Digest Logo

„ფეხი ხომ ავაწევინე მანამდე, ყველაფერი გავუხსენი და ახლა უცნაურ მოძრაობებს ვაკეთებ...“ - რა შეემთხვა ზურა კახაბრიშვილს თვითმფრინავში

1645685326
ბექაური

საქართველოს ოლიმპიური ნაკრების მთავარი ექიმი – ზურა კახაბრიშვილი, ფაქტობრივად, თვითმფრინავში ცხოვრობს და საკუთარ პროფესიას მარტო სპორტსმენებთან კი არა, ყველასთან იყენებს, ვისაც დახმარება სჭირდება. ისტორიები, რომელიც მას ფრენისას გადახდენია, ნამდვილად არ მოგცემთ მოწყენის საშუალებას და თან მისი პიროვნული თვისებების შესახებაც გიამბობთ.

ზურა კახაბრიშვილი: არ არსებობს, რეისმა ისე ჩაიაროს, რომ ვიღაც ცუდად არ გახდეს. ერთხელ ექიმების ძალიან დიდი დელეგაცია მოვფრინავდით, მაგრამ ექიმი გვჭირდებაო, რომ გამოაცხადეს, მიუხედავად იმისა, რომ იქ ჩემზე ცნობილი უცხოელი ექიმები იყვნენ, არავინ გაინძრა. რა მექნა, შემეცოდა ადამიანი, წამოვხტი და დავეხმარე. მერე სხვებს ვკითხე, რატომ არ მიეხმარეთ-მეთქი და ჩვენ კაბინეტში ვმუშაობთ და ეს არ არის ჩვენი ვალდებულებაო. მე ასე მოქცევა არ შემიძლია და ეს უკვე იციან ავიაკომპანიებმა. ამიტომ, ასეთი შემთხვევების შემდეგ ზოგმა ოქროს ბარათი მაჩუქა, ზოგმა – ვერცხლის და გარკვეული ბონუსებით დამასაჩუქრეს. იმდენჯერ დავხმარებივარ ფრენის დროს ადამიანებს, ვერც ჩამოვთვლი. უფრო ხშირად ნასვამ ადამიანებს ექმნებათ ხოლმე პრობლემა და ასეთ მდგომარეობაში ადამიანს რომ ვხედავ, უკვე ვხვდები, რომ აფრენისას რაღაც უნდა მოხდეს.

– სხვისი დახმარება რომ მოგინდომებიათ, შარს არ გადაჰყრიხართ?

– პირიქით, ყოველთვის მადლიერები არიან ხოლმე. მახსოვს, კორეიდან მოვფრინავდით. სტიუარდესასთან კამათი მომივიდა და მასზე ძალიან არაექიმური შთაბეჭდილება დავტოვე და ჩემზე გაბრაზებული იყო. ამ დროს ვარლამ ლიპარტელიანი მეუბნება, პილოტთან რაღაც ხდებაო. ავდექი, მინდა, კაბინაში შევიდე, მაგრამ ამ სტიუარდესას ვერ ვაჯერებ, რომ ექიმი ვარ. ბოლოს საბუთები ვაჩვენე და შემიშვეს. პილოტს, რომელიც თვითმფრინავს მართავდა, ყბა ამოუვარდა. ლიპარტელიანი მორბის სამედიცინო ჩანთით, მე ვამბობ, ეს ჩემი ასისტენტია-მეთქი. თან, დიდი „ბოინგია“ და პილოტის კაბინიდან ვარსკვლავებით მოჭედილი ცის ნახვა გვინდა (იცინის).

ღმერთს ვეხვეწები, ოღონდ ახლა ეს ყბა ჩამასმევინე-მეთქი. ჩავსვი, ავუკარი ყბა, როგორც შესაძლებელი იყო და კაცი ჭკუაზე არ არის, მეუბნება, მითხარი, რა გინდა, პატივი როგორ გცეო?! მე ვუთხარი, რა ვიცი, სიგარეტის მოწევა მინდა-მეთქი (იცინის). სიგარეტის მოწევის ნებაც მომცეს და სტიუარდესამ, აუცილებლად გაგიმასპინძლდებითო.

ასეც მოიქცა და მოდის და მოდის პურმარილი, მაგრამ რად გინდა, ჩემამდე არ აღწევს. ჩემ წინ მძიმეწონიანი ადამ ოქრუაშვილი ზის და ყველაფერი იქ რჩება (იცინის). გადის ცოტა ხანი და სტიუარდესა მორბის ყვირილით, ჩქარა, დაგვეხმარეთ, ახლა სხვა თვითმფრინავში არის პრობლემა და სამწუხაროდ, ექიმი არ ჰყავთო. თურმე, ვიღაც დაეცა, თავი დაარტყა და გული წაუვიდა. მაშინ პირველად ვნახე ის „შავი ყუთი“, თურმე ყველაფერი იწერება. მე აქედან ვეკითხები, როგორ არის, ვკარნახობ, რა გაუკეთონ, რა დაალევინონ და გადარჩა ის კაცი. იქიდან ტაში მესმის, აქ ტაშს უკრავენ და პილოტი მეუბნება, შენ გენაცვალე, რა გავაკეთო შენთვის, რა გინდაო. არაფერი არ მინდა-მეთქი. მხოლოდ და მხოლოდ მე და ლიპარტელიანმა ვიკატავეთ კარგად, ავტოპილოტი ჩართეს და თვითმფრინავს, ფაქტობრივად, ჩვენ ვმართავდით (იცინის). მერე საჩუქარი გაგვიკეთა, ბიზნესკლასში მოგვცა ადგილები, მაგრამ შევედი და ყველა ადგილი დაკავებულია. თურმე ბიჭებმა „გამიჩალიჩეს“ – ისარგებლეს იმით, რომ მე დამაგვიანდა და დაიკავეს. არადა, მათ ეგონათ, რომ ბიზნესკლასში მე ვიჯექი (იცინის).

რიოს ოლიმპიადიდან მოვფრინავდით. ერთი მოხუცი მგზავრი, რომელსაც სტენდირება ჰქონდა გაკეთებული, ცუდად გახდა. მის გვერდით იჯდა ადამიანი, რომელსაც ძალიან ეშინია ფრენის, განსაკუთრებით კი, ტურბულენტური ზონის. მოვარდნენ ჩემთან: ზურა, ჩქარა, დახმარება არის საჭიროო. მე და ტალახაძე ვიჯექით ერთად. ლაშა ადგა, მოგეხმარებიო და მივედით ამ კაცთან. მივედით და ეს კაცი რომ დავინახე, მივხვდი, რომ მართლა იმ ქვეყნისკენ მიდიოდა. გული გაჩერდა, პულსი არ აქვს, ჟანგბადს ვითხოვ, სტიუარდესებს ვკარნახობ, რა გააკეთონ. ვინც გვერდზე ზის, ვეუბნები, ჩქარა ადექი, დამეხმარე, მგონი, მოკვდა-მეთქი. მოკვდაო, რომ გაიგონა, მოხმარების ნაცვლად მეორე მხარეს გადავარდა (იცინის). ვდგავარ და ვფიქრობ, პირველად რომელს მივეხმარო. ბოლოს და ბოლოს ორივე გადავარჩინე.

– ე.ი, თქვენ თუ თვითმფრინავში ხართ, მგზავრები მშვიდად უნდა იყვნენ.

– ყველგან მადლობებს მიხდიან და აღარ იციან, როგორ დამასაჩუქრონ. მით უმეტეს, სპორტსმენებთან ერთად რომ მოვფრინავთ, მგზავრებსაც ძალიან უხარიათ, ფოტოებს იღებენ, გვილოცავენ და ერთი სიხარული არის ხოლმე. მაგრამ ერთ-ერთ ავიაკომპანიაში ისე მოიქცნენ, რომ მას შემდეგ მათი თვითმფრინავით აღარ ვმგზავრობ. ქალი გახდა ცუდად. ძალიან ბევრი ეცვა, ალბათ მუსლიმანური ტრადიციების მიხედვით. ჰიჯაბი ჩამოფარებული, მთლიანად შეფუთული. ვეღარ სუნთქავს ადამიანი, იხრჩობა. გავუხსენი ყველაფერი, ლიფი, შარვალი, წყალი მოვითხოვე, მომიტანეს, ყინული მოვითხოვე, მომიტანეს. ბოლოს და ბოლოს გადავარჩინე ეს ქალი და ისმის ტაში. მოდის სტიუარდესა და მეუბნება, წყლის ფული გადაიხადეთ, ჩვენთან წყალი ფასიანიაო. იმის შემდეგ დავამთავრე იმ ავიაკომპანიასთან ურთიერთობა. ძალიან სერიოზული კამათი მოგვივიდა. რა ვქნათ, თქვენი მოვალეობააო. მე არავინ მავალდებულებდა მის დახმარებას, იქ სხვა ექიმებიც იყვნენ, მაგრამ იმ ქალთან არავინ მისულა. მე, უბრალოდ, გულმა არ მომითმინა. ესენი კიდევ წყალზე მელაპარაკებიან. გავგიჟდი, ორი ბოთლი წყალი რა არის, მაქსიმუმ, სამი დოლარი, მაგრამ ფულის გამო კი არ გადავირიე, რა არაადამიანური კანონები გაქვთ-მეთქი. ასეც ხდება. მაგრამ გულთან არ მიმაქვს.

– სულ ჰაერში ყოფნას და ასეთ რეჟიმს როგორ უძლებთ?

– იაპონიაში რომ ერთ დღეში სამჯერ გადაფრინდები და გადმოფრინდები და მერე რიოში ჩახვალ, როგორ იქნები?! ორი-სამი თვე თვალებგახელილს მეძინა, ორგანიზმი ვერ მიხვდა, სად იყო, რა მოხდა... ტვინში ჩამრჩა, რომ მობილიზებული უნდა ვყოფილიყავი და ასე მობილიზებულს მეძინა თვალებგახელილს (იცინის). ამას ახლა ვყვები, თორემ იმ მომენტებში დაღლასა და გამოუძინებლობაზე ფიქრისა და წუწუნის დრო არ არის, შეიძლება, ჭამაც დაგავიწყდეს. სხვა გზა არ გაქვს, მთავარია, საკუთარი საქმე ბოლომდე გააკეთო და ყველაფერმა კარგად ჩაიაროს.

ერთხელ, რიოდან მოვფრინავდით, გავიხედე, მონღოლები სხედან - დედა, დედამთილი და ბავშვი პარიზში მოფრინავენ. ატეხა ბავშვმა ტირილი, ააწიოკა თვითმფრინავი. არავინ აქცევს ყურადღებას, არადა ყველას გვეძინება. მაშინ გამახსენდა, რომ სანამ სპორტში გადავიდოდი, პედიატრი ვიყავი, (იცინის). მივედი და ბავშვის დედას ვეუბნები, მე ვიცი რა სჭირს ამ ბავშვს-მეთქი. 8-9 თვის ბავშვი იქნებოდა. მივიკარი ეს ბავშვი მუცელზე, ვატყობ, რომ გაზები აწუხებს, მეტეორიზმი აქვს და დავუწყე მუცელზე მოფერება. იცლება ეს ბავშვი გაზებისგან და ჩუმდება. ჩუმდება და ირგვლივ სიწყნარეა. დაიძინა, ყველამ, ამ ბავშვმაც, თვითმფრინავმაც, მისმა მშობლებმაც და დავრჩი მარტო მე ფხიზელი ასე ბავშვით ხელში (იცინის).

ჩინეთში მივფრინავდი, ჭამა ვერ მოვასწარი, თან, წასვლის წინ. ფეხბურთი ვითამაშე და ფეხი დავიზიანე. მტკიოდა და თვითმფრინავში ვითხოვე, ისე დამსვით-ფეხი რომ გავშალო-მეთქი. არ არის პრობლემაო, მიპასუხეს. თან ახლა პროფესორი ვარ, აკადემიკოსი, საბუთები მიდევს ჯიბეში. რუსეთით მივფრინავდით და იქ ასეთები ჭრის, მაგრამ ისე მაცვია, რომ საერთოდ არ ვგავარ პროფესორს. დამსვეს ცუდ ადგილას, ვერ ვისვენებ. მოდის ლარისა არა, მაგრამ ლუდმილა ივანოვნა და ვეუბნები, კარგ ადგილს შემპირდნენ, მაგრამ ოთხ კაცს შორის ვზივარ და იქნებ შემიცვალოთ-მეთქი. არა, სხვა ადგილი არ არისო, მპასუხობს. მაშინ კვების დროს თქვენთან, სტიუარდესებთან ერთად დავჯდები-მეთქი, თან უკვე მაგრად მშია და ჩემთვის ვფიქრობ, რაღაცას მაინც შევჭამ-მეთქი. ხომ ისედაც არ მეტყობა, რომ პროფესორი ვარ, მაგრამ ეს ქალი ისეთი „სწერვა“ აღმოჩნდა და ისე გადამიწურა ყველანაირი იმედი, რომ მეც გამოვედი წყობიდან, გავბრაზდი, წავედი და ბოლოში დავდექი.

შორიდან ვუყურებ, როგორ ისმუსნებიან, მერე ალკოჰოლზე გადავიდნენ. ლუდმილა გამომხედავს, მე გაბრაზებული შევხვედავ, მაგრამ რა ხეირი, ვარ მშიერი. უცებ მესმის, ჩქარა ექიმი გვჭირდებაო. გავიხედე, ვხედავ ქალი, საპირფარეშოსთან მივიდა, დაეცა, ადგა, ისევ დაეცა და გაშავდა. ალბათ, რომ დალია, გულისრევა დაეწყო და ტუალეტში შესვლა ვერ მოასწრო, თავის შეკავებისას კი ცუდად გახდა. უცებ მივირბინე მასთან, ფეხი ავუწიე, ქამარი მოვხსენი, შარვალი ცოტა ჩავუწიე, ლიფი გავუხსენი. ქალი გაითიშა, მოკვდა და ხელოვნური სუნთქვა სჭირდება. ფეხი ხომ ავაწევინე მანამდე, ყველაფერი გავუხსენი და ახლა უცნაურ მოძრაობებს ვაკეთებ. მოდის ლუდმილა და მეძახის გამწარებული: შე ნეკროფილო, ანუ მკვდრებთან სექსუალური რაღაც მაქვს რა (იცინის). ამას ყველაფერს კაპიტანი უყურებს კამერებიდან, მე ყველაფერს სწორად ვაკეთებ, მაგრამ ცოტა ისეთი სანახავია, მართლა აღვირახსნილობა გეგონება (იცინის).

ბოლოს და ბოლოს ამ ქალმა ამოისუნთქა, გადავარჩინე. მოდის პილოტი, ახლა რა სჭირდებაო, მეკითხება. მე ხომ მაგრა მშია და ფეხის გაშლა მინდა, ვეუბნები, ამას ახლა უნდა მოსვენება-მეთქი. მეხვევა ეს ქალი, ჩემი სიცოცხლე ხარ, ჩემი გადამრჩენელიო. დაწოლა უნდა, რომ მოისვენოს, ყურადღება სჭირდება და კვება-მეთქი. ბიზნესკლასში არის ორი ადგილი და იქ დაჯექითო, გვეუბნება, მაგრამ ეს ქალი თავს იგიჟებს, არა არ მინდა ჭამა, არ მშიაო.

გავგიჟდი, შენ არ გინდა, მე მინდა-მეთქი (იცინის). მოკლედ, დავსვი ეს ქალი, ვაქცევ ყურადღებას, მოაქვთ და მოაქვთ საჭმელი, ორი სტეიკი მოგვიტანეს, კატლეტები... მინდა, ბარბარამ (მისი სახელი არ ვიცოდი, ასე მე დავარქვი) დაიძინოს, რომ ამის პორციაც მე შევჭამო, მაგრამ ლუდმილა დადის აქეთ-იქით და რომ დავინახავ, გავჩერდები, გაივლის, ვაგრძელებ. მოდის პილოტი და მეკითხება, ვინა ხარო. ამოვიღე და წარვუდგინე ჩემი წოდებები. მიუბრუნდა ლუდმილას და ეუბნება, ეს არის კრიმინალიო? თავი დაანებე ადამიანს, წადიო. მოდის ლუდმილა ბოდიშებით, მაგრამ რაღად მინდა, აგერ ბარბარა მყავს და საჭმელი მაქვს, თუმცა მერე გაიყო ჩვენი გზები (იცინის).

🔘აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵 ტრაგედია ოჯახში, უმძიმესი დიაგნოზი, ურთიერთობა ცოლიან კაცთან და სამჯერ გათხოვება - ეკა კვალიაშვილის სკანდალებით სავსე ცხოვრება

🔵ჭორები დათო ხუჯაძისა და ბესელიას შესახებ, პოლიტიკა, ქალები და შვილი, რომელიც თითქმის არ იცნობს

🔵სექსი ბადურაშვილთან? - ანრი ჯოხაძის ყველა სკანდალი

🔵შიშველი გიორგი გასვიანი, წინასწარმეტყველური სიზმრები და ოცნებად ქცეული სახლი

🔵მშობლებისგან მიტოვებული ზურა ხაჩიძის ცხოვრება - ქუჩის აკადემია, რომანი ქეთა თოფურიასთან და ქონება