლოგიური პროგნოზი

✕