Digest Logo

სოფლის ცხოვრება, მეპურეობა და „ხირხალას საყვარლობა“ - „ბაბულას“ პორტრეტი

1611382798
ლაურა რეხვიაშვილი

„აქ ვერ დაგნებდები ხირხალ“... ხომ გახსოვს, რა თქმა უნდა გხასოვს, ალბათ ისიც ეგრევე გაგახსენდა „ამაი გოგო აქამდე და აქამდე“,- წარმოუდგენელია ეს ფრაზები გაიხსენო და ღიმილი არ აგითამაშდეს სახეზე.

დიახ, ვაპირებ „ბაბულაზე“ მოგიყვეთ.

იცოდით, რომ ბაბულა სერიალ „ჩემი ცოლის დაქალების“ პერსონაჟის „მაქსიკოს“ დედა „ეგონაა“?

მოგიყვებით, რა გზა გაიარა მსახიობმა, ლაურა რეხვიაშვილმა „ბაბულადან“ „ეგონამდე“.

„ერთადერთი, რაზეც გული მწყდება, ის არის, რომ ბნელ ეპოქაში დავიბადე და არა იმაში, რომელშიც ახლა ვცხოვრობ...

მოკლედ, იყო ბნელი და უკუნი, ჩვენთვის მსოფლიოს კარი ჩაკეტილი იყო...

სწორედ ამ დროს მოხდა ჩემი, როგორც მსახიობის რეალიზაცია“, - ამბობს მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრის მსახიობი ლაურა რეხვიაშვილი, რომელიც რეჟისორმა, მიხეილ თუმანიშვილმა აღმოაჩინა და თეატრალურ ინსტიტუტში უგამოცდოდ მიიღო...

ლაურას გიორგი შენგელაიას ფილმმა - „სიყვარული ყველას უნდა“ დიდი წარმატება მოუტანა და ბევრი ადამიანისთვის საყავრელი მსახიობიც გახდა.

წარმომავლობა

წარმოშობით, დედით და მამით სუფთა სისხლის რაჭველი ვარ. კახეთში რომ მოვხვდი, ესეც ჩვენი ქვეყნის შავბნელი, კომუნისტური ვერაგობის შედეგია. ტერიტორიების წართმევა, მთის მოშლა ახლა კი არ დაწყებულა, ეს ჭირი ქვეყანას ჯერ კიდევ წლების წინ შეუჩნდა. ქლუხორის რაიონი ნიკიტა ხრუშჩოვმა მაშინ "წაიღო", მე რომ დავიბადე, კერძოდ, კურორტი წებელდა აინტერესებდა...

მოგზაურობა

თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრის საგასტროლო ტურნეებით მსოფლიოს გარშემო ვმოგზაურობდით. არ დარჩენილა ცივილიზებული ქვეყანა, ჩვენს თეატრზე მოთხოვნა არ ყოფილიყო.

სპექტაკლმა „დონ ჟუანი“, რომელიც მიხეილ თუმანიშვილის ორიგინალური გადაწყვეტა იყო, მსოფლიო მოიარა და უცხოელმა მაყურებელმა შეაფასა. ამ ყველაფრის ფონზე, გენიოსი რეჟისორი და უდიდესი მაესტრო - მიხეილ თუმანიშვილი დედამიწის 10 საუკეთესო თეატრალურ რეჟისორს შორის მოხვდა.

მსახიობისთვის უცხოეთში გასტროლი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი რამ არის, თან - ჩაკეტილი სივრციდან თავისუფალ, განსხვავებულ სამყაროში გავდიოდით...

არგენტინაში, ბუენოს-აირესში მაშინდელმა ყველაზე ცნობილმა და დაუნდობელმა კრიტიკოსმა ჩემზე დაწერა: „ასეთი ბუენოს-აირესის სცენას არ უნახავს“ და იმის მერე, 25 წელიწადი უძრაობა მერგო წილად.

ჩაბნელდა, ჩაქვემეხდა ჩვენი ქვეყანა, ერთმანეთს ვესროლეთ...

მეუღლე

მართალია „ხირხალს არ დანებდა“, მაგრამ მისი გული კინორეჟისორმა, დავით ნაცვლიშვილმა მოიგო.

თავის დროზე, მოს­კოვში აქვს განათლება მიღებული, მაგრამ რეზო ჩხეიძემ, როგორც წარმატებული ახალგაზრდა, ტარკოვსკის ფრიადოსანი სტუდენტი, მოსკოვიდან ჩამოიყვანა.

სასწავლებლის დამთავრების შემდეგ, როგორც პერსპექტიულ ადამიანს, იქ ტოვებდნენ, მაგრამ არ დარჩა. აქ რომ ჩამოვიდა, ერთი ფილმის (ლეონარდო) გადაღება მოასწრო.

თენგიზ აბულაძის შეფასებით, ის ნამუშევარი შედევრად შეფასდა, მერე კი არნახული ამბავი გადახდა:

წლების წინ, როდესაც დამოუკიდებლობის დღე გამოცხადდა, იმ დღეს რუსთაველზე მომხდარი ფაქტები ფირზე ასახა, ყველაფერი დოკუმენტურად, სპეციალური ტექნიკური აღჭურვილობით გადაიღო. იმ დოკუმენტურ მასალაში გმირი - ლეონარდო ათამაშა, მაგრამ იმდროინდელმა „კაგებემ“ არ ვიცი, რის ფასად და როგორ, ეს ნამუშევარი გააქრო.

არადა, კინოსტუდია „ქართული ფილმის“ ლაბორატორია-საცავში რეჟისორის ხელმოწერის გარეშე ვერავინ შევიდოდა და გამოვიდოდა.

დაიკარგა ფილმის 6 ნაწილი, მთელი დოკუმენტური მასალა... ამ ამბავს დიდი უსიამოვნება მოჰყვა რეჟისორსა და ოპერატორს შორის.

არადა, სანამ დაიკარგებოდა, ნანახი ჰქონდათ: თენგიზ აბულაძეს, ელდერ შენგელაიას და რეზო ჩხეიძეს.

ჩემს მეუღლეს, მოსკოვიდან კურსელები ურეკავდნენ და სთხოვდნენ, მათთან სამუშაოდ ჩასულიყო, მაგრამ 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების დღეს თავისი საბჭოთა პასპორტი დაწვა. არადა, მეგობრები სწორედ იმ ქვეყნიდან უხმობდნენ და მაშინ აი, რა მითხრა:

მე და შენ თუ ერთნი ვართ და გინდა ჩემთან ერთად ცხოვრება, იცოდე, არსად წავალ. ასე ვისხდებით, შიმშილისგან დავიხოცებით იმიტომ, რომ ვინც იქ მეძახის, მტერია და მტერსაც ის უნდა, რომ წავიდე!..

სოფლად გადასვლა

თავიდანვე მქონდა მიწის სიყვარული და უნარი მასთან ურთიერთობის. არ ვიცი, რატომ, მაგრამ ასე მოხდა - 5 დედმამიშვილიდან ჩემსავით სოფელზე არავინ გადარეულა.

ამიტომ სულ ვამბობ, - სოფლელი ვარ-მეთქი. ჩემში თუკი რაიმე კარგი არსებობს, თუ მეცოდება, მიყვარს, ვოცნებობ, ადამიანებს ვეხმარები, იმ სამყაროს, სოფლის დამსახურებაა, სადაც გავიზარდე და სადაც ყველაფერი ადამიანებს ჭარბად ჰქონდათ.

დიახ, თელავის რაიონის სოფელ რუისპირში ერთმანეთი უყვარდათ, გაჰქონდათ, ჭირსა და ლხინს იზიარებდნენ...

ბევრჯერ მითქვამს, რომ პატარაობაში თოხსა და ბარს ხელში არავინ მაჭერინებდა. ქუჩაში, ხეებზე, ტყეში, მინდორში ვარ გაზრდილი. სახლში დასაძინებლად შევდიოდი. ოჯახი სადილად რომ დაჯდებოდა, მე მეძებდნენ და დედა კაკლის საბერტყი ჯოხით მაშინებდა, - ხიდან ჩამოდიო... საინტერესო ბავშვობა მქონდა; ისეთი, რომ წლების შემდეგ მიშა თუმანიშვილი მეხვეწებოდა, - შენი ამბები დაწერეო. თუმცა, რად უნდოდა, არ ვიცი. როგორც ჩანს, ჩემს მონაყოლში ნოველებს ხედავდა...

მამის სახლში, სოფელ რუისპირში წავედით. დედა და და მაშინ ცოცხლები მყავდა, მამა აღარ იყო. მქონდა ვენახი, სახლი, კარი, ბოსელი, ბოსტანი...

ვხნავდით, ვბარავდით, ვთოხნიდით, ვწამლავდით, ვზრდიდით ქათამებს, ღორებს, ძროხას ვწველიდით, რძის პროდუქტებს ვამზადებდით.

შესანიშნავად ვიცი ეს საქმე და სიამოვნებით ვაკეთებ ყველაფერს. იმ პერიოდში თბილისში ერთოთახიანი ბინა გავყიდეთ და იმ თანხით საველე ღუმელი ვიყიდეთ, სადაც პურს ვაცხობდით.

4 ტომარა ფქვილს ხელით ვზელდით. შევიძინეთ სამარშრუტო ტაქსის მსგავ­სი მანქანა და გამომცხვარი პური გასაყიდად ბაზარში მიგვქონდა.

ჩემი შვილი, 4 წლის მათე მოაჯირზე შემოჯდებოდა, ხელში პურს დაიჭერდა და ყვიროდა:

„დედას პური, არტისტის პური, იყიდეთ!“ იმ პერიოდს ახლაც სიცილით, სიყვარულითა და სითბოთი იხსენებენ.

ზოგს პური მართლა უნდოდა და ყიდულობდა, ზოგი მათეს გამო იმეტებდა ფულს. ჰოდა, ამ სიკეთეს რა დამავიწყებს?..

თბილისში ადამიანებს ცხოვრება რომ უჭირდათ, მე მაშინ რუისპირში დედლებს ვკლავდი. ყველაფერი სახლში მქონდა, გარეთ არაფერზე გავდიოდი.

4 ღორს რომ დაკლავ და 10-15 დედალი კვერცხს რომ დაგიდებს, სადღა უნდა გახვიდე?

მოკლედ, თანხა კაპიკ-კაპიკ ვაგროვეთ და ჩვენი დანაზოგით მიწაც მოვიმატეთ.

შვილი

მათე მონაცემებით სრულყოფილი არტისტია, ყველა თვისება აქვს იმისთვის, რომ იყოს გადასარევი მსახიობი, მაგრამ ამ პროფესიისკენ გახედვაც არ უნდა, ამიტომ ვარ მშვი­დად.

სოციოლოგია აირჩია. ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტი დაამთავრა. კერძო სკოლაში სწავლობდა. გადახდის საშუალება რომ არ მქონდა, სკოლის დამაარსებლებს შევთავაზე, რომ იმავე სკოლაში მეტყველების გაკვეთილები ჩამეტარებინა.

სიამოვნებით დამთანხმდნენ და იქ 7 წელი ვასწავლიდი. უმაღლეს სასწავლებელში ისე ჩააბარა, არაფერი გამიგია.

90-იანებშია დაბადებული, გაჩნდა ნანინანატრი ბავშვი და ვერც გადმოვცემ იმ საშინელებას, რაც მისი ბავშვობის პერიოდში ხდებოდა ჩვენს ქვეყანაში.

სახლში ლამის მუხლებზე დავდიოდი და ბავშვს ხელში ისე ვატარებდი, ფანჯრებს არ ვეკარებოდი, რომ ტყვია არ შემოფრენილიყო - მაშინ ვაშლიჯვარში ვცხოვრობდით... მოკლედ, არც ისე მარტივი ცხოვრება მაქვს გამოვლილი, მაგრამ მაინც მადლობა ღმერთს, ყველაფრისთვის.

ეგონა

სერიალში ჩემს პერსონაჟს ეგონა დაარქვეს. მეც, მთელი ცხოვრება მეგონა, რომ შრომით რაღაც გამოვიდოდა, მაგრამ მე მხოლოდ მეგონა...

ისე, სერიალშიც ამ სახელმა მიმიყვანა, მაგრამ იქ ჩემი გმირის ამბავი რატომღაც, არ განავითარეს. აქაც მეგონა, ტიპი უნდა შემექმნა, მაგრამ მხოლოდ მეგონა...

ამირან ქადეიშვილის, ხირხალას მოგონება ბაბულაზე:

ლაურაზე 14 წლით უფროსი ვარ. საუკუთესო მსახიობი და პარტნიორია. არაჩვეულებრივი მეგობარია, ჩვენი მეგობრობა ფილმის შემდეგ გაგრძელდა.

ფილმში სიმღერა „შენ ჩემი მზე ხარ“, რომელსაც ქეთოს სახლში, ხინკლის ჭამის დროს ვმღერით, მე და ლაურამ ავარჩიეთ. ეს სცენა მეც მომწონს, კარგი გადაღებულია.

გოგრის უკან წაღება ჩემი მოფიქრებულია. სცენარის მიხედვით ეს გოგრა უნდა დამეტოვებინა. მაგრამ სპონტანურად დავავლე ხელი და წავიღე. გიორგი შენგელაიას ეს სცენა მოეწონა, რა კარგად გააკეთეო და დატოვა ფილმში.


აგრეთვე წაიკითხეთ:

ხეიბარი დედა, ომში დაკარგული ძმა, უიღბლო სიყვარული, ღალატი და სიკვდილის შიში - ეროსი მანჯგალაძის პორტრეტი

„უშვილობაზე არ წუხდა, ძაღლები უყვარდა, პარტერის ნგრევაზე გული გაუსკდა“ - მოგონებები თენგიზ ჩანტლაძეზე

ვინ არის მამულიჩას პირველი ცოლი და როგორ ცხოვრობს ის