სამშენებლო კომპანია „ცენტრ პოინტის“ დამფუძნებელი და ბიზნესლედი მაია რჩეულიშვილი ყოველთვის იყო მედიის ყურადღების ცენტრში, თუმცა მის მიმართ ინტერესი 2019 წელს გაიზარდა, მაშინ როდესაც ათასობით ადამიანი ბინის გარეშე დატოვა.
როგორ იხსენებს ის ციხეში გატარებულ დღეებს? როგორ გადაიტანა მეუღლის სიკვდილი და რა სკანდალებშია გახვეული რჩეულიშვილი, ამის შესახებ „დაიჯესტი“ გიამბობთ:
ციხე
„ცენტრ პოინტის" საქმეზე, „მიონის" ეპიზოდზე ერთ-ერთი ბრალდებული, მაია რჩეულიშვილი თბილისის საქალაქო სასამართლომ 2019 წელს დამნაშავედ ცნო.
რჩეულიშვილს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილით წარედგინა, რაც თაღლითობას გულისხმობს.
თუმცა რამდენიმე დღის წინ ის, 5 წლიანი პატიმრობის შემდეგ, ციხიდან გაათავისუფლეს.
„ყველაზე მეტად მენატრებოდა ვახო... ვთვლი, რომ ვახოს სიკვდილი იყო ყველაზე დიდი პროტესტი, რომელიც გამოიხატა სიკვდილით და ეს მოჰყვა ჩვენს დაჭერას, ეს იყო ყველაზე დიდი ტკივილი, რაც ვახოს მივაყენეთ...
პირველად ციხეში რომ გავიღვიძე, შეგუების მომენტი არ მქონია. რომ გავიღვიძე, იქედან დავიწყე კამერის მოწყობა, რომ შემეცვალა გადამეადგილებინა ავეჯი, ჩემი ცხოვრების წესი არის მუშაობა. 5 წელი დღე და ღამე ციხეში ვიმუშავე.
ძალიან მტკივა გული, რომ ხალხს გული ვატკინეთ. იმდენად განვიცდი ამ ყველაფერს... რასაკვირველია, ყოველდღე ამ ხალხზე ვფიქრობდი...
აგრესიულები იყვნენ იმიტომ, რომ ძირითადი ინსტინქტი მოვუსპეთ. ქონება დაკარგეს და ვერ მიიღეს დიდი ხანი. ნებისმიერ ადამიანს, რომელსაც პრობლემა აქვს ქონებასთნ, ის ვერ გიტანს.
რუსო რომ შემოვიდა კამერაში, ტრაგიკული იყო... არავინ არ
მითხრა, რომ რუსოს იჭერდნენ. გულიკო ჩაფიძესთან ვიყავი კლინიკაში. კორონაროგრაფია უნდა გამეკეთებინა, გამიკეთეს დიაზეპამი. მშვიდად ვიყავი და რომ ვიკითხე, - რატომ მიკეთებთ-მეთქი? დღეს რუსოს იჭერენო... მოვიხსენი ყველაფერი, წავედი რომ რუსოს დავხვედროდი. საღამოს, რომ რუსო შემოიყვანეს, კინაღამ მოვკვდი. მაინც ძალიან დიდი ბედნიერება იყო, რომ ერთად ვიყავით. გაუცოხებულები ვიყავით ერთმანეთთან, ეს გაუცხოვება გაქრა და გალღვა ციხეში.
ყველაზე მეტად გუკას ვდარდობდი. ოჯახი ძალიან დაზიანდა ჩვენი დაჭერით, მაგრამ გუკა დამხვდა ისე, როგორც ვოცნებობდი რომ დამხვედროდა.
ალბათ, ასეც უნდა ყოფილიყო. ისევ შეიკრა ოჯახი. დებმა ერთამანეთი ვიპოვეთ. ეს ხომ გარეთ არ მოხდებოდა", - ამბობს მაია რჩეულიშვილი ციხიდან გამოსვლის შემდეგ მედიასთან.
გარდაცვლილი ქმარი
ციხეში ყოფნისას მაია რჩეულიშვილის ქმარი, ვახტანგ რჩეულიშვილი, 63 წლის ასაკში, მძიმე ავადმყოფობის შედეგად, გარდაიცვალა.
ამ დროს მაია ციხეში იმყოფებოდა, თუმცა მას მისცეს უფლება ქმრის დაკრძალვას დასწრებოდა.
სასამართლომ მაია რჩეულიშვილს 250 ათასი ლარის ღირებულების ქონება ჩამოართვა.
სასამართლომ მაია რჩეულიშვილს 250 ათასი ლარის ღირებულების ქონება ჩამოართვა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე მიიღო. საქმე ეხებოდა "ცენტრ პოინტზე" მიმდინარე პირველ საქმეს, რომელზეც ბრალდებულები მაია რჩეულიშვილი, რუსუდან კერვალიშვილი, და კომპანია "დექსუსის" ერთ-ერთი ხელმძღვანელი პირი ივანე ცაგურია იყვნენ. აღნიშნულ ეპიზოდზე მაია რჩეულიშვილს გირაოს სახით 250 000 ლარის ჰქონდა შეფარდებული. პროკურატურამ კი დააყენა შუამდგომლობა, რომ ის ქონება, რომლითაც გირაო იყო უზრუნველყოფილი, მიმართულიყო სახელმწიფო ბიუჯეტში, რადგან ბრალდებული შეფარდებული გირაოს პირობებშიც კი აგრძელებდა მენაშენეთა კუთვნილი თანხების მითვისებას, რის გამოც მაია რჩეულიშვილს ახალი ბრალი წაუყენეს.
დაცვის მხარე პროკურატურის შუამდგომლობას აბსურდულს უწოდებდა და მოითხოვდა, რომ სასამართლოს არ დაეკმაყოფილებინა სახელმწიფო ბრალდების მოთხოვნა, თუმცა მოსამართლემ გაიზიარა პროკურატურის არგუმენტები და მაია რჩეულიშვილს ის ქონება ჩამოერთვა, რომლითაც 250 000-ლარიანი გირაო იყო უზრუნველყოფილი.
უსახლკაროდ დარჩენილი რჩეულიშვილი.
2012 წელს „თბილისელებთან“ მიცემულ ინტერვიუში რჩეულიშვილი ამბობდა, რომ უსახლკაროდ დარჩა.
„რაპორტი რომ მომივა, ვზივარ და ვმუშაობ, დეტალურად ვათვალიერებ და ვფიქრობ, როგორ შეიძლება ახლა გადავარჩინო „რჩეული” – ეს ულამაზესი სასტუმროების ქსელი, რომელიც ასევე გაკოტრების პირასაა. ამდენი ნერვიულობის გამო, საბოლოო ჯამში, დამჭირდა კორონოგრაფია. აღმოჩნდა, რომ მიკროინფარქტის კერები მაქვს გულში. ძალიან კარგი ჭკუის სასწავლებელია ჩემთვის, დიდი გაკვეთილი იყო. ეს იყო საფუძველი იმისა, რომ, პრაქტიკულად, სიკვდილის გზაზე დავმდგარიყავი. თქვენ კარგად იცით, იყო პროექტები, რომლებშიც ვიყავით ჩართულები: ბინები გვაქვს გაჩუქებული. ფოთში ჩემი ხელით დავამთავრე სასტუმრო, რომელიც სახელმწიფოსგან შევიძინე აუქციონის წესით, გამოვიდა რაღაც საოცრება. ჩემი სახლიდან წავიღე ავეჯი და, სასტუმრო, რომელიც არც კი ვიცი, რამდენი დამიჯდა, 140 ათას დოლარად გაყიდეს. ამის უფლებას რომ აძლევ ადამიანს, რა ბიზნესმენი ხარ?! 140 ათასი დოლარი თბილისში სამოთახიანი ბინაა. როგორც წესი, ყველა იმ კორპუსში, რომელსაც ვაშენებდი, ერთ ბინას ვიტოვებდი. ეს იმის მაჩვენებელი იყო, რომ, ისე კარგად ვაშენებ, რომ მე იქ ვიტოვებ ბინას. ჩათვალეთ, რომ ყველაფერი გადავეცი „დექსუსს”, აღარაფერი გამაჩნია. დამრჩა მარტო არმაზის სახლი, რომელიც არის დედაჩემის. პრაქტიკულად, ცხოვრებას თავიდან ვიწყებთ. ყველაფერში შევიზღუდეთ.“
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵რატომ არ გაეცნო ლიკა ქავჟარაძე ალენ დელონს - აქამდე უცნობი ისტორია