10 წელია, რაც კომპოზიტორი ალექსანდრე ბასილაია ამქვეყნად აღარ არის, ქალბატონი ლუიზა კი მის არყოფნას დღემდე ვერ შეეჩვია. ამბობს, რომ სიზმარში ხშირად ხედავს. მასთან ერთად გატარებული საღამოები ენატრება. ამბობს, რომ დარდს დრო არ უმსუბუქებს, დრომ უბრალოდ ტკივილთან ერთად ცხოვრებას ასწავლის.
გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან, რომელიც ჟურნალში „სარკე“ გამოქვეყნდა:
– ქალბატონო ლუიზა, ამ საყოველთაო პანდემიის დროს ადამიანები სახლებში გამოიკეტნენ და ხშირ შემთხვევაში შვილებიც და მშობლებიც ვერ ნახულობდნენ ერთმანეთს. როგორ გაატარეთ ეს პერიოდი?
– ჩემთვის დიდად არაფერი შეცვლილა, რადგან ამ ვირუსამდეც სახლში ვიჯექი. ბუთხუზის გარდაცვალების შემდეგ გართობის და სეირნობის სურვილი დამეკარგა. ჩემთვის სამყარო საერთოდ შეიცვალა და გაუფერულდა.
იმდენი წელი გავატარეთ ერთად ძალიან საინტერესო ცხოვრებით, ერთ მთლიანობად ვიქეცით. ჩვენი ცალ-ცალკე ყოფნა წარმოუდგენელი იყო, მაგრამ განგებამ ინება, რომ ის უფრო ადრე გამგზავრებულიყო ამქვეყნიდან.
მე კი დღემდე ვერ შევეგუე. არ მჯერა, მგონია, რომ აქ არის. სულ ვეძებ. ხშირად ვნახულობ სიზმარში, მაგრამ უბრად, შუბლშეკრული მიყურებს და მერე უჩინარდება. არ ვიცი, რა აწუხებს, რატომ არ მელაპარაკება. მაინც ბედნიერი ვარ, რომ სიზმრად მოდის.
ძნელია, საყვარელი ადამიანის გარდაცვალების შემდეგ ცხოვრება გააგრძელო. ეს მწუხარება ჩემმა ოჯახმა, შვილმა, შვილიშვილებმა, შვილთაშვილებმა შემიმსუბუქეს სითბოთი, სიყვარულით, მოფერებით.
რა თქმა უნდა, ბედნიერი ვარ, მათ რომ ვუყურებ, მაგრამ გული ძალიან მტკივა, რადგან ბუთხუზი ვერ ხედავს, როგორ იზრდებიან, მათი წარმატებით ვერ ხარობს. რამდენი რამ მოხდა ჩვენს ცხოვრებაში მის გარეშე. ის იყო მთავარი, ყველაფერი იცოდა, ყველაზე ზრუნავდა, ყველა უყვარდა და არამარტო ადამიანები, არამედ ყველა სულიერი.
ერთხელ სახლში თეთრი კატა მოიყვანა, ყავისფერი ლაქებით. კუზია დაარქვა. სულ ეფერებოდა. კატაც მიეჩვია. სამსახურიდან მოსულს კართან ხვდებოდა, მუხლებზე უჯდებოდა და მასთან ეძინა. მისი გარდაცვალების შემდეგ კატამ მოიწყინა, საჭმელს არ ჭამდა, გახდა, უეცრად დაბერდა და დაჩაჩანაკდა. მისი საწოლის ქვემოდან არ გამოდიოდა და იქვე მოკვდა.
– ბატონმა ალექსანდრემ დიდი მუსიკალური მემკვიდრეობა დატოვა. თუ არის დაცული საავტორო უფლებები? თქვენ თუ გერიცხებათ თანხა შესრულებული ნაწარმოებებიდან?
– ნამდვილად დიდი მემკვიდრეობაა – მიუზიკლები, სიმღერები. საავტორო უფლებები დაცულია და სააგენტოც კვარტალში ერთხელ გარკვეულ თანხას მირიცხავს. ბევრი არ არის, მაგრამ ჩვენს ქვეყანაში ესეც რომ არსებობს, უკვე კარგია.
საერთოდ ძალიან მიხარია, როცა ბუთხუზის სიმღერების ვისმენ. შარშან და შარშანწინ „ბლექ სი არენაზე” გაიმართა „ჩხიკვთა ქორწილის“ წარმოდგენები ახალგაზრდების მონაწილეობით. დავესწარი, ძალიან მომეწონა და ბედნიერი ვიყავი, რომ ამ მიუზიკლმა ახალი სიცოცხლე შეიძინა. მსმენელსაც ზუსტად ის ემოცია ჰქონდა, რაც სულ პირველი წარმოდგენისას, როცა ჩვენ ვიდექით სცენაზე.
– ანსამბლ „ივერიას“ უამრავი საგასტროლო ტურნე ჰქონდა. რომელი ქვეყანა იყო განსაკუთრებულად დასამახსოვრებელი თქვენთვის?
– ყველგან დიდი წარმატება გვქონდა. ახალგაზრდები ვიყავით და ნებისმიერ ქვეყანაში ჩასვლა გვიხაროდა. მოგზაურობას ახალი შთაბეჭდილებები, ემოციები ახლავს.
დამღლელიც იყო. კონცერტს ერთ ქალაქში დავამთავრებდით და მაშინვე მეორე ქალაქისკენ მივემართებოდით. მგზავრობა ძირითადად ღამე გვიწევდა. მძღოლები საშინელი სისწრაფით დადიოდნენ. ქალებს გვეშინოდა. დასვენებას ვერ ვასწრებდით და მეორე კონცერტი იმართებოდა.
იტალია ძალიან მიყვარდა. იტალიელები ხალისიანი ხალხია, ხმაურიანი, ზედმიწევნით მუსიკალურები. მათი ტაში და ოვაცია ორმაგად სასიხარულო იყო ჩვენთვის.
– ალბათ ხშირი ურთიერთობა გაქვთ ანსამბლის წევრებთან, თქვენ ხომ 30-40 წელი გაატარეთ ერთად.
– დღეს ისეთი დროა, ყველას თავისი ცხოვრება და თავისი პრობლემა აქვს. დროც თითქოს აჩქარდა და ადამიანი ვეღარაფერს ასწრებს. ბუთხუზის გარდაცვალების შემდეგ ძირითადად სახლში ვზივარ და მხოლოდ სატელეფონო მოკითხვები მაქვს. ყველაზე ხშირი ურთიერთობა ნუგზარ კვაშალთან და მის ოჯახთან მაქვს.
წლებმა ბევრი რამ წაიღო თან, მათ შორის – ურთიერთობები, როგორც ჩვენს ცნობილ დუეტში ვმღეროდით – „მერე ყველაფერი ნელდება, ქრება, იფერფლება ღადარი, მერე არაფერი არ არის…“. ერთადერთი, რაც მარადიულია, ეს არის ოჯახი და სიყვარული.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
დედამთილი ჩემთვის ასოცირდება სითბოსთან, სიყვარულთან, სიკეთესთან - თამრიკო ჭოხონელიძის რძალი
ვერიკო ანჯაფარიძის სასიყვარულო სამკუთხედი და ფარდის მიღმა დარჩენილი ამბები
როგორ იქორწინა ცოლისგან ფარულად ვახო სანაიამ და ვინ არიან მისი ყოფილი ცოლები
საინტერესო ამბები:
რას წერდნენ ახალ წელზე ქართველი მწერლები
აკრძალული ნაძვის ხე და გაუქმებული ახალი წელი - როგორ წაართვეს დღესასწაული ბოლშევიკებმა წინა თაობებს