
მაკა ზამბახიძეს მსმენელისთვის კარგი სიახლე აქვს. ცოტა ხნის წინ მან რუსა მორჩილაძის ერთ-ერთი გამორჩეული სიმღერა განაახლა და ვიდეორგოლიც გადაიღო.
მაკა ზამბახიძე: ამ სიმღერაზე მუშაობა დიდი ხნის წინ დავიწყე. მერე რაღაც მიზეზების გამო შევჩერდი. ეს არის ძველი სიმღერა რუსა მორჩილაძის შემოქმედებიდან. თავდაპირველად სხვაენოვანი იყო და აჩი მეფარიძე და ნუცა შანშიაშვილი ასრულებდნენ. მერე დათუნა სულიკაშვილმა შემომთავაზა მისი განახლება. ფანტასტიკური ტექსტი ირინა სანიკიძემ რუსა მორჩილაძესთან ერთად დაწერა. რუსას ფრაზა – „სიყვარულს უჩვენობით გასვლია დრო“ – არის ამ სიმღერის მთავარი სავიზიტო ბარათი. არანჟირება გავაკეთეთ „ბრავო სტუდიაში“ ბორიკო შხიანთან, მასტრინგი – ალეკო ბერძენიშვილთან. ამ სიმღერას დიდი პასუხისმგებლობით მოვეკიდე. ისე შევასრულე, როგორც რუსას უნდოდა. თითქოს მე ვმღერიო – ასეთი შეფასება მომცა. დიდი ხნის პაუზის შემდეგ რატიმ მოისმინა, როგორ ვმღეროდი ამ სიმღერას და ისე მოეწონა, ცრემლები გადმოსცვივდა. მისი თხოვნით გავაგრძელეთ მასზე მუშაობა, თორემ ეს პროცესი, როგორც გითხარით, რაღაც მიზეზების გამო შეჩერებული გვქონდა. მიხარია, რომ დავუბრუნდი და სრულყოფილად შევფუთეთ. გადავიღეთ კლიპიც, რომელიც უკვე განვათავსე ჩემს „იუთუბგვერდზე“ და ძალიან დიდი მოწონება დაიმსახურა. შეფასებებში ძალიან დიდი აქცენტია შესრულებასა და ტექსტზე, რაც ძალიან მიხარია. ისეთი ტექსტი აქვს, რომ ყველასთვის ახლობელია, თითქოს ყველას ცხოვრებაში მომხდარა რაღაც მსგავსი. ძალიან გულში ჩამწვდომი და ემოციურია, ამან გაამართლა. სიმღერას ჰქვია „დრო“. დრო კი აბსოლუტურად ყველა ადამიანისთვის მნიშვნელოვანია. ეს არის დრო, რომელიც არ უნდა გამოგვეპაროს, დრო, რომელიც სწორად უნდა გამოვიყენოთ, რომელსაც უკან ვერ დავაბრუნებთ, დრო, რომელიც ადამიანებს ბევრი შეცდომის დაშვების უფლებას არ გვაძლევს და გვახსენებს, რომ ყველაფერი უნდა გამოვასწოროთ და სიყვარულით წარვმართოთ.
– ამდენი საქმე, საზრუნავი... როგორ ისვენებ, როგორია ენერგიების აღდგენის პროცესი?
– დასვენება ყოველთვის გვიჭირს, ვერ ვგეგმავთ გასვლებს. ჩემთვის დასვენება ენერგიების აღდგენას ნიშნავს, თორემ ჩემს საყვარელ ადამიანებთან დროს შეძლებისდაგვარად ვატარებ. დასვენება ნიშნავს დროულად სახლში მისვლას, გამოძინებასა და სხეულის დასვენებას. ეს არის ჩემთვის უმთავრესი. ამისთვის არსად წასვლა არ მჭირდება. შეიძლება, 11 საათზე უკვე მეძინოს. ამაზე სულ მეჩხუბებიან, შენთან დარეკვა არ შეიძლებაო (იცინის). თუ მეგობრებთან სადმე წასვლაზე შევთანხმდები, მაშინ არ ვიძინებ, მეც მივდივარ და ვერთობი, მაგრამ როცა საშუალება მაქვს, ძალიან მიყვარს დროულად დაძინება.
– კარიერის ფონზე, დედობა, მეუღლეობა და ბებიობა როგორ გამოგდის?
– იმ დღეს ბაღში მივაკითხე, მინდოდა, მე გამომეყვანა. ბავშვის აღზრდაში ძალიან აქტიურად ვარ ჩართული. თავისუფალი დრო გამომიჩნდება თუ არა მომენტალურად მასთან მივდივარ. სულ სხვა ხიბლი შემოიტანა ჩემს ცხოვრებაში. ბებიის სტატუსი მაქვს, თორემ თავს უფრო დედად აღვიქვამ. ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანია ქოქოსი ჩემს ცხოვრებაში.
რაც შეეხება დედობას და მეუღლეობას, ყველასთან ძალიან ყურადღებიანი ვარ. ჩემ გარეშე ვერავინ ვერაფერს წყვეტს. ჩემი სიტყვა გადამწყვეტია. ყველა მე მეკითხება ყველაფერს (იცინის). სალომეს თუ რაღაც უჭირს, მე მირეკავს. მიხეილს თუ რაღაც აქვს გადასაწყვეტი, აუცილებლად ერთად უნდა გადავწყვიტოთ. რატიც, სხვა მეგობრებიც მეკითხებიან აზრს და მიხარია, რომ შემიძლია, ადამიანებს დავეხმარო და ჭკუა მომეკითხება (იცინის).
ასევე დაგაინტერესებთ:
წყარო: tbiliselebi.ge