
„შენ რომ დიდი იქნები, მე რომ აღარ ვიქნები“... - ალბათ, მომღერალ ლაშა ღლონტის თბილი ხმა ჩაგესმათ და ისე წაიღიღინეთ.
დიახ, ლაშას ბევრისგან გამორჩეული ხმის ტემბრი აქვს, რითან მსმენელის დიდი სიყვარული დაიმსახურა.
დღეს სწორედ მის უცნობ ამბებს გიამბობთ. მომღერალი ჟურნალისტებთან პირადის შესახებ თავად საუბრობს.
ბავშვობა
დავიბადე ქალაქ ბათუმში, სკოლა იქ დავამთავრე. ვცხოვრობდი სასტუმრო „ინტურისტის” უკან და ზუსტად აქედან შემიყვარდა სიმღერა. სეზონურად, მთელი თბილისი – მომღერლები, მოცეკვავეები ჩამოდიოდნენ და „ინტურისტში” ჰქონდათ გამოსვლა. ჩემი საძინებლის ფანჯრები სასტუმროს ფანჯრებს უყურებდა და ძილის წინ თუ, ძილში სულ მათი სიმღერა მესმოდა.
დედა ერისთავი მყავს და საერთოდ, ერისთავები კარგად მღერიან.
ჩემი დიდი ბაბუა იყო ასლან ერისთავი, „ასლანური მრავალჟამიერი” მის პატივსაცემად ჰქვია. ერთხელ ჩემ ოთახში მეძინა და ვიღაცამ იმღერა „მენატრება ივლისი, მენატრება თბილისი”.
ბანალური სიმღერაა, რომელშიც განსაკუთრებული არაფერია მაგრამ, ისე იმღერა, ოთახიდან ღამის მაისურით გამოვვარდი. შევხედე და გოგი დოლიძე იყო, რომელსაც მაშინ არავინ იცნობდა.
ამ სიმღერას გამოვყევი თბილისში. მაინტერესებდა, სად ცხოვრობდნენ ცაბაძე, ლაღიძე, სად გაიზარდნენ... ამიტომ, გადავწყვიტე, თბილისში ცხოვრება. მაგრამ, ჩავაბარე სამედიცინო ინსტიტუტში.
თბილისში ბიძასთან ვცხოვრობდი. ის დიდ თანამდებობაზე მუშაობდა იმ პერიოდში და ურთიერთობა ჰქონდა ხელოვან ხალხთან. მასთან ხშირად იკრიბებოდნენ ეს ადამიანები. გურამ თამაზაშვილმა შექმნა ასეთი ანსამბლი „ალილო” და იქ მიმიწვია. აქედან დაიწყო ჩემი პროფესიული სვლა.
პროფესია - ქირურგი
ქირურგი ვარ. პროფესიაზე უარის თქმა თვალზე პრობლემების გამო მომიწია. ორი ოპერაცია გავიკეთე თვალზე და სამწუხაროდ, ქირურგიულ კარიერას ჩამოვშორდი. საკმაოდ სერიოზულად ვიყავი ჩართული ამ საქმეში. მქონდა გარკვეული წარმატებებიც როგორც ექიმს.
ძალიან მიყვარს ჩემი საქმე და პროფესია, მაგრამ უარის თქმა მომიწია. ამ მდგომარეობაში პასუხისმგებლობა საკუთარ თავსა და სხვის სიცოცხლეზე აღარ ავიღე. ამის შემდეგ წავედი მენეჯმენტში სამედიცინო ხაზით.
ოჯახი
ოცი წლის ვიყავი, ცოლი რომ მოვიყვანე და 1 შვილი მყავს. საკმაოდ კარგად მღერის...
ჩემი მეუღლეც ბათუმელია, უბრალოდ, თბილისში გავიცანით ერთმანეთი. მაშინ მობილური ტელეფონი არ იყო და სახლის ტელეფონზე ის და მისი მეგობრები ვიღაცებს აშაყირებდნენ. მაშინ ასეთი გასართობები გვქონდა.
„ფეისბუქები” და „ტვიტერები” არ იყო. ჩემი კურსელია ერთი გოგო, რომელთანაც მეგობრები იყვნენ შეკრებილნი.
ჩამოწერეს ბიჭების სია და ჩემ მომავალ მეუღლეს მე შევხვდი. დამირეკა. დამირეკა და ხმა მომეწონა. ის მაშაყირებდა და პირიქით, მე დავაბი – ასე გამოვიდა. იმათ დაანებე თავი, ნუ უსმენ, მე მელაპარაკე-მეთქი.
გოგოებსაც მობეზრებიათ ამისი ლაპარაკის მოსმენა. წავიდნენ ყავა დალიეს, ჩვენ კიდევ ვაგრძელებდით საუბარს.
სიყვარულის ისტორია
პირველად ამ ჩემი კურსელის დაბადების დღეზე ვნახე. რა გეცმევა-მეთქი და წითელი პიჯაკიო. შენ ისედაც გიცნობ, არ არის პრობლემაო. შევედი და ყავას სვამდა. სპეციალურად მივედი და ისე გავიარე, დავჯახებოდი. ყავა გადავასხი – ეს ისე გავაკეთე, ვითომ ვერ დავინახე.
ისიც უხერხულობაში ჩავაგდე. ეგრევე მომეწონა. მერე პირველი პაემანი უნდა გვქონოდა. ხუთ საათზე შეხვედრა დავნიშნეთ. მანამდე დაბადების დღეზე წავედი. მაშინ დაბადების დღეები ადრე იყო, შუადღის ორ საათზე მივედი ამ ჩემ ძმაკაცთან, ხდება ხუთი საათი, არ მიშვებენ. რომ წამოვიდე, სიმღერა არ იქნება, არაფერი არ იქნება. თან ვერ ვეუბნები სად მივდივარ.
მამამისია თამადა და ჩემი ძმაკაცი ადგა, საცოლესთან მიდისო. ის სულ გადაირია, რაო, ლაშას საცოლე ჰყავს და აქ არ მოჰყავსო?
ჩემმა ძმაკაცმა წამიყვანა მანქანით. რომ მივედი, ჩემი მეუღლე მეუბნება, სად უნდა ჩავჯდე, ეს ვინ არისო. ვუხსნი, რომ გამოუვალ სიტუაციაში ვარ და უნდა წამომყვეს.
მოკლედ, ჩაჯდა მანქანაში, ავედით დაბადების დღეზე, იღება კარი, დგას თამადა და ტექსტი ასეთია: იმ ორ მტრედს გაუმარჯოს... ამან გადმომხედა, შენ დეგენერატი ხომ არ ხარ, რა ხდებაო?!
ერთი წელი ვიარეთ ასე და მერე მოვიყვანე ცოლად. ძალიან მიყვარდა სიმღერა და ის სულ ამაზე ეჭვიანობდა. მერე მიხვდა, რომ არაფერი გამოუვიდოდა და ახლა, ფაქტობრივად, ჩემი ცხოვრებით ცხოვრობს.
ბაბუობა
ბაბუობა ცხოვრების ახალი ეტაპია, ახალი ენერგიით. ჩემი პატარა მამუჩიკო ყველაზე მეტად მიყვარს. ის არის ადამიანი, რომელმაც ჩემი ცხოვრება შეცვალა, ადამიანი, რომელმაც მათხოვნინა მამუკა ჩარკვიანისთვის ის სიმღერა, რომელიც შემდეგ წლის საუკეთესო ქალაქური სიმღერა გახდა.
ეს სიმღერა ჯანსუღმა თავის შვილიშვილს, ირმა გიგანს მიუძღვნა, მე კი – ჩემ შვილიშვილს. გოგოს მამობა ძალიან კარგია, მაგრამ ბაბუობა სულ სხვა ყოფილა.
გაათმაგებულად და გააზრებულად ვგრძნობ ყველაფერს.
სასჯელაღსრულებაში მუშაობა
სასჯელაღსრულებაში ვმუშაობდი, ყოველთვის კარგი ურთიერთობა მქონდა პატიმრებთან, პერსონალთან.
ხვალ შეიძლება, ყველა მოხდეს გისოსებს მიღმა, ამისგან არავინაა დაზღვეული. ყველგან ადამიანები არიან. ძალიან ბევრი მოგონება მაკავშირებს ამ სამსახურთან და მიხარია, რომ ყველასთან კარგი ურთიერთობა მქონდა.
1998 წელს დავამთავრე ინსტიტუტი, პრაქტიკის მიზნით წავედი და შემდეგ შემოვრჩი ამ სისტემას. მერე წითელი ჯვრის ეგიდით ვმუშაობდი. ძალიან საინტერესო სამუშაო მქონდა, ბევრს ვეხმარებოდი, ბევრი გადაგვირჩენია. მიხარია და ვამაყობ იმით, რომ ჩემს პაციენტებთან, იმ ადამიანებთან, რომლებიც გისოსებს მიღმა იყვნენ და ახლა გარეთ არიან, დღემდე კარგი ურთიერთობა მაქვს.
სიკვდილმისჯილებთანაც მაქვს ღამეები გათენებული, ბევრი დრო გატარებული. ყველა ადამიანია და მნიშვნელოვანია, მათ როგორ მიუდგები. სიყვარულის, იმედის ნაპერწკალი ყველაში უნდა დავინახოთ. ადამიანში კარგიც არის და ცუდიც. მე მუდმივად ვცდილობ, კარგ კუთხეს ჩავეჭიდო.
აგრეთვე წაიკითხეთ: