19 დეკემბერს სავსემთვარეობასთან ერთად სიყვარულისა და სილამაზის პლანეტა ვენერაც იცვლის მდგომარეობას. ის რეტროგრადული, ანუ უკან მავალი ხდება. ასტროლოგების მტკიცებით, ამ დროს ადამიანებთან ის ყოფილი ურთიერთობები განახლდება, რომელშიც რაღაც დასასრულებელია.
ასტროლოგი დავით ნიბლაძე ამ მოვლენასთან დაკავშირებით კონკრეტულ რჩევებს გაძლევთ და აღნიშნავს, რომ ახლა არის ყველაფრისგან გათავისუფლების და ახალი წლის ცარიელი ფურცლიდან დაწყების შანსი.
„19 დეკემბერს ორი ასტროლოგიური მოვლენა გვაქვს: სავსე მთვარე ტყუპებში და ვენერას რეტროგრადულ (უკუსვლით) ფაზაზე გადასვლა თხის რქაში.
სიმართლე გითხრათ, ბევრს ვფიქრობდი იმაზე, ეს ორი თემა ცალ-ცალკე დამეწერა თუ ერთიანად. ბოლოს გადავწყვიტე, ისე გამეერთიანებინა ეს ორი, როგორც ორივე მოვლენას აერთიანებს თხის რქა და სატურნი. ქვემოთ მოგიყვებით, რას ვგულისხმობ.
სავსე მთვარე ტყუპებშია, რომელსაც მერკური მართავს. ამ დროს კი, ისევე, როგორც ვენერა, მერკურიც თხის რქაში იმყოფება. ტყუპები გონებას, აზრებსა და იდეებს უკავშირდება. თხის რქა კი გასაოცარი კონცენტრირების უნარით გამოირჩევა. როდესაც სავსე მთვარე ტყუპებშია და როგორც სჩვევია, ერთდროულად არაერთ ემოციას ატრიალებს, მერკური თხის რქას გათვალისწინებით, ყველაზე ჯანსაღი მიდგომა სწორედ ფოკუსირება და კონკრეტულ საკითხებში სათითაოდ გარკვევა იქნება. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ თავისთავად ემოცია არ არსებობს ფიქრისა და აზრის გარეშე. ის სწორედ ფიქრისა და აზრის ნაყოფია.
ამ სავსე მთვარის მესიჯიც სწორედ ესაა: დაუკვირდი შენს შეგრძნებებსა და ემოციებს, შემდეგ კი დაუკავშირე ისინი ფიქრებსა და აზრებს. მაშინ, როდესაც სავსე მთვარე ბალანსის საჭიროებაზე მიგვანიშნებს და მომდევნო ორი კვირის განმავლობაში ზედმეტისგან გათავისუფლების შანსსაც გვაძლევს, მერკური თხის რქაში გვეხმარება, ქაოსიდან მშვიდად, თანმინდევრულად და მიზანმიმართულად გამოვიდეთ. რა უნდა გავაკეთოთ? მივიყვანოთ ყველა აზრი ბოლომდე, დავარქვათ ყველაფერს თავისი სახელი, მივუჩინოთ ყველაფერს თავისი ადგილი და იქამდე არ გავაჩეროთ ეს პროცესი, სანამ ქაოსს ბოლომდე არ დავალაგებთ, ეს ტენდენციები განსაკუთრებით ეხება სასიყვარულო კავშირებსა და პარტნიორულ ურთიერთობებს, ვინაიდან ამ თემებზე პასუხისმგებელი პლანეტა ვენერა 19 დეკემბრიდან 29 იანვრამდე რეტროგრადული იქნება.
ვენერა, რომელიც ყველაზე პრაქტიკულ, მიწიერ და ბუნებით მკაცრ სატურნს სტუმრობს, ნაკლებად ცდილობს, ვინმეს შეეწყოს, დათმოს ან დიპლომატიურად მოაგვაროს საკითხები. თხის რქაში ვენერა ზედმეტად პრაგმატული, ხანდახან უკარება და პირდაპირია. მისთვის მთავარია ის რეალობა, რასაც ხედავს, ეხება და გრძნობს. ვენერას უკუსვლის პერიოდში ყოფილების დაბრუნების ილუზია არ შეიქმნა. ეს თავისთავად არ მოხდება იმ შემთხვევების გარდა, თუ თქვენ შორის რაღაც არ დარჩა დაუსრულებელი. ამ დროს ჯობია, ცოტა ხანს გავჩერდეთ და საკუთარ თავს ვკითხოთ, რა გვინდა, ვინ გვინდა, როგორ გვინდა... ის, რასაც შენში არ ასრულებ, არც არსად დასრულდება. სატურნი ყოველთვის პირისპირ გვტოვებს პრობლემებთან და იმ რეალობასთან, რომელსაც ვერსად გავექცევით.
ვენერას რეტროგრადულობა დაახლოებით ხიდის როლს ასრულებს 2021 წელსა და 2022-ს შორის. მოგვიწევს, გადავხედოთ გასულ პერიოდს, შევაფასოთ მოვლენები და დროულადვე გავაკეთოთ პრაქტიკული დასკვნები. ყოფილი დაბრუნდება, მიმდინარე ურთიერთობას დავასრულებთ თუ ახალს დავიწყებთ, მთავარია, ყველა ნაბიჯი გააზრებული გვქონდეს. სატურნი არ არის პლანეტა, რომელიც ექსპერიმენტებისა და ემოციური დრამების მოყვარულია. მისთვის მთავარია ზომიერება, სიმყარე, პასუხისმგებლობის გრძნობა და შედეგები, რაც თავისთავად გულისხმობს ემოციების გარეშე, ჩვენით მიღებულ გადაწყვეტილებებს იმის შესახებ, რა და როგორ იყოს ხვალ ჩვენს ცხოვრებაში.
როდესაც თხის რქაში რეტრო ვენერაზე ვსაუბრობთ, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ამ ყველაფერს ფონად ჩვენთვის უკვე კარგად ნაცნობი სატურნისა და ურანის კვადრატი მოსდევს, რომელიც პიკს 24 დეკემბერს მიაღწევს. ეს ასპექტი არაერთხელ გვიხსენებია 2021-ში, რომ ძველსა და ახალს, შენარჩუნებასა და შეცვლას შორის დილემას ააქტიურებს. მინდა, ეს კავშირი კარგად აღქმადი იყოს.
რეტროგრადული ვენერა უკან გვაბრუნებს, შიგნით გვახედებს და შანსს გვაძლევს, კიდევ ერთხელ გადავხედოთ როგორც ჩვენს ღირებულებებს, ისე ურთიერთობებს.
ამ დროს თხის რქას მმართველი პლანეტა ზუსტ კვადრატს ქმნის ურანთან, რომელიც დიდი დოზით აპროვოცირებს ცვლილებებს და სიახლის საჭიროებას ურგენტულად აყენებს, ისე, თითქოს ეს ბოლო შანსია - ან მიიღო, დაალაგო და გამოასწორო ან პირიქით, მიეჩვიო და შეეგუო.
აქვე ისიც უნდა ვთქვათ, რომ ვენერა მისთვის უჩვეულო ხანგრძლივობით ქმნის ასპექტს პლუტონთან. პირველი ზუსტი შეერთება 11 დეკემბერს გვქონდა, მეორეს კი 25 დეკემბერს ველოდებით. პლუტონი თავისი სიღრმეებით, საიდუმლოებებისა და დაფარულის გამოაშკარავების უნარებით გამოირჩევა. პლანეტების ასეთი კომბინაცია ბევრი ურთიერთობისთვის იქნება გამოცდა. ახლა ნამდვილად არ ღირს არც საკუთარი თავის და არც ვინმეს მოტყუება.
მართალია, ერთი მხრივ, საკმაოდ კრიტიკული ენერგია იყრის თავს, მაგრამ მეორე მხრივ, ეს არის შანსი, წავშალოთ ძველი პროგრამები, გავთავისუფლდეთ, ვიყოთ გულწრფელები და ახალი წელი სუფთა ფურცლიდან დავიწყოთ.
როდესაც თარიღებს ვახსენებ, არ იფიქრო, რომ მხოლოდ ამ დროს გვაქვს შანსი ამ ყველაფრის გაკეთების. ამ პერიოდში თუნდაც ერთი განსხვავებული მიდგომა, თუნდაც ერთი ახალი ნათურის ანთება თავში უკვე წინ გადადგმული ნაბიჯია“, - წერს ასტროლოგი.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵„სავსემთვარეობა ენერგეტიკულად მძიმე დღეა - არ აჰყვეთ პროვოკაციებს“ - ცაგარელის რჩევა
🔵19 დეკემბრის ამინდის პროგნოზი საქართველოში
🔵„არ მჯერააა!!! ჯერ კიდევ შოკში ვარ“ - ალექსანდრე ზაზარაშვილი ამერიკული ნიჭიერის გამარჯვებულია