
მართალია, ანი კეკუა მსახიობი, პროფესიონალი მოცეკვავე და ექიმი ვერ გამოვიდა, თუმცა კარგი მომღერალია, საერთაშორისო ურთიერთობებიც დაამთავრა, და დღეს მარკეტინგულ კომპანიაში მუშაობს. მისი ცეკვის ნიჭი და მონაცემები კი პროექტ „ცეკვავენ ვარსკვლავებიდანაც“ კარგად დავინახეთ, სადაც ის მთელი სამი თვის განმავლობაში ერთ-ერთი გამორჩეული მონაწილე იყო.
იგი ჟურნალ „თბილისელებთან“ მისი ცხოვრების მნიშვნელოვან მომენტებზე საუბრობს და ბავშვობის პერიოდს იხსენებს.
„ძალიან ბედნიერი, ლაღი, წარმატებული ბავშვობა მქონდა. ბევრი ვისწავლე, ვიშრომე, დავაგროვე გამოცდილება როგორც კარიერული, სამსახურებრივი, ასევე, სიმღერის მიმართულებით. დღეს, ბედნიერი დედა ვარ და მიმაჩნია, რომ საკმაოდ წარმატებული გზა გამოვიარე. ზუსტად ვიცი, შრომით, დიდი ძალისხმევითა და თავის გატანის ფასად, უფრო მეტ წარმატებას მივაღწევ. ასე რომ, ჩემი ცხოვრება შრომა და პოზიტივია. მარტივად ჩემთან არაფერი მოდის. შრომის გარეშე, იოლად არცერთი წარმატება არ მოსულა“, - ამბობს ანი კეკუა.
– ძლიერი ადამიანი ხარ და მაინც, რა გაძლევს ცხოვრებაში მოტივაციას, ძალასა და სტიმულს, წინ იარო?
– სტიმულს, პირველ რიგში, ჩემი თავი მაძლევს, რადგან პრეფექციონისტი ვარ, პასუხისმგებლობის გრძნობა ბავშვობიდან მაღალ ხარისხში მაქვს და, ცოტა ზედმეტადაც. ასევე, ბავშვობიდანვე მაქსიმალისტი ვარ. საკუთარ თავს ყველაფერში ბევრს ვთხოვ. მიყვარს მუშაობა, არ მეთაკილება და ალბათ, ეს მაძლიერებს. სიმართლე გითხრათ, სულ არ მინდა, ძლიერი ქალი ვიყო, დიდი სიამოვნებით დავიტოვებდი თავს საზრუნავ ობიექტად (იცინის). ზოგადად, ქალმა აუცილებელია იგრძნო, ქალური სისუსტე. მიყვარს რომანტიზმი, მომწონს, როცა ვიღაც ზრუნავს ჩემზე და მიყვარს, როცა სუსტ ქალად ვგრძნობ თავს და არა ძლიერად.
– საკმაოდ რთული პერიოდი გამოიარე, დედის გარდაცვალებას ვგულისხმობ. მისი ამ ქვეყნიდან წასვლით, ალბათ, გაიაზრე, რომ ცხოვრება ძალიან სასტიკია და არ არის ისეთი ფერადი, როგორიც ბავშვობაში გვგონია.
– დიახ, დედის გარდაცვალების გამო საკმაოდ რთული პერიოდი გამოვიარე. ცხოვრების ხედვასთან დაკავშირებით ბარიერები და გამოწვევები დღესაც ძალიან ხშირად მაქვს. დედის ამ ქვეყნიდან წასვლის შემდეგ ძალიან გამიჭირდა მის გარეშე. ის იყო ადამიანი, რომელიც მაკვალიანებდა, მიმართულებას მაძლევდა, ჩემი მამოტივირებელი იყო. მოდუნების საშუალებას არ მაძლევდა, სულ ფორმაში ვყავდი და პირველი იყო, ვისაც აზრს ვეკითხებოდი. დედა, წარმოშობით ბერძენი იყო, პირდაპირი ხასიათის და მეც მისი ხასიათი გამომყვა. ორი წელიწადი ვერ გამოვედი მდგომარეობიდან, თითქოს, აზრი არ ჰქონდა არაფერს, ყველაზე მეტად ვინც მიყვარდა, მამოძრავებელი ძალა წამერთვა. დედის გარდაცვალების შემდეგ უმწეობის შეგრძნება დამეუფლა. თითქოს, ბავშვობიდან დამოუკიდებელი ვიყავი, მაგრამ რაც დედა აღარ არის, ბევრად გამირთულდა ყველაფერი. მივხვდი, მანამდეც ვიყავი დამოუკიდებელი, მაგრამ მისი გარდაცვალების შემდეგ შევიგრძენი, რა არის ნამდვილი დამოუკიდებლობა. დედა რომ გარდაიცვალა, მივხვდი, იმ წამს გავიზარდე. ჩემ გვერდით აღარ არის ადამიანი, ვისაც შემიძლია, გული გადავუშალო. ძალიან მენატრება.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ: