Digest Logo

რატომ უნდოდა სტურუას შვილს მღვდლობა, სად გაიცნო დიდმა მაესტრომ ცოლი და როგორ მოვიდა მასთან წარმატება - ამბები რობერტ სტურუაზე

1659248940
სტურუას ფოტოს კოლაჟი

დიდი მაესტრო, შოთა რუსთაველის სახელობის სამხატვრო თეატრის დასის ხელმძღვანელი, რობერტ სტურუა  1938 წლის 31 ივლისს დაიბადა. დღეს გენიალური რეჟისორის ცხოვრების საინტერესო ეტაპებზე მოგითხრობთ, რომელზედაც სტურუამ, სხვადასხვა დროს, ცნობილ გამოცემებთან ისაუბრა. მაშ ასე:

რობერტ სტურუას ბავშვობა და ოჯახი

„ბებიის და და დეიდა მომღერლები იყვნენ. ბებიაჩემის და ოპერის თეატრიდან გააგდეს, მაგრამ რატომ, არ ვიცი, დეიდაჩემი კი კონსერვატორიას ამთავრებდა, ამ დროს მამამისი დაიჭირეს. ბაბუაჩემი დახვრიტეს, ამიტომ ისიც კონსერვატორიიდან გააგდეს და დარჩა არსებობის წყაროს გარეშე. ახალგაზრდა ქალი იყო და ბებიაჩემის დამ წაიყვანა საეკლესიო გუნდში. იგი თავად უკვე სიონის გუნდში გალობდა. ჩემი ორი უახლოესი ნათესავი მღეროდა სიონში. რასაკვირველია, იქ მათ დავყავდი. მაშინ გავიგე რელიგიის შესახებ რაღაცები. მახსოვს, ჩემი ახალგაზრდობის დროს, გუდიაშვილმა მოხატა ქვაშვეთის ეკლესია. ეს დიდი სენსაცია იყო ქალაქში. მაშინ სტალინმა დაუშვა თავისუფლება რელიგიაში, რადგან მას სჭირდებოდა, რომ ხალხი ომში წაჰყოლოდა. ეს ტიპური პოლიტიკური ტრიუკი იყო, ჯერ ნახევარზე მეტი ეკლესიები დაანგრია და მერე უცებ გახდა მორწმუნე.”

რობიკო და რელიგია

„5 წლის ვიქნებოდი, ეკლესიაში სიარული რომ დავიწყე. რაღაცნაირად გამაგებინეს, რა არის რწმენა. ორთოდოქსალური ბოლშევიკების ოჯახიდან ვიყავი. რობერტი იმიტომ მქვია, რომ მამაჩემი მონათლული არ იყო, როგორც ბოლშევიკის შვილი. ამიტომ დიდხანს სოფელში მეტსახელად „უსახელოს“ ეძახდნენ. ბიძაჩემმა, ასევე ბოლშევიკმა, რომელიც გამოიპარა ციხიდან, ასწია მამაჩემი, დააგდო მიწაზე და თქვა, ამიერიდან შენ გქვია რობერტიო. მამაჩემმა სთხოვა, რამე დამარქვი, თორემ მთელი სოფელი დამცინის, უსახელო ხარო. ეს სახელი მამაჩემს ინგლისელი ეკონომისტის პატივსაცემად დაარქვეს.“

მეც საკმაოდ გვიან მოვინათლე. როცა მამაჩემმა ჩემი გაქრისტიანება გადაწყვიტა, ვიყავი 21 წლის. მამაჩემმა მოიყვანა მხატვრები – შავგულიძე, შალვა ცხადაძე, აბრამაშვილი, ისინი მამას მეგობრები იყვნენ. მათ მომნათლეს სვეტიცხოველში. სახელად კი გიორგი მიწოდეს. ეს იყო 1959 წელს. კარგად მახსოვს ჩემი ნათლობის რიტუალი, მაგრამ არა მგონია, რომ რიტუალი მთლიანად იყო დაცული, იმიტომ, რომ მაშინ მღვდლები და ეკლესიის მსახურნიც შეშინებულები იყვნენ. მიუხედავად იმისა, რომ ნათლობის სახელი გიორგი მაქვს, ამ სახელით არავინ მომმართავს, ყველასთვის რობერტი ვარ. არადა, ძალიან კარგი ნათლობის სახელი მქვია. რატომღაც გადაწყვეტილი მაქვს, რომ ჩემი მფარველი წმინდანი არის გიორგი. ეკლესიაში რომ შევდივარ, სანთლის დასანთებად, აუცილებლად ვუნთებ წმინდა გიორგის.“

ხშირად მიჩნდებოდა ბიბლიის წაკითხვის სურვილი, მაგრამ მაშინ ასე ადვილი არ იყო ყველაფერი, როგორც ახლაა. ბიბლია ჩამოვიტანე იუგოსლავიიდან. ქართული წიგნი ვერ ვიშოვე, რუსულ ენაზე თარგმნილი ვიყიდე. მე და გურამ საღარაძეს შეშინებულებს გვქონდა ჩემოდანში დამალული. შემდეგ დავუჯექი მამაჩემს და როცა ის ხატავდა, ხმამაღლა ვკითხულობდით. როდესაც პირველად წავიკითხეთ, ეს მართლა საოცრებაა. მსგავსი რამ შექსპირსაც შევატყვე. როცა კითხულობ სახარებას თუ ძველ აღთქმას, წაკითხულიც რომ გქონდეს, იმ მომენტში რაღაც საოცრება გემართება. თითქოს თავიდან კითხულობ, თითქოს არც წაგიკითხავს. კი, რაღაცები გახსოვს, მაგრამ მაინც გეჩვენება, რომ თავიდან კითხულობ, სულ ახალი კუთხით უყურებ იმ ისტორიებს, რაც წმინდა წიგნშია მოთხრობილი. ამ დაძაბულ პერიოდში, ასე თუ ისე, ვახერხებ წმინდა წერილის წაკითხვას, მაგრამ სულიერ სიმშვიდეს ეს წიგნი მაინც არ მაძლევს, იგი მახსენებს, რომ ადამიანი ძალიან რთული მოვლენაა და რომ ადვილი არაფერია. ბოლოს და ბოლოს, ახალი აღთქმა ქრისტეს წამებაზეა, ძველ აღთქმაში კი ადამიანის ცოდვებზეა ლაპარაკი.”

როცა ინსტიტუტში ვსწავლობდი, მსახიობ - გურამ გოგავასთან დავმეგობრდი, რომელიც გარდაიცვალა. იგი პლეხანოვზე მდებარე რუსული ეკლესიის ეზოში ცხოვრობდა. ყოველ დღესასწაულს ძალიან სერიოზულად იცავდა, მარხულობდა. დედამისი საოცრად ღვთისნიერი ქალი იყო, როგორც ჩანს, მან გადასცა შვილს ასეთი დამოკიდებულება რელიგიისადმი. აღდგომას ყოველთვის გურამთან ვხვდებოდით, ვუვლიდით გარს ეკლესიას, გამოჰქონდათ სიწმინდეები და იყო დიდი დღესასწაული. ახლა? რომ გითხრათ, წესიერი ქრისტიანი ვარ, ეს სიცრუე იქნება, მაგრამ აბსოლუტურად რელიგიური კაცი ვარ. მესმის, რომ მართლმადიდებლური ეკლესია თხოულობს აუცილებლად მოძღვრის ყოლას. გასაგებია, რომ საჭიროა ადამიანი, რომელსაც გადაუხსნი გულს და ცოდვებს აღიარებ, მაგრამ ამ საკითხს ცოტა სხვანაირად ვუდგები. შეიძლება ეს ყველაფერი ჩემი ათეისტური წარსულის ბრალია. მირჩევნია, მონანიების მომენტში მარტო ვიყო უზენაესთან, ვიცი, რომ ცოდვილი აზრია მართლმადიდებელ ეკლესიაში, მაგრამ იმასაც ვიტყვი, რომ ძალიან ბევრი არ დადის აღსარებაზე. ნელ-ნელა იწყება ნამდვილი მრევლის მიდინება ეკლესიებში. უკვე ვამჩნევ მოწაფეებს, ახალგაზრდებს, ბავშვებს, რომლებიც რწმენით არიან აღვსილნი. ჩემი შვილის კლასიდან დაახლოებით 6 წავიდა ეკლესიაში. ბევრი სტიქაროსანია, რაც ძალიან კარგია. ჩემს შვილს უნდოდა, სასულიერო პირი გამხდარიყო, უკვე უნდა აღკვეცილოყო, მორჩილი იყო. ამას რასაც სხვანაირი რწმენა და შემართება სჭირდება. მაგრამ როცა კარგად დაფიქრდა, მიხვდა, რომ მღვდელი ვერ იქნებოდა. თუმცა, სულ ამბობს, რომ სიამოვნებით მოხატავდა რომელიმე პატარა ეკლესიას. ამისთვისაც რაღაც შინაგანი და სულ სხვა სულიერი მდგომარეობაა საჭირო.“

საპატრიარქოში ერთ-ერთი სტუმრობისას ვთქვი, ცოდვილი სამყაროდან ვარ-მეთქი. ეს იცით, რატომ ვთქვი? იმიტომ, რომ ამ ნათქვამში ორმაგი ირონია იყო. ქვეტექსტებით ლაპარაკი მიყვარს. ყველაზე ცოდვილად გვთვლიან ჩვენ, ზოგი ეკლესიის მსახურიც, მიუხედავად იმისა, რომ ზოგი გვაწყნარებს, რომ ეს შეცდომაა და ეკლესიას არასოდეს უბრძოლია მსახიობებისა და ტაკიმასხარების წინააღმდეგ, მაგრამ ვიცი, რომ საკმაოდ დიდი ბრძოლები იყო როგორც რუსულ ეკლესიაში, ასევე ქართულში, უფრო მეტიც, სასიკვდილო განაჩენიც გამოუტანიათ.

ეკლესია არის ადგილი, რომელიც უნდა დარჩეს ცალკე, ეს არ არის კომუნისტური პარტია, ეს არ არის იდეოლოგია, ეს არის რწმენა, ზნეობის რაღაც კუთხე, სადაც ჩვენ ჩვენი ზნეობა შევაჯერეთ იმ წმინდა მცნებებს, რომლებიც ამდენი საუკუნეა, ეკლესიას მოაქვს. უწმინდესთან სულ რამდენჯერმე ვარ ნამყოფი. ვიყავი იმ შეხვედრაზე, როცა ხელოვანებს შეხვდა და ჩვენს თეატრში ატარებდა თავის საიუბილეო კვირეულს. მანამდე ერთი-ორჯერ ვიყავი მასთან შენახვედრი. ერთხელ ბუენოს აირესიდან სომეხმა და რუსმა ეპისკოპოსებმა გამოუგზავნეს ჩვენს პატრიარქს საჩუქარი. სწორედ მაშინ გავიცანი ჩვენი უწმინდესი, მე და ჩემი მეუღლე მივედით. მეორედ ეკლესიის გარემონტების თაობაზე იყო საუბარი. ჩვენს თეატრს მაშინ ბანკი “ქველი” ეხმარებოდა და მათი საშუალებით მოხდა იმ ეკლესიის რესტავრაცია უსასყიდლოდ. ბოლოს როცა მივედი იუბილესთან დაკავშირებით, ჩემთან მოვიდა უწმინდესი, ჩამიკრა გულში. რაღაც დამემართა ამ დროს. ვერ ვიტყვი, რომ ცრემლები მომადგა, მაგრამ მისმა ჩახუტებამ ისე მომნუსხა, ეს სამუდამოდ დამრჩება მეხსიერებაში.”

რას ჰყვებიან რობერტს სტურუაზე მისი ოჯახის წევრები?

რეჟისორის შესახებ საზოგადოებისთვის უცნობ ამბებს მისი მამიდაშვილი – ირიკა სტურუა და დისშვილი – ნინო არსენიშვილი იხსენებენ.

ირიკა სტურუა: ჩვენი ოჯახი ყოველთვის მრავალრიცხოვანი, თბილი და ურთიერთმოყვარული იყო. რობიკო ჩემზე და თავის დაზე, ლენუკაზე, ოთხი წლით უფროსია (რობიკოს და გია არსენიშვილის მეუღლეა, – ე. პ.), ძალიან დიდი დაბადებულა – ოთხი კილო იყო. ისეთ ბოხ ხმაზე უტირია, ექიმს უთქვამს – შალიაპინი დაიბადაო და ჩვენები ძალიან ამაყობდნენ, რასაკვირველია, ოჯახში ბიჭი გაჩნდა და ყველას უხაროდა. თან მშობლები ძალიან ახალგაზრდები იყვნენ: მამამისი, დევი – 21-ის, დედამისი, ცუცა – 18-ის. რობიკოს თავიდანვე უყვარდა თეატრი. მახსოვს, თოჯინების სპექტაკლებს გვიდგამდა. დაახლოებით ათი წლის იყო, ბიძაჩემმა (რობიკოს მამა, დევი სტურუა, მხატვარი იყო) მუყაოსგან სცენის მაკეტი გაუკეთა, ბებიაჩემმა სასცენო ფარდა შეუკერა. ბებია ხშირად გვიკერავდა რაღაცებს და თარგები ჰქონდა. რობიკო გახსნიდა ამ სცენას, თოჯინებს გამოიყვანდა, ათამაშებდა და თვითონვე ახმოვანებდა. „უჟასები“ მისი საყვარელი ჟანრი იყო. ლენუკას ერთი დიდი დათუნია ჰქონდა და მონსტრის როლში ათამაშებდა. ხან, მის ყველაზე საყვარელ თოჯინას მოკლავდა სცენაზე და ლენიკო ამაზე საშინლად ტიროდა. ჩვენ კიდევ ერთი ბიძაშვილი გვყავდა, ვანიკო, საწყალი 50 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის ლენუკას ეფერებოდა და აწყნარებდა. მე საზიზღარი ბავშვი ვიყავი, არაფერზე ვტიროდი. არდადეგებზე სოფელში მივდიოდით სამტრედიის რაიონში, სოფელ ნაბაკევში. რობიკოს ძალიან უყვარს ეს სოფელი. ახლა ყოველ ზაფხულს ყველა ერთად ვისვენებთ გრიგოლეთში. მთელი გზა ვეჯღანები, რომ სოფელში გაგვატაროს. ხვდება, რაც მინდა და მეტყვის, – ჰო, კარგი, კარგი გავივლითო. მივალთ, დავხედავთ, გავიხსენებთ ბავშვობის წლებს და კმაყოფილები განვაგრძობთ გზას. საოცარი წლები გვაქვს გატარებული. თავის დას საღამოობით ზღაპრებს, შერლოკ ჰოლმსის თავგადასავალს უყვებოდა. რაღაცებს იგონებდა. მერე, ლენუკა რომ წამოიზარდა, იხსენებდა: რომ წამოვიზარდე და შერლოკ ჰოლმსის თავგადასავალი წავიკითხე, გაცილებით საინტერესო აღმოჩნდაო.

არცთუ ისე დიდი ხნის წინ, რობიკო, მირიან შველიძე და რუსთაველის თეატრის მსახიობები ჩავიდნენ ჩვენთან სოფელში, სათევზაოდ წავიდნენ ცხენისწყალზე და დაიკარგნენ. ჩემი შვილებიც იქ იყვნენ, დაირაზმნენ და მოსაძებნად წავიდნენ. ახლა სიცილით ახსენდებათ.

– მისი სკოლის პერიოდიდან რას გაიხსენებდით?

– რობიკო ყოველთვის მრავალმხრივად ნიჭიერი და ინტერესიანი იყო. 51-ე, მაშინდელი რუსული სკოლა ოქროს მედალზე დაამთავრა. რობიკო ქართულ ოჯახში, ქართველ ბებიებთან გაიზარდა. ზოგჯერ რაღაცნაირად იტყვიან – მაგას რუსული სკოლა აქვს დამთავრებულიო. 4 წლის იყო, მან და ვანიკომ „ვეფხისტყაოსანი“ რომ იცოდნენ. გადასარევად იცოდნენ გეოგრაფია, რუკა. ომის დროს უცებ მონიშნავდნენ ხელით, სად რა ხდებოდა. რობიკოს კარგად ესმოდა მათემატიკა, ისევე, როგორც ფიზიკა, ქიმია და თავის დას ამეცადინებდა. ლენუკა რაღაცას კარგად რომ ვერ გაიგებდა, ეტყოდა: „დურა, დურა!“, მერე თვითონ მიუჯდებოდა მაგიდას და მის დავალებებს აკეთებდა.

– რობიკომ და დუდანამ სად გაიცნეს ერთმანეთი, როგორ გახსოვთ მათი დაქორწინება?

– რობიკო და გია ყანჩელი მეგობრები იყვნენ და შეთანხმდნენ, ერთ დღეს მოეყვანათ ცოლები. აეროპორტში გავაცილეთ. დეიდაჩემი, რობიკოს მამიდა, კიევში ცხოვრობდა და მასთან ჩავიდნენ. სასტუმრო და ყველაფერი დაახვედრა, რაც საჭირო იყო. რაც შეეხება მათ გაცნობას, დუდანას მეგობარი, ბელა თოფურია, გოგი ხარაბაძის ცოლია. თეატრში დადიოდნენ და იქიდან გაიცნეს ერთმანეთი. ორი წლის წინ რობიკომ და გიამ თბილისის ერთ-ერთ ძველ უბანში რესტორანში ერთად გადაიხადეს თავიანთი ქორწინების 40 წელი. რობიკოს ორი ვაჟი ჰყავს – გაგა და მიხო. სამწუხაროდ, არ გაჰყვნენ მამის გზას. გაგა არქეოლოგია, მაგრამ ამჟამად თეატრში მუშაობს კომპიუტერზე, რეკლამებს აკეთებს. მიხო ოპერატორია და კინოსტუდიაში მუშაობს. გაგას მეუღლე, თამრიკო, მხატვარია და ერთი ქალიშვილი ჰყავთ. მიხოს მეუღლეს ნინო ჰქვია. მათ ერთი ბიჭი ჰყავთ.

ლენუკა რობიკოზე იხსენებდა: პირველად კარლსონი რომ წავიკითხე, თვალწინ ჩემი ძმა დამიდგა – მასაც კარლსონივით უყვარს ტკბილეული და ისეთივე ბავშვური და სასაცილოა. დღესაც ასეთია, მაინცდამაინც არ შეცვლილაო. მადას არასდროს უჩიოდა, დიდი გურმანია. ტკბილეულის გარდა, უყვარს ყველაფერი ქართული და გემრიელი, სიამოვნებით გეახლებათ წიწიბურას, უბრალო სუპებსაც... თვითონ ძალიან კარგად ამზადებს ლობიოს, სხვადასხვა კერძს, განსაკუთრებით – ზაფხულში, როცა გრიგოლეთში ვართ.

ნინო არსენიშვილი: ბიძაჩემს ყოველთვის ვსაყვედურობდით მოუცლელობის გამო, თუმცა ამას ყველა შეგუებული იყო. არ ვიცი, საიდან იგონებდა ამდენ თავგადასავლებს. მახსოვს, მე, ჩემი ძმა, ჩემი ბიძაშვილები (რობიკოს შვილები, ე.პ.), როგორი ინტერესით ვუსმენდით მის მონათხრობებს. პატარები რომ ვიყავით, თეატრში, სანაყინეში დავყავდით. მახსოვს, რამდენი არაჩვეულებრივი ადამიანი იყრიდა თავს ჩვენს ოჯახში. ბავშვებს გვეტყოდნენ – აბა, ჩქარა დაიძინეთო. დღესაც თვალწინ მიდგას, როიალზე როგორ შემოხტა კახი კავსაძე და დედაჩემი ემუდარებოდა, – ჩამოდი, ჩატყდებაო.

– ძალიან საინტერესოა, როგორ გახდა რობერტ სტურუა რუსთაველის თეატრის მთავარი რეჟისორი?

ირიკა სტურუა: ზოგს ჰგონია, რომ რობიკოსთან ადვილად მოვიდა წარმატება. ადვილად არაფერი მოდის, ყველაფერი დიდი შრომის შედეგია. პირველი სადიპლომო სპექტაკლი გრიბოედოვის თეატრში გააკეთა. 49 წლის განმავლობაში ასი სპექტაკლი დადგა. დოდო ალექსიძე და მიშა თუმანიშვილი რობიკოს პედაგოგები იყვნენ და, რასაკვირველია, ყოველთვის გვერდში ედგნენ, როცა დამწყები რეჟისორი იყო.

– ყოველთვის ჰყავდა თეატრში თავისი რჩეული მსახიობები. თქვენთან თუ უხსენებია ისინი?

 

– ჩვენთან საუბარში ხშირად უხსენებია რამაზ ჩხიკვაძე, რომელიც, თქვენც კარგად მოგეხსენებათ, თეატრში მთავარი ფიგურა იყო: ამ კაცთან მუშაობა სიამოვნებას მანიჭებს. ლაპარაკს რომ ვიწყებ, უკვე იცის, რა უნდა ვთქვა და როგორ უნდა დავამთავროო. რასაკვირველია, სხვებსაც უდიდეს პატივს სცემს და მათ ნიჭზეც ულაპარაკია.

 

– როგორ ცხოვრობდა სტურუების ოჯახი, რა უჭირდა, რა ულხინდა?

– ვინმე გაჭირვებულს ყოველთვის ეხმარებოდნენ. 1992 წელი, საშინელი პერიოდი რომ იყო, არავის არაფერი რომ არ ჰქონდა, რობიკო თურქეთში წავიდა სპექტაკლის დასადგმელად. წასვლის წინ დამირეკა და მითხრა: რა გჭირდებათ, რა ჩამოგიტანოთო. მეც და ლენუკასაც შვილიშვილები ახალი გაჩენილები გვყავდა. მაშინ პამპერსი არ იშოვებოდა და, მახსოვს, დიდი ყუთებით ჩამოგვიტანა. რობიკოს ბიჭი გახარებული იყო – რა კარგია, ამის გამო ახალი ჩანთა ვიყიდეო. არ სჭირდებოდა თქმა, თვითონ იცოდა, რა უნდოდათ ბავშვებს და ის ჩამოჰქონდა. რობიკო ხომ ასეთი კეთილია და, დუდანა – ორჯერ უფრო კეთილი.

ერთი დიალოგი მამასთან

 

ერთხელ ნასვამი დავბრუნდი შინ. ვცდილობდი, ჩუმად გამეღო კარი, დედა რომ არ გამეღვიძებინა. შევედი სახლში და დედაჩემის პირისპირ აღმოვჩნდი. ვიფიქრე, დავიღუპე, საყვედურებით ამავსებს-მეთქი, მაგრამ, არა, ყურში ჩამჩურჩულა: „ფრთხილად იყავი, მამაშენი ძალიან გაბრაზებულია, სამზარეულოში ზის და გელოდება. რა ჩაიდინე, ბიჭო, ასეთი...“ შევედი სამზარეულოში. დაჯექიო, დავჯექი. დიდი პაუზის შემდეგ დაიწყო: „დღეს რესტორან „თბილისში” რუსთაველის თეატრის მსახიობებთან ერთად ვიქეიფე, დიდებული პურმარილი იყო. ვუსმენდი ჩემს საყვარელ ადამიანებს და მივხვდი – შენ თეატრში პატივს არ გცემენ, ერთი კეთილი სიტყვა არავინ შეგაწია. საშინლად მეწყინა. მითხარი, რა მოხდა, ასეთი რა დააშავე?”

უცებ დავმშვიდდი და ვეუბნები: რობერტ, შენ მხატვარი ხარ, მე კი – რეჟისორი, მთელი ცხოვრება სილამაზეს ეტრფი: დგახარ მარტოკა სახელოსნოში და შენს ტილოებზე მახინჯები ლამაზები ხდებიან. ლამაზები კი – მზეთუნახავები. ყველას ეყვარები, აბა რა! მე რა ვქნა? გუშინ როლები გავანაწილე და სია გამოაკრეს: 12 გმირი – 12 მსახიობი, თეატრში კი ასამდე მსახიობია. დილით გამარჯობა არავინ მითხრა. ისინი, ვინც გავანაწილე, საერთოდ არ გამოჩენილან, „დაჩაგრულები” რომ არ გაეღიზიანებინათ – ასეთია რეჟისორის ხვედრი. მამაჩემი კარგა ხანს მიყურებდა. მერე, ამოიოხრა, შუბლზე მაკოცა და – აბა, შენ იციო, – მითხრა.

მაესტროს შემოქმედება

რობერტ სტურუა 1962 წლიდან მუშაობს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრში. 1979 წლიდან თეატრის მთავარი რეჟისორია, 1980 წლიდან კი – მისი სამხატვრო ხელმძღვანელიცაა.

ახალგაზრდა რეჟისორის ტალანტი ჯერ კიდევ სტუდენტობის პერიოდის ნამუშევრებში გამოჩნდა. 1965 წელს რუსთაველის თეატრის სცენაზე სტურუამ დადგა ა. მილერის. სეილემის პროცესი, რამაც რეჟისორს პირველი ნამდვილი წარმატება მოუტანა.

მოგვიანებით სტურუა იტყვის:

„ამ წარმოდგენით, ჩემთვის შეუმჩნევლად, კონცეპტუალურ რეჟისურამდე მივედი.“
თეატრალური ფორმის ოსტატობა გამოჩნდა მის მეორე მნიშვნელოვან ნამუშევარში, დ. კლდიაშვილის სამანიშვილის დედინაცვალი, რომელიც თ. ჩხეიძესთან ერთად დადგა. მნიშვნელოვანი წარმატება მოჰყვა სპექტაკლს ხანუმა, რომელშიც მხიარული, კომიკური, მაგრამ რეალისტური პერსონაჟები ბუნებრივად ებმებიან პირობით თამაშში.

1970-იან წლებში უკვე გაჩნდა ცნება „რობერტ სტურუას თეატრი“. პ. კაკაბაძის ყვარყვარეში რეჟისორი სვამს სცენას ბრეხტის პიესიდან არტურ უის კარიერა. აქედან იწყება სტურუას შემოქმედებაში ბრეხტის პერიოდი, რაც რეალობის თეატრალურ მოდელირებას გულისხმობს.

1975 წელს დაიდგა ბ. ბრეხტის „კავკასიური ცარცის წრე“, სპექტაკლი-დღესასწაული, რომელმაც მსოფლიო შემოიარა, შევიდა საერთაშორისო კრებულში „XX საუკუნის საუკეთესო სპექტაკლები“ და დღესაც ცოცხალ ლეგენდად რჩება; სპექტაკლში მთავარი როლი შეასრულა რამაზ ჩხიკვაძემ.

1979 წელს დაიდგა უ. შექსპირის „რიჩარდ III“, შეუდარებელი რამაზ ჩხიკვაძით მთავარ როლში.

1980-იანი წლები განსაკუთრებით ნაყოფიერია სტურუას შემოქმედებაში. ამ პერიოდში იდგმება: თ. ჭილაძის როლი დამწყები მსახიობის ქალისთვის (1980), მ. შარპოვის ცისფერი ცხენები წითელ ბალახზე (1980), რ. სტურუას, ლ. ფოფხაძისა და ა. ვარსიმაშვილის ვარიაციები თანამედროვე თემაზე (1981), რ. იბრაგიმბეკოვის დაკრძალვა კალიფორნიაში (1983) და ა.შ.

1987 წელს სტურუა დგამს მეფე ლირს. მასში გამოიკვეთა რეჟისორის მიდრეკილება ფილოსოფიური რეჟისურისადმი, რომელშიც სამყაროს თეატრალური ხედვა ტრაგიკულ ფინალს ერწყმის. სპექტაკლში სტურუამ განსაცვიფრებელი სიზუსტით იწინასწარმეტყველა ძველი სამყაროს ნგრევა…

რობერტ სტურუა ცნობილია როგორც შექსპირის თეატრის „პარადოქსული ინტერპრეტატორი“. 37 პიესიდან 17 უკვე დადგმული აქვს რუსთაველის სცენაზე და მსოფლიოს სხვადასხვა თეატრებში. ლონდონის რივერსაიდ სტუდიაში დადგმული „ჰამლეტი“ (1986), ალან რიკმანით მთავარ როლში, შექსპირის საერთაშორისო საზოგადოებამ ბოლო 50 წლის მანძილზე შექმნილ ათ საუკეთესო სპექტაკლს შორის დაასახელა. თბილისური „ჰამლეტის“ ორივე ვერსია (2001, 2006), სტურუას თქმით, „დრომ მოიტანა“, „ისევე როგორც მკაცრი და დინამიკური „მაკბეტი“ (1995) ან „როგორც გენებოთ ანუ შობის მეთორმეტე ღამე“ (2002), თავისი განსაცვიფრებელი რიტმითა და პირობითობით.

90-იანი წლების სპექტაკლებში აქცენტები უკვე ადამიანსა და მის სულიერ სამყაროზეა გადატანილი. კრიტიკა „კეთილი სტურუას“ თეატრზე იწყებს ლაპარაკს. მის მიერ დადგმული სპექტაკლით – კალდერონის „ცხოვრება სიზმარია“(1992), სტურუას შემოქმედებაში უკვე მეტაფიზიკური რეალობა შემოდის. 90-იან წლებში განახორციელა რეჟისორმა სპექტაკლების დადგმა: ბრეხტის “სეჩუანელი კეთილი ადამინი“ (1993), “იაკობის სახარება” (1995, გოგებაშვილის „დედაენის“ მიხედვით), გრ. რობაქიძის „ლამარა“ (1996)…

1994 წელს სტურუა გოგებაშვილის დედაენის მიხედვით დგამს სპექტაკლს იაკობის სახარება. 1996 წელს იქმნება ლამარა, გ. რობაქიძის ლირიკულ-მითოლოგიური დრამის მიხედვით. 1997 წელს ლ. თაბუკაშვილის პიესის მიხედვით დადგმული მერე რა, რომ სველია სველი იასამანი განსაკუთრებით პოპულარული ხდება ახალგაზრდა თაობაში. 1998 წელს ახალგაზრდა რეჟისორ დ. საყვარელიძესთან ერთად, სტურუა დგამს კ. გოცის პიესას ქალი-გველი. ამავე წელს მოსკოვში თეატრ „სატირიკონში“ იდგმება სტურუას ჰამლეტი, რომელშიც მთავარ როლს ასრულებს კ. რაიკინი. 2000 წელს ისევ მოსკოვში, თეატრში «Et cetera» იდგმება შეილოკი (უ. შექსპირის ვენეციელი ვაჭრის მიხედვით).

ახალ ათასწლეულში შექმნილ სპექტაკლებში, რობერტ სტურუას დიალოგი მაყურებელთან უფრო ფილოსოფიური გახდა. რეჟისორი თითქოს მეტს ფიქრობს მარადისობაზე, ეძებს სიცოცხლესა და სიკვდილს შორის გადებულ ზღვარს. სპექტაკლების მეტაფორული ენაც უფრო მდიდარი და პოეტურია.

ასეთია გია ყანჩელის მუსიკაზე შექმნილი პლასტიკური სპექტაკლი-ფანტაზია „სტიქსი“ (2002), „ჰამლეტის“ ორივე თბილისური ვერსია (2001, 2006), ს. ბეკეტის „გოდოს მოლოდინში“ (2002).

სტურუას ჰყავდა ორი მუდმივი თანაავტორი: მხატვარი გიორგი ალექსი-მესხიშვილი და კომპოზიტორი გია ყანჩელი. რეჟისორი ბევრს მუშაობდა საზღვარგარეთ, მსოფლიოს სხვადასხვა თეატრებში დადგმული აქვს შექსპირის, სოფოკლეს, მოლიერის, ჩეხოვის, ბრეხტის პიესები. მიღებული აქვს მრავალი თეატრალური პრემია.

რობერტ სტურუას კრეატიული სამყარო უზომოდ მრავალფეროვანია. მის სპექტაკლებში ჰარმონიულად თანაარსებობს ტრაგედია და კლოუნადა, პოლიტიკური ფარსი და მელოდრამა; კლასიკურ კომიზმს ფილოსოფიური მედიტაციები ენაცვლება, უკიდურესი რაციონალიზმი იოლად იძენს გროტესკულ თუ სარკასტულ ელფერს, ეს მრავალფეროვნება ეკლექტური არასდროს ყოფილა. რადგან რეჟისორი მსუბუქად და ელეგანტურად მართავს სცენასა და მსახიობებს, მისი ფანტაზია ამოუწურავია და მას ყოველთვის ხელთ უპყრია სპექტაკლის იდეა და რიტმი.

სტურუას სპექტაკლებმა რუსთაველის თეატრს და თავად რეჟისორს მსოფლიო აღიარება მოუტანა. მის დადგმებს სენსაციურს უწოდებენ, ხოლო სტურუას ევროპული თეატრის ყველა ცნობილ რეჟისორს ადარებენ. არ დარჩენილა არც ერთი ფესტივალი, სადაც მისი სპექტაკლები არ ყოფილიყოს წარმოდგენილი.

ქართველი მსახიობების შეუდარებელი პროფესიონალიზმით აღფრთოვანებული მაყურებელი ოვაციას ვერ მალავდა არგენტინაში, ავსტრალიაში, პოლონეთში, საფრანგეთსა თუ შვეიცარიაში. სტურუამ დაიპყრო მექსიკა, ედინბურგი, ლონდონი, იერუსალიმი, რომი, მოსკოვი, დიუსელდორფი და, რაც მთავარია, მშობლიური თბილისი.

 

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

პატიმრობა, ემიგრაცია და სიყვარული - ირაკლი ოქრუაშვილის ოჯახური ისტორიები

ზაური დარინას ქორწილში იყო - ვისზე „გაცვალა“ სლოვაკმა დარინამ რაჭველი ზაური?

რეპრესირებული ოჯახი, შვილმკვდარი დედა, უიღბლო ქორწინება და ტიფით დაავადება - „მაგდანას“ უცნობი ისტორიები