„ეგ აქ ჩამომსვლელი არაა, ჩამოვა და დაიჭერენ“, „აწია, ბიჭო აწია, ჩვენი გოლიათია“, „21 წლისაა და რა ქნა, ლომია, ლომი“, „ეს მართლა წავიდა? მოხსნას შეზღუდვები და ისე წავიდეს“, „ნიჟარაძის შვილი სააკაშვილის გვარს ატარებს“, „სანდრას უღალატა და ამასთან გაიქცა“.... - ალბათ, დაახლოებით, შეგექმნათ წარმოდგენა თუ რის შესახებ მინდა გიამბოთ დღეს.
დიახ, ეს ის ფრაზებია, რომლებიც 2021 წლის შოკამბებს უკავშირდება.
1-ლი შოკამბავი: მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლა
2021 წელი, პირველ ოქტომბერი... ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე დარჩენილია 1 დღე. არავინ ელოდა მის გამოჩენას, მით უმეტეს სამშობლოში ჩამოსვლას და ვოიაჟს: ბათუმში ქუთაისსა და თბილისში.
სააკაშვილი, რომელმაც 2013 წელს დატოვა საქართველო, „ოცნების“ გამარჯვების შემდეგ, არაერთგზის აცხადებდა, რომ აპირებდა საქართველოში დაბრუნებას.
2021 წლის 1-ელ ოქტომბერს, დილას, ბათუმში გადაღებული ვიდეო გამოაქვეყნა ფეისბუკის გვერდზე. მმართველი პარტია კატეგორიულად უარყოფდა, რომ სააკაშვილი საქართველოში იყო, თუმცა იმავე დღეს დააკავეს.
სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში იმყოფებოდა, სადაც იგი შიმშილობის შემდეგ გადაიყვანეს. 50 დღე შიმშილობდა. ახლა ის რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფება.
მე-2 შოკამბავი: რეკორდსმენი ლაშა ტალახაძე
ლაშა ტალახაძემ სამი მსოფლიო რეკორდი დაამყარა და ტაშკენტში მიმდინარე ძალოსნობის მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა.
28 წლის ქართველი სპორტსმენი მსოფლიო ჩემპიონი მეხუთედ გახდა. გარდა ამისა, ლაშას ანგარიშზე ორი ოლიმპიური ოქრო და ხუთგზის ევროპის ჩემპიონობაა.
მე-3 შოკამბავი: ლაშა ბექაურის გამარჯვება
21 წლის ლაშა ბექაური -90 კილოგრამ წონით კატეგორიაში ოლიმპიური ჩემპიონია.
ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიადის ფინალში, -90 კგ წონით კატეგორიაში ძიუდოისტმა ლაშა ბექაურმა გერმანელ ედუარდ ტრიპელს დაუპირისპირდა და ფინალში ვაზარით დაამარცხა.
ის 2020 წლის ოლიმპიადაზე პირველი ქართველია, რომელმაც ოქროს მედალი მოიპოვა. მან საქართველოს მთავრობისგან 1 000 000 ლარი მიიღო.
მე-4 შოკამბავი: გიორგი გახარიას გადადგომა
18 თებერვალს, გიორგი გახარიამ პრემიერ-მინისტრის პოსტი დატოვა. თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ პოლიტიკიდან წავიდა, თუმცა ეს ასე არ ყოფილა. ექსპრემიერ-მინისტრმა ახალი პოლიტიკური პარტია ჩამოაყალიბა „საქართველოსთვის“ და ქვეყნის წარმატებისთვის ბრძოლა განაგრძო.
მე-5 შოკამბავი: სოფო ნიჟარაძის ჩამოსვლა შვილთან ერთად
2021 წელი 12 ოქტომბერი... მომღერალი სოფო ნიჟარაძე ამერიკიდან საქართველოში დაბრუნდა. ის სამშობლოში შვილთან, ელის მარიასთან ერთად ჩამოვიდა. ალბათ, ფიქრობთ, ეს რა შოკამბავიაო, მაგრამ მაცადეთ, ყველაფერი წინაა. შოკი ისაა, რომ ელის-მარია სააკაშვილია, ანუ თქვენი მამიდაშვილის ნათლულის მეზობლის მული შვილი რომ ამბობდა, ნიჟარაძეს სააკაშვილთან რომანი აქვს მართალი ყოფილა, რადგან ბავშვი სააკაშვილის გვარს ატარებს.
მე-6 შოკამბავი: ლიზა იასკოსა და მიხეილ სააკაშვილის რომანი
სიყვარულმა დრო და ასაკი ხომ არ იცის, ჰოდა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მოწმენდილ ცაზე მეხი გაისროლა და ფეისბუკ „ლაივში“ განაცხადა, რომ უკრაინის რადას დეპუტატ ლიზა იასკოსთან ერთად ცხოვრობს.
მათი თანაცხოვრების შესახებ, აშკარად არაფერი იცოდა საქართველოს ყოფილმა პირველმა ლედიმ სანდრა რულოვსმა. „მიშას და ლიზა იასკოს რომანის შესახებ ტელევიზიიდან შევიტყვე. ეს ნამდვილი შოკი იყო. 3-ჯერ ზედიზედ მოვისმინე და მაინც არ მჯეროდა“, - ამბობს რულოვსი.
ასევე დაგაინტერესებთ👇
🔵„მისთვის მონატრება უფრო ძლიერი აღმოჩნდა, ვიდრე რისკი“ - სანდრა რულოვსი მიხეილ სააკაშვილზე