Digest Logo

როგორ უნდა მიხვდეთ თუ თქვენს შვილზე ძალადობენ - რჩევები მშობლებს

1624901520
არასრუ;წლოვანზე სექსუალური ძალადობა

პედოფილია, როგორც ზოგად საკაცობრიო პრობლემა, ბოლო პერიოდში საქართველოში განსაკუთრებული სიმწვავით დადგა. 

არაერთი გახმაურებული ფაქტის შემდეგ, ჩვენ დავინტერესდით, რა ტიპის დაავადებაა პედოფილია? ვინ არიან პედოფილები? შესაძლებელია თუ არა მათი განკურნება? რა სიმპტომებით გამოირჩევიან პედოფილიის მსხვერპლი ბავშვები და როგორ უნდა დავეხმაროთ მათ? - ამ კითხვებით ფსიქოთერაპევტ დავით ანდღულაძეს მივმართეთ.

პედოფილია და მისი გამომწვევი მიზეზები

პედოფილია არის ბავშვის მიმართ სექსუალური ლტოლვა განურჩევლად სქესისა და ასაკისა. სტატისტიკის მიხედვით, პედოფილები უფრო ხშირად მამაკაცები არიან, რაც შესაძლოა პატრიარქალურ საზოგადოებაში მამაკაცის დომინანტური სტატუსით აიხსნას. ჯერჯერობით, კულტურათა უმრავლესობაში, საშუალო სტატისტიკური მამაკაცი უფრო აქტიურია და უფრო მეტ უფლებებს აძლევს თავს, ვიდრე ქალი.

ფაქტებით დადასტურებულია, რომ ხშირ შემთხვევაში მოძალადეები ადრე თავად იყვნენ ძალადობის მსხვერპლები, ეს მონაცემები ვრცელდება სექსუალური ძალადობის შემთხვევაშიც. თუმცა ყოველმა მსხვერპლმა რომ იფიქროს, თვითონაც მოძალადედ ჩამოყალიბდება, ეს რა თქმა უნდა, არასწორია. ასევე მნიშვნელოვანია იმის გააზრება, რომ ადამიანს აქვს უნარი, გახდეს უკეთესი, შეიცვალოს. ასე რომ, თუ ვინმეს საკუთარ თავზე ძალადობის მომენტები გაახსენდება, არ უნდა შეშინდეს. შესაძლოა, იმ ადამიანთა უმრავლესობაშიც კი არ გამოვლინდეს მოძალადის თვისებები, რომელთაც ამისთვის გარკვეული წინაპირობები, ფარული მიდრეკილებები აქვთ, რადგან ამის დროული გაცნობიერება, მათ საშუალებას მისცემს, აკონტროლონ და მუდამ სოციალურად მისაღებ ჩარჩოებში დატოვონ თავიანთი ქცევა.

რა სიმპტომები ახასიათებთ პედოფილიის მსხვერპლებს

ნებისმიერი ძალადობა საყურადღებოა, ვინაიდან ის სერიოზულ ტრავმას იწვევს ადამიანში. მისი პრევენციისთვის, ბავშვი რაც შეიძლება თავისუფალი უნდა იყოს. მას უნდა ჰყავდეს ადამიანი, რომელსაც მომხდარ ფაქტს გაანდობს. ნდობა და თავისუფლება მნიშვნელოვანია, როგორც პედოფილიის პოტენციური მსხვერპლისთვის, ისე ნებისმიერი ძალადობის პრევენციისთვის.

მშობელი, რომელსაც კარგი ურთიერთობა აქვს შვილთან და სარგებლობს მისი ნდობით, როცა ის შვილს ეიმედება, ნებისმიერი მსგავსი უცნაური ქმედების შემთხვევაში იოლად გაანდობს მას თავის პრობლემასა და განსაცდელს. მაგრამ თუ მშობელსა და შვილს შორის ეს კავშირი არ არის და ბავშვს არ ჰყავს ადამიანი, მეგობარი, ვისაც ენდობა, მაშინ ის გულში ინახავს განცდებს და ცუდად არის.

პედოფილიის მსხვერპლობისთვის ცალსახად დამახასიათებელი შესაძლოა, იყოს ამ საკითხთან დაკავშირებით არასტანდარტული გამოვლინებები, არაბუნებრივი ინტერესი, შიში, ზედმეტი ჩაკეტილობა. ასევე მას ექნება გადამეტებული რეაქციები ინტიმური კადრების ხილვისას. რამაც, შესაძლოა, გარკვეული ეჭვი აღძრას კონკრეტულად პედოფილიის მსხვერპლთან მიმართებით.

ნებისმიერი ძალადობა საყურადღებოა და საერთო სიმპტომები აქვს: უმადობა, გონებაგაფანტულობა, შეეძლო სწავლა, მეცადინეობა, ყურადღებით მოსმენა და ძალადობის შემდეგ უკვე უჭირს, დაღონებულია, შეზღუდული აქვს ეს ყველაფერი, ამ სიმპტომების მატარებელი ბავშვი შესაძლოა იყოს ნებისმიერი სახის ძალადობის მსხვერპლი, მათ შორის სექსუალური ძალადობისაც.

პედოფილიის მსხვერპლები, ხშირ შემთხვევაში არიან ახლობლის, ნათესავის ან ძალიან ახლო მეგობრის შვილები. ამაზე მეტყველებს სტატისტიკა, კვლევები და ეს ლოგიკურადაც გასაგებია, რადგან ბავშვების უცხო ადამიანებთან ურთიერთობა, შეუდარებლად უფრო იშვიათია. ურთიერთობის რომელიმე ფორმის გარეშე კი პედოფილური ძალადობა არ არსებობს. აქვე გავიმეორებ, რომ ურთიერთობის ფორმებში იგულისხმება ვირტუალური ურთიერთობაც ინტერნეტის საშუალებით. როცა ბავშვებს და არასრულწლოვანებს ეკონტაქტებიან ზრდასრული პედოფილები, ისინი ახერხებენ ბავშვებში ნდობის მოპოვებას და თანდათანობით აქცევენ ბავშვებს მათი გავლენის ქვეშ, იყოლიებენ სხვადასხვა სექსუალურ თამაშებში, ცვლიან სიშიშვლის ამსახველ ფოტოებს და ა. შ.

რა ასაკიდან ვლინდება პედოფილია და შესაძლებელია თუ არა მისი განკურნება

ადამიანმა ნებისმიერ ასაკში შესაძლოა გამოავლინოს, პედოფილური გადახრა, შესაძლოა, პირმა 50 წლის ან უფრო გვიან ასაკშიც კი აღმოაჩინოს, რომ ბავშვების მიმართ სექსუალურ ლტოლვას განიცდის. არის შემთხვევები, როცა მამაკაცს ადრე ჰქონია სრულფასოვანი სექსუალური ცხოვრება, მაგრამ როცა რაღაც მიზეზით მოუწია ბავშვებთან ურთიერთობა, მაშინ აღმოაჩინა, რომ მათ მიმართ აქვს სექსუალური ლტოლვა.

როცა მამაკაცი არ არის აქტიური და მას სრულფასოვანი სექსუალურ ცხოვრება არ შეუძლია, ამ შემთხვევაში დამატებითი მოტივი ჩნდება იმისთვის, რომ შინაგანი ეს ლტოლვა გარკვეულწილად დაიკმაყოფილოს სექსუალური პარტნიორით, რომელშიც განიხილავს უკვე ბავშვს, რომელთანაც მას არ ევალება სრულყოფილი სექსუალური აქტის განხორციელება. რაც არ შეუძლია ქალთან, ის არ მოეთხოვება მის მსხვერპლთან, ანუ მოძალადე ბავშვთან ამ პასუხისმგებლობისგან და შინაგანი მოვალეობისგან თავისუფალია და რასაც აკეთებს, ბავშვისთვის ზედმეტია, პედოფილისთვის კი – საკმარისი. პედოფილები ბევრ საშუალებას მიმართავენ, რომ თავი არ გამოამჟღავნონ სხვადასხვა სახით მუქარით აიძულებენ ბავშვს, რომ მომხდარი არავისთან გაამჟღავნონ.

როცა ჩამოყალიბებულია ეს მიდრეკილება, ანუ უკვე მანიაკალური მდგომარეობაა, ასეთი ადამიანი რაც უფრო მალე მიმართავს სამკურნალოდ ფსიქოლოგს ან ფსიქიატრს, მით უფრო სასურველი იქნება შედეგი. ძნელი იქნება მისი გახსნა და აღიარება შემდგარი პედოფილური აქტების ფონზე, მაგრამ აღიარების და წვრილმანების მოყოლის მოვალეობა მკურნალობის კონტექსტში პაციენტს არ აქვს. ეს მისი მოქალაქეობრივი და ადამიანური შინაგანი ვალდებულებაა. ექიმთან კი შეუძლია თქვას, რომ უბრალოდ აქვს მიდრეკილება და ძლიერი ლტოლვა, ექიმი შეეცდება დაეხმაროს, დააძლევინოს ეს პრობლემა. ამ შემთხვევაში ეფექტურია და შესაბამისად რეკომენდებულია კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპია, რითაც შემცირდება და პერსპექტივაში გაქრება ობსესიური აზრები და კომპულსიური ქმედებები. თუ მდგომარეობის სიმძიმეში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს სექსუალური აქტივობის განმსაზღვრელი ჰორმონების დონის მომატებას, ამ შემთხვევაში ფარმაკოლოგიური საშუალებებით ცდილობენ ამ ჰორმონების დონის ნორმალიზებას ან დაქვეითებას. კიდევ არის ავერსიული თერაპიაც, ანუ დაბლოკვა, დაშინება, დასჯა, როგორც არის ალკოჰოლიზმის დროს, როცა ალკოჰოლს მიიღებს ადამიანი, ძალიან ცუდად გრძნობს თავს იმ პრეპარატის მოქმედების ფონზე, რომელიც წინასწარ მიღებული ჰქონდა და არა მარტო იცის, არამედ რეალურად ორგანიზმში არის პრეპარატი, რომელიც მძიმე რეაქციას იწვევს, ანალოგიური კეთდება აქაც აქ არა არის ქიმიაზე საუბარი, ვერანაირი ქიმიური საშუალება ვერ დასჯის ადამიანს სექსუალური ძალადობისგან. უბრალოდ, ფსიქოლოგიური დასჯაა ამ შემთხვევაში შთაგონებით, შესაბამისი ფსიქოთერაპიული ტექნიკებით ხდება მეტი სიცხადით აღქმა და წარმოდგენა იმ განცდების და შედეგების, რომელიც მოჰყვება პედოფილურ აქტს, რომელიც, ერთი მხრივ, სასიამოვნო და სასურველად მიაჩნია და წარმოუდგენია, მაგრამ იმავდროულად კატასტროფული, შემზარავი ქმედების და მისი შედეგის სიმძიმის აღქმა და განცდა სურვილს ამცირებს და თანდათანობით გაანეიტრალებს. ეს რთული, შრომატევადი პროცესია, მაგრამ არ ნიშნავს, რომ განუკურნებელია. როცა ადამიანი აცნობიერებს, რომ ეს არის პრობლემა აქვს მისგან განკურნების სურვილი და ერთვება შესაბამის მცდელობაში, მაშინ პედოფილია დაძლევადია. წარუმატებელი მკურნალობის, ანუ ყველაზე უარეს შემთხვევაში, გონიერი ადამიანი, რომელიც ნებით ბოროტმოქმედი და მოძალადე არ არის, შეძლებს ისეთ ადგილზე გადავიდეს საცხოვრებლად ან ისეთი პირობები შეიქმნას, სადაც ბავშვებთან არავითარი შეხება არ ექნება.

რჩევები მშობლებს

პირველ რიგში, მშობლებს უნდა დავეხმაროთ იმის აღქმაში, თუ რამდენად პრობლემურია და რამდენად მძიმეა შვილის განცდები, ამით უნდა გამოფხიზლდნენ ისინი.

მშობლებისთვის საერთო რჩევის მიცემა ძნელია, მაგრამ როცა შვილსა და მშობელს შორის არის ახლო კავშირი, ცდილობენ ერთმანეთს გაუგონ, არ არის მათ შორის დისტანცია, ამ შემთხვევაში ურთიერთობა იოლია. მთავარია, კავშირი იყოს ნორმალური და როცა კავშირი მეგობრულია, მშობელი თვითონ გრძნობს, რისთვის არის ბავშვი მზად, რაზე ესაუბროს, მისგანვე მომდინარე შეკითხვებით, მისგანვე წამოსული რეაქციებით, ეს ყველაფერი საშუალებას აძლევს მშობელს, თვითონ მიხვდეს, რა მიმართულება მისცეს ამ თემაზე საუბარს, რაზე აუხილოს დამატებით თვალი და ასე შემდეგ.

მეორე და მნიშვნელოვანი – ერთ შემთხვევაში, შესაძლოა, ბავშვს ვუთხრათ, რომ უფროსს მანქანაში არ ჩაუჯდე და მეორე შემთხვევაში დანანებით მოვყვეთ სხვაზე, მაგალითად არარსებული, მოგონილი ნაცნობის შვილზე რომ ის მანქანაში ჩასჯდომია ვიღაც უცხო ადამიანს, ამაზე გამოვთქვათ წუხილი. ეს არ ნიშნავს, რომ ამ კაცმა მოკლა ან გააუპატიურა ეს ბავშვი, მაგრამ მე რომ ეს ასე ვთქვი და ამ საკითხზე შევწუხდი, შიშით და დანანებით, ბავშვი უკვე ხვდება, რომ უცხოსთან მანქანაში ჩაჯდომა რაღაცით სარისკო, ცუდი, საშიში ყოფილა. და მაინც, უმთავრესად საყურადღებოა ბავშვთან სიახლოვე, ნდობა, მეგობრული ურთიერთობა ავტორიტეტის შენარჩუნებასთან ერთად. ბავშვზე ავტორიტარული, ზემწოლი მიდგომა ამცირებს მშობლის მხრიდან ბავშვზე ძალადობის საფრთხის აღქმის უნარს და ზრდის ძალადობის ალბათობას.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

7 შეცდომა, რომელიც ბავშვს რყვნის და ათამამებს - რჩევები მშობლებს

ბავშვებს, რომლებიც ეკრანთან 4 საათზე მეტს ატარებენ, სახსრების ტკივილი აწუხებთ - ექიმის რჩევები

„ბავშვი რაც უფრო უწესრიგოა და ყრის ნივთებს, შეიძლება მით უფრო ჯანმრთელი იყოს“ - მარინა კაჭარავა