მომღერალი ანანო სამხარაძე და ძიუდოისტი გიორგი სარდალაშვილი პირველი შვილის მშობლები გახდნენ. როგორ უმკლავდებიან მშობლის ამპლუას, როგორ შეიცვალა მათი ცხოვრება და როგორი გოგონაა პატარა მაშო – ამ ყველაფერზე ანანო სამხარაძემ ჟურნალ „თბილისელებთან“ ისაუბრა:
„ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი პერიოდია. ქალისთვის ორსულობა და დედობა უმნიშვნელოვანესი მოვლენაა, რასაც სულ სხვა სამყაროში გადაჰყავხარ. ახლა სრულიად ახალ რეალობაში ვცხოვრობ – მხოლოდ მაშოსთვის. ის ჩემთვის ნომერ პირველი ადამიანია, ვისზეც უნდა ვიფიქრო და ვიზრუნო. საკუთარი თავიც კი უკანა პლანზე გადავწიე და ბოლომდე მას მივუძღვენი თავი.
რადიკალურად შეიცვალა ყველაფერი. ამ პატარა ციცქნამ იმდენი რამ შეძლო, რომ ვერც წარმოვიდგენდი. არა მხოლოდ ჩემი, რა თქმა უნდა, ჩემი მეუღლის ცხოვრებაც ძალიან შეცვალა – სულ მაშოზე ვართ გადართული. მოგეხსენებათ, ჩემს მეუღლეს მალე მსოფლიო ჩემპიონატზე ძალიან საპასუხისმგებლო ასპარეზობა ელოდება და ცდილობს, დრო ვარჯიშსა და ბავშვს შორის გადაანაწილოს. ჯერ ცოტა არეულები ვართ, მაგრამ აუცილებლად დავლაგდებით. მთავარია, მაშო იყოს კარგად.
თუმცა, გაცილებით რთული ყოფილა, ვიდრე წარმომედგინა. რომ ტირის, ორმაგად განვიცდი, ვფიქრობ, რა აწუხებს. დროსთან ერთად, ნელ-ნელა ყველაფერს სწავლობ, მაგრამ საწყის ეტაპზე ჰორმონებიც მოქმედებს და ყველაფერს უფრო ემოციურად უდგები.
ძალიან კარგი გოგონაა. თავის სახელზე უკვე რეაგირებს და გვიცინის. მისი გაღიმება ყველაზე მნიშვნელოვანი რამაა, რაც მთელი დღის განმავლობაში ხდება. მართალი ყოფილა, რომ ამბობდნენ: როგორც არ უნდა დაიღალო, ერთს რომ გაგიღიმებს, ყველაფერი გავიწყდებაო“, - ჰყვება ანანო სამხარაძე.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ „რასაც ებრძვი, სწორედ ის გმართავს“ - ხათუნა ნოელი ნეგატიურ კონფორმიზმსა და ცრუ თავისუფლებაზე
წყარო: tbiliselebi.ge