Digest Logo

ვის ანდობს ყველა საიდუმლოს თედო ბექაური და რატომ ვერ გაყიდის იგი მოგებულ ბინას ახალი ცხოვრების დასაწყებად?

1729600172
თედო ბექაური და ანი ხუციშვილი

თედო ბექაურმა საზოგადოებას თავი ბავშვობიდან შეაყვარა და დაამასხოვრა – ფილმ „გაღმა ნაპირში“ იგი საოცრად ასრულებს მთავარ როლს და გულის ამაჩუყებლადაც ცეკვავს. გავიდა წლები, თედომ ცხოვრების თანამგზავრი იპოვა, დაოჯახდა და ცოტა ხნის წინ მეორე ვაჟკაცის მამა გახდა. 

გთავაზობთ ჟურნალ „თბილისელებიდან“ თედოს ინტერვიუს:

„24 წლის ვიყავი, როცა დავოჯახდი. ანი რომ გავიცანი, მაშინ 16 წლის იყო და პირველივე ნახვისას მივხვდი, ეს ის ადამიანი იყო, ვის გვერდითაც მინდოდა ყოფნა. გაცნობის პირველივე დღიდან კარგი მეგობრები გავხდით, მერე, ნელ-ნელა ურთიერთობა გაღრმავდა, მეგობრული გრძნობა დიდ სიყვარულში გადაიზარდა და 18 წლის რომ გახდა, ოჯახი შევქმენით. მართალია, გაცნობიდან ორ წელში ვიქორწინეთ, მაგრამ მე ანის გაცნობიდან სამ-ოთხ თვეში უკვე მივხვდი, რომ მასთან მინდოდა მთელი დარჩენილი ცხოვრების გატარება. ენერგეტიკულად ერთმანეთისთვის შექმნილი ადამიანები ვართ. ჯვარიც დავიწერეთ და მოკრძალებული სუფრაც გვქონდა“, - ამბობს თედო ბექაური.

– თედო, რა შეცვალა ანის შემოსვლამ შენს ცხოვრებაში?

– ხომ იცით, სიყვარული როგორ მოქმედებს ადამიანზე? ცხოვრების სტიმული მომცა. ის არის ადამიანი, ვისაც ყველა საიდუმლოს ვანდობ და ვისთანაც შემიძლია, ყველა პრობლემაზე მშვიდად ვისაუბრო. ანიმ ძალიან გამიფერადა ცხოვრება, ყველა ფერი შემოიტანა, რა ფერებიც სამყაროშია.

– თედო, ვიცი, როცა ცოლი მოიყვანე, ხელმომჭირნედ ცხოვრობდი, ბინა არ გქონდა და არც სამსახური. ახლა როგორ ხარ?

– ცოლი რომ მოვიყვანე, არც ბინა მქონდა და არც სტაბილური შემოსავალი. ორბეთში, ჩემს სოფელში ვცხოვრობდით, რთულ პირობებში, განსაკუთრებით ცივ სეზონზე. მერე ჩამოვედით, ვიქირავეთ ბინა და მეც მუშაობა დავიწყე. მძიმე სამუშაო მქონდა, ელიავაზე გათბობის მაღაზიაში, მერე – მშენებლობაზე. ფიზიკურად ძალიან მიჭირდა, მაგრამ ძალიან ვცდილობდი, ოჯახისთვის არაფერი მომეკლო. ზაფხულის პერიოდში სოფელში ვიყავით, ზამთარში კი ჩემი მშობლები მეხმარებოდნენ. ძალიან გვიჭირდა, მაგრამ ერთმანეთის გვერდით დგომით გადავლახეთ ის პერიოდი. ახლაც ქირით ვართ. თბილისში ბინა ახლაც არ მაქვს და ვერც სამსახური ვიშოვე. მცხეთის დრამატულ თეატრში ვარ, მინიმალური, მაგრამ ხელფასი მაქვს, ჩემი საყვარელი საქმეა, მაგრამ კიდევ ვეძებ სამსახურს, მინდა, დამატებით ვიმუშაო. კი მინდა, სახლის ყიდვა, მაგრამ ჯერჯერობით ამის შესაძლებლობა არ მაქვს. თეთრი წყაროს რაიონში, სოფელ ორბეთში მაქვს მიწა, 2 500 კვადრატული მეტრი, რომლის გაყიდვაც მინდა და მერე ვიფიქრებ ყიდვაზე. ძალიან კარგი მიწის ნაკვეთია, თბილისთან ახლოს, ოცი წუთის სავალზე, საუცხოო ხედებითა და ადგილმდებარეობით. ვინც იყიდის და სახლს ააშენებს, ქალაქთან ახლოს სასწაული აგარაკი ექნება. არ გავყიდიდი, კი მენანება გაყიდვა, მაგრამ სხვა გზა არ მაქვს.

– პროექტ „ცეკვავენ ვარსკვლავების“ გამარჯვებული რომ გახდი, ბინა ხომ გაჩუქეს?

– „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ კი მოვიგე ბინა, მაგრამ ბაკურიანშია. იქ ვერ ვიცხოვრებ, თუმცა ძალიან საყვარელი ბინაა და სეზონურად ვაქირავებ.

– არ გიფიქრია, ის ბინა გაგეყიდა და თბილისში გეყიდა?

– არა! განა არ შემიძლია, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ გავყიდი. ეს სახლი მოგებულია, უბრალოდ ნაჩუქარი რომ იყოს, შეიძლებოდა გამეყიდა. ხალხმა, თავად მოიკლო და ესემესები მე მიგზავნა, მათი დახმარებით გავიმარჯვე, ბინა მოვიგე და ამას ვერანაირად ვერ გავყიდი. ჯვარი მეწეროს და რა უნდა გამიჭირდეს ისეთი, ხალხის გვერდით დგომით, მათი სიყვარულით ნაჩუქარი ბინა გავყიდო. ეს ბინა ჩემთვის შეუფასებელია.

– გულახდილად მიპასუხე, ბავშვობაში როგორი გეგონა ცხოვრება და რომ გაიზარდე, რას შეეჩეხე?

– ყოველთვის ვიცოდი, რომ ცხოვრება რთულია, მაგრამ არ არის რთული, თუ მას შენ თავად გაიმარტივებ. მე ცხოვრებას, პირველ რიგში, ჩემი თავი მიმარტივებს და მერე – ოჯახი. სანამ ოჯახს შევქმნიდი, საკმაოდ რთული პერიოდი გამოვიარე. მეგონა, ამ ცხოვრებაში აღარაფერი ხდებოდა საინტერესო. დეპრესია და ჩაკეტვა არ მქონია, მაგრამ სულ ქუჩაში ვიყავი და სწორედ ამ დროს შევხვდი ჩემს მეუღლეს, რომელიც დამეხმარა და ქუჩის ცხოვრებას ამარიდა. ამ ადამიანმა ჩემი ცხოვრება კალაპოტში ჩააყენა, სწორი მიმართულება დამანახვა და მომავლის იმედი მომცა. აღმოჩნდა ადამიანი, რომელიც ზუსტად მიხვდა, რა მჭირდებოდა, რომ არ დავღუპულიყავი და გზას არ ავცდენოდი. ადამიანისთვის ყველა წამი ბედნიერი უნდა იყოს. ჩემი გადმოსახედიდან, ერთი ჩასუნთქვა და ამოსუნთქვაც კი ბედნიერებაა. უბედური ადამიანი არ არსებობს, ყველა თავის თავს იუბედურებს. დღეს ჩემი ყოველი დილა სიხარულით თენდება. მიუხედავად ბევრი პრობლემისა, ბარიერებისა და წინაღობებისა, მადლობა ღმერთს, მაინც გამიმართლა, მაინც ბედნიერი ვარ, იღბლიანი ბიჭი. თქვენ ვერ წარმოიდგენთ, რამხელა ბედნიერებაა, როცა სახლიდან ქუჩაში გადიხარ და უცნობი, გაღიმებული ადამიანი გხვდება, რომელსაც უყვარხარ, გეფერება, წარმატებას გისურვებს.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

⭕„ზოგჯერ მეკითხებიან - „ლოცვები ჯობია წავიკითხო თუ ჩემი სიტყვებით ვილოცო?“... ამდენი წელია „მამაო ჩვენოში“ სიტყვა მამაოს ვამბობ, მაგრამ ეს ნიშნავს, რომ მე გავითავისე რასთან მაქვს საქმე?!“ - მამა თეოდორე გიგნაძე

⭕ფსიქოლოგები ასახელებენ 9 იშვიათ თვისებას, რაც ყველაზე მეტად იზიდავს მამაკაცს ქალში

⭕„ნათელი შენს სულს, ჩემო ძმაო!“ - ზურა ბერიკაშვილის გარდაცვალებიდან 40 დღე გავიდა

წყარო: tbiliselebi.ge