ჭელის მეჩეთის იმამი, ჯამბულ აბულაძე ბათუმის ტრაგედიას სოციალურ ქსელში ეხმაურება და აცხადებს, რომ ტრაგედიის შედეგად დაღუპული ადამიანები სახელმწიფოს უნიათობისა და საზოგადოების გულგრილობის მსხვერპლნი არიან.
„ბათუმში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევა ნათელი მაგალითია ქვეყანაში არსებული განუკითხავი მდგომარეობისა.
ჩვენს საზოგადოებას ჩვევად აქვს - ურემი რომ გადაბრუნდება შემდეგ ვიშვიში, მანამდე კი სძინავთ ტკბილი ძილით.
ტრაგედიის დროს დაღუპული ადამიანები მსხვერპლნი არიან ერთი მხრივ სახელმწიფოს მხრივ უნიათობის, უპასუხისმგებლობის, მეორე მხრივ საზოგადოების გულგრილობისა, მომიტევეთ, მაგრამ ორივე მათგანის მხრიდან გამოთქმული „მწუხარება" ფარისევლურია და დაგვიანებულად მეჩვენება.
(მომხდარ ტრაგედიაზე მთავარი პასუხისმგებელი სახელმწიფოა. სადაა სახელმწიფო მაშინ როცა უკანონოდ, თვითნებურად ხდება ყოველდღე მიშენება, დაშენება ან სადაა ამ დროს საზოგადოება, რომელიც ხედავს ამ ყველაფერს და ჩუმადაა?!)
ასეთი ტრაგედიებიდან რაც მალე გავაკეთებთ ანალიზსს და რაც მალე გამოფხიზლდება ხელისუფალიც და ერიც, მით უკეთესი.
მწუხარებას გამოვთქვამ მსხვერპლად შეწირული ადამიანების დაღუპვის გამო, ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს“, - წერს ჯამბულ აბულაძე.
შეგახსენებთ, რომ 8 ოქტომბერს ქალაქ ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი ჩამოინგრა, რის შედეგადაც 9 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 3 არასრულწლოვანია. გარდაცვლილთაგან 4 ერთი ოჯახის წევრია - დედა, მისი 2 მცირეწლოვანი შვილი და ბავშვების ბიძა. შსს-მ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო, რომლის ფარგლებში 3 ადამიანი დააკავა. ერთ-ერთი არის პირი, რომლის ბინაშიც მიმდინარეობდა რემონტი, დანარჩენი ორი კი მის მიერ დაქირავებული ხელოსანია. წინასწარი ინფორმაციით, კორპუსის ჩამონგრევა, სწორედ ერთ-ერთ ბინაში მიმდინარე სარემონტო სამუშაოებმა გამოიწვია.
ასევე დაგაინტერესებთ👇
🔵ვინ არის პირი, რომელიც ბათუმში ჩამონგრეული კორპუსის პირველ სართულზე სარემონტო სამუშაოებს აწარმოებდა