ტელეწამყვანი ნინო თოლორდავა, 24 წლის შემდეგ, მეორე შვილის დედა გახდა. მისი და გიორგი დავითაიას შვილი ქვეყანას ცოტა ხნის წინ მოევლინა. რეალობად ქცეულ ოცნებასა და ამით გამოწვეულ დიდ ემოციებზე ნინო ჟურნალ „თბილისელებთან“ საუბრობს.
გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:
„როგორც კი ჩემი შვილი დავინახე, მაშინვე ეიფორია დამეუფლა და ამ დრომდე იმავე მდგომარეობაში ვარ. ეს ენით აღუწერელი ემოციაა – შინაგანი შფოთი, სიხარული, ბედნიერება – ყველაფერი ერთად ახლავს.
ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ჩემს პირველი და მეორე შვილის ასაკებს შორის სხვაობა 24 წელი იქნებოდა. ეს კიდევ უფრო საოცარს ხდის ამ ისტორიას“, - ამბობს ნინო თოლორდავა.
– ეს ყველაფერი ფილმის სცენარს ჰგავს...
– მართლა ასეა. მე ამაზე მთელი ცხოვრება ვოცნებობდი. ეს არ იყო ერთი, სამი ან ხუთი წლის სურვილი. ამიკო რომ დაიბადა, ალბათ, ოთხი წლის იყო, იმ პერიოდიდან მოყოლებული, ძალიან მინდოდა მეორე შვილი. ეს ჩემ გარშემო ყველამ იცოდა: მეგობრებმა, ნაცნობებმა, ახლობლებმა, აბსოლუტურად ყველამ. ვოცნებობდი მეორე შვილზე, მაგრამ არა და არ დგებოდა ეს ბედნიერი მომენტი ჩემს ცხოვრებაში. სულ 20 დღის წინ ახდა ჩემი ოცნება და თითქოს, ცხოვრება თავიდან დაიწყო, ხელმეორედ შეიძინა აზრი.
ბავშვი მე და ჩემს მეუღლესაც დაგვეხმარა, სიახლეები აღმოგვეჩინა ერთმანეთში – ისეთი თვისებები, რომლებიც აქამდე, თითქოს, უხილავი იყო. მან კიდევ უფრო დაათბო ჩვენი ურთიერთობა და ოჯახური ცხოვრება.
– გადაწყვიტეთ, თქვენი პატარა ქვეყანას სუროგატი დედის დახმარებით მოვლენოდა. ამ ნაბიჯის გადადგმას, ალბათ, ბევრი ფიქრი და დაკვირვება დასჭირდა.
– კი, მაგრამ მთავარია, რა მიზნისკენ მიდიხარ. როცა გინდა, მეორე შვილი გყავდეს და შენს გადაწყვეტილებაში მტკიცე და ძალიან ძლიერი ხარ, მაშინ ყველაფერი გიმარტივდება.
– როგორი იყო ეს ცხრა თვე?
– მთელი ცხრა თვე ერთი სული მქონდა, როდის დავინახავდი ჩემი შვილის სახეს. მე და ჩემი მეუღლე ვსაუბრობდით ხოლმე: შენი თვალი ექნება თუ ჩემი, შენი ცხვირი ექნება თუ ჩემი, ქერა იქნება თუ შავგვრემანი... სულ ამაზე ვფიქრობდი. ღამე რომ ვწვებოდი, ჩემი შვილის სახე მესიზმრებოდა. თან, შფოთი მქონდა, ძალიან ვნერვიულობდი. როდესაც პირველ შვილს ველოდი, ყველაფერი მარტივად იყო. არც ვნერვიულობდი, არც ვღელავდი. როგორი იქნება, ხომ ორივე ხელზე ხუთი თითი ექნება, ფეხზეც, არა? 24 წლის წინ ასეთ ელემენტარულ რამეებზე არ ვფიქრობდი (იცინის). ახლა ყველაფერზე ვღელავდი. სოციალურ ქსელში რამეს რომ წავიკითხავდი, ყველაფერს ჩემს თავზე წარმოვიდგენდი და ეს განცდებს მიმძაფრებდა.
ვიცოდი, რომ ამ ასაკში ეს მოლოდინი სულ სხვა ემოციებთან იქნებოდა დაკავშირებული, მაგრამ რეალურად ეს ემოციები იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, როგორსაც ვერ წარმოვიდგენდი. რომ ვხედავ ჩემი 20 წლის ოცნება რეალობა გახდა, ვერც აღვწერ, რას ვგრძნობ.
– მეუღლე რამდენად აქტიური მამაა?
– მეუღლე ძალიან კარგი მამაა. ზოგადად, უფროს შვილებთან ურთიერთობაში ვხედავდი, რომ გიორგი ფანტასტიკური მამაა და თადა ერეკლესთანაც ზუსტად ისეთი აღმოჩნდა, როგორსაც ველოდი. ღამე ძალიან მეხმარება. მე, მაქსიმუმ, სამ საათამდე გავძლო, მერე მეძინება. თან, ძალიან ღრმა ძილი მაქვს და ბავშვის ტირილზე არ მეღვიძება. შესაბამისად, გიორგის სამ საათამდე სძინავს, შემდეგ დგება და დილამდე უვლის ბავშვს.
ზოგადად, მინდა, ყველას ვუთხრა, რომ არცერთ ასაკში არ არის შვილის გაჩენა გვიან. ნუ მოაკლებთ საკუთარ თავს ამ უდიდეს ბედნიერებას საზოგადოებაში ჩამოყალიბებული სტიგმების გამო. თუ ოდნავი შანსი მაინც გაქვთ, ჩაებღაუჭეთ მას და ყველაფერი გააკეთეთ ამ ბედნიერების შესაგრძნობად. ეს ემოციები შეუფასებელია და ვერაფერს შეადარებ. ორნი ვიყავით, ახლა პატარა ადამიანი გაჩნდა ჩვენს ცხოვრებაში, რომელმაც კიდევ უფრო მეტად შეგვაკავშირა, ჩვენი სიყვარული გააძლიერა და შეიძლება ითქვას, რომ მე და გიორგის კავშირი ახლა ნამდვილად არის ოჯახი. ასე ვიცით, ასე გავიზარდეთ და ასე გვინდა, რომ ოჯახს აუცილებლად უნდა აკავშირებდეს ერთი პატარა მაინც. ამით ძალიან ბედნიერი ვარ.
– რამდენიმე წლის წინ, ბებია გახდი და პატარას მოვლასთან დაკავშირებით რეპეტიციაც გაიარე.
– მე იმ დოზით არ ვიყავი ჩართული ჩემი შვილიშვილის აღზრდაში, როგორც მაგალითად, ახლა დედაჩემია ჩართული თადა ერეკლეს აღზრდაში, როგორც იყო ამიკოს აღზრდაში ჩართული. როგორც არიან რეალურად ბებიები. თადა ერეკლეს ორივე ბებია, დედაჩემიც და მეუღლის დედაც, ორივე თავიდან ბოლომდე მონაწილეობენ მის აღზრდაში. სამწუხაროდ, მე ამ დოზით არ ვმონაწილეობდი ჩემი შვილიშვილის აღზრდაში. ნოა იზრდება დედის დედასთან, არაჩვეულებრივ ქალბატონთან და გამოდის, რომ მე შვილიშვილთან უფრო მეგობრული ურთიერთობა მაქვს. ასე რომ, ისევ და ისევ, ჩემს 24 წლის წინანდელ გამოცდილებას თუ გავიხსენებ.
ჩემი შვილი დიდია, გიორგის შვილებიც 20 და 16 წლისები არიან, თადა ერეკლე კი ძალიან პატარაა და შესაბამისად, დიდხანს იქნება ჩვენთან, ამაზე ფიქრი ძალიან გვახარებს (იცინის).
⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🎥 როგორ აისახება სეზონების ცვლილება ჩვენს კანზე? - საჭირო რჩევები კოსმეტოლოგისგან
წყარო: tbiliselebi.ge