მამა პეტრე კვარაცხელია სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს, სადაც ერთ-ერთი ოჯახის ტრაგედიის შესახებ წერს. როგორც მისი წერილიდან ირკვევა, შემთხვევა ახალგაზრდა გოგოს გათხოვების შემდეგ შეემთხვა.
„ოცდათხუთმეტ წლამდე იქნებოდა. ეგონა, რომ გათხოვდა, მაგრამ ქალიშვილი არ ხარო და პირველივე ღამეს ქმარმა სახლიდან გამოაგდო… ევედრებოდა, ასე ნუ მომექცევი, ჩემებს გული გაუსკდებათ, ვერ გადაიტანენ, ერთი კვირა შემიფარე, თუ ასე ვერ მიტან და მერე ჩემს გზას ვეწევიო…
კაცმა ქვა ააგდო თავი შეუშვირა, ასე ვერ მოვიქცევი, ადექი და სადაც გინდა იქ გადაეთრიეო…
ქალის ოჯახში კი უკვე მილოცვებს იღებდნენ, უხაროდათ, ძლივს ბედს ეწია, მთავარია ბედნიერი იყოს და გამრავლდესო…
მეორე დღეს სამწუხარო ამბავი შეატყობინეს, ქმარს ქალიშვილი არ ჩაბარდა, გააგდეს და არავინ იცის სად წავიდაო…
ნათესავებმა, ეს ჩვენს თავზე ლაფის დასხმაა, მაგას როგორ ვაპატიებთ, არასდროს გამოჩნდეს, ჯანდაბამდე წასულაო…
სხვა ქალაქში დასახლდა, ყველასგან მიტოვებული და უარყოფილი…. დედას ისე მოენატრებოდა, ქმრის საფლავზე გადიოდა და მოთქმას იწყებდა… სახლში მისი სახელის ხსენებაც, ტირილიც და საუბარიც ეკრძალებოდა…
წლების მერე დედას წერილი გამოუგზავნა, ცოცხალი ვარ, კარგად ვარ, თავს მიხედე, გულს ნუ გაიხეთქავო…
ჰო, ცოცხალი იყო, მაგრამ ოჯახის წევრების მონატრებას ვერ უძლებდა, ზოგჯერ მეზობლებთან დარეკავდა, ერთსა და იმავე ისტორიას ათასჯერ მოაყოლებდა… თუ მეზობლები მოახერხებდნენ და დედამისს სახლიდან გამოაპარებდნენ, მთელ სახლს ზლუქუნი და ცოცხლად დატირება ფარავდა…
წლები ასე, სამუდამო მისჯილ პატიმარს ჰგავდა…
თავიდანვე ითქვა, მშობლიურ ქალაქს ვერ იხილავსო და მორჩა…
აგვისტოს დასაწყისი იდგა, ამბავი შეგვატყობინეს, სამი დღე სამსახურში არ გამოჩენილა, ბოლოს თანამშრომლებმა კარი შეამტვრიეს და ლოგინში მკვდარი იპოვესო…
ექსპერტიზამ დაასკვნა, რომ გული გაუსკდა…
მთელი რაიონი გლოვობდა… მიცვალებული ბავშვობის სახლში დააბრუნეს…
დედის თხოვნით საქორწინო კაბით დაკრძალეს!..“, - წერს პეტრე კოლხი.
ასევე დაგაინტერესებთ👇
ზამთრის სასკოლო არდადეგები 18 დღე გაგრძელდება
„შეიძლება ამ თვის ბოლოს საქართველოში „ომიკრონის“ შემთხვევები გამოვლინდეს“ - ალექსანდრე გოგინავა