„ცოტა უცნაური ხალხი ვართ – ყველას შესახებ ყველაფერი ვიცით, შეგვიძლია მთელს მსოფლიოს დავეხმაროთ, მაგრამ ერთადერთი, ვისაც ვერაფერი მოვუხერხეთ, საკუთარი ქვეყანაა...“ - წერს მწერალი - დათო ტურაშვილი.
ის ყოველთვის ქვეყნის დაცვის სადარაჯოზე დგას და ცდილობს საზოგადოებრივი აზრის სწორი მიმართულებით ჩამოყალიბებას.
„ოფიციალური იმედი არ არსებობს იმედი ერთია, ის შენია და შეგიძლია ამით იცოცხლო...“ - ასე წერდა წიგნში „ჯინსების თაობა“ და არასდროს დაუკარგავს ქვეყნის დამოუკიდებლობის და ევროპისკენ სვლის იმედი.
როგორც მისი ოჯახის წევრები ამბობენ, გულის პრობლემები აწუხებს და თითოეულ თავის ინტერვიუსა და განცხადებას დიდი ემოციით ეკიდება.
„ხალხი ჭრელია...“ ზოგს უყვარს მისი შემოქმედება, პატივს სცემს მის აზრს ზოგს კი ქვეყნის მოღალატე ჰგონია და აკრიტიკებს, ცილს სწამებენ... იქნებ ამიტომაც ფიქრობდა, რომ „საქართველოში ყველაზე ერთგული არსება - ძაღლია...“.
მისთვის „სიმშვიდე უფრო მეტად აუცილებელია, ვიდრე სიწყნარე“. წარმოუდგენელია წაიკითხო მისი შემოქმედება და გულგრილი დარჩე, უგულებელყო ის ყველაფერი რასაც წერს და შენამდე არ მოვიდეს...
ამიტომ დღეს მის უცნობ ამბებზე გიამბობთ, იმ პერიოდზე, როდესაც ბევრისთვის საყვარელ „ტურიკას“ ფეხბურთელობა უნდოდა...
ფეხბურთის სიყვარული - „მეგონა, თბილისის „დინამოში“ მაინც მოვხვდებოდი“
ვისაც ფეხბურთი უყვარს, ალბათ, ბავშვობის პირველი თამაშიც ჩემსავით ახსოვს. პირველად სტადიონზე ბიძაჩემმა, იგორ ბჟალავამ წამიყვანა. თბილისის „დინამო“ „ლოკომოტივზე“ თამაშობდა. ჩვენები „ტოტენჰემ ჰოტსპურს“ ხვდებოდნენ და იმ მატჩის ეპიზოდები არ მავიწყდება. ჩემი მთავარი შთაბეჭდილება იმ დღეს, მაინც სტადიონი იყო. სამწუხაროდ, ჩემი საფეხბურთო შესაძლებლობების შემჩნევა საქართველოს ნაკრების ვერც ერთმა მწვრთნელმა ვერ შეძლო. არადა, ბავშვობაში მართლა მეგონა, რომ თბილისის „დინამოში“ მაინც მოვხვდებოდი, რადგან ფეხბურთს ყველაზე ხშირად იმ ეზოში ვთამაშობდით, სადაც კახი ასათიანი ცხოვრობდა. მაგრამ, ბატონ კახის ერთხელაც არ გადმოუხედავს ასფალტის მოედანზე და ჩვენც ამაოდ ვიტყავებდით უკვე დასისხლიანებულ მუხლისთავებს.
„ფეხბურთის თამაშმა სიკვდილისგან მიხსნა“
2007 წლის ოცდაერთ ივლისს, გულის შეტევით, სწორედ ფეხბურთის თამაშის დროს „გარდავიცვალე“. მართალია, გამაცოცხლეს და უკანაც დამაბრუნეს, მაგრამ იმ ოპერაციის შემდეგ (რამდენიმე თვის განმავლობაში), ისეთი შავი დეპრესია და ნერვული შეტევები მქონდა, რომ თანამედროვე მედიცინაც კი უძლური აღმოჩნდა მის წინააღმდეგ. ოპერაციის წინ, სანამ ნარკოზი ამოქმედდებოდა, იმის გაფიქრება მოვასწარი, რომ ოპერაციის შემდეგ ფეხბურთს ვეღარასოდეს ვითამაშებდი და მახსოვს, როგორ დამწყდა გული.
ერთხელ, რამდენიმე წლის წინ (დიღმის საწვრთნელ ბაზაზე), ჩვენი ნაკრების წევრებთან ერთად, მართლა ვითამაშე ფეხბურთი. ვერ ვიტყვი, რომ ჩემზე უკეთ მხოლოდ გიო ქინქლაძე თამაშობდა, მაგრამ, თუნდაც ერთხელ, თუნდაც ამხანაგურ მატჩში რომ მეთამაშა, ერთ გოლს ხომ მაინც გავიტანდი და საოპერაციოშიც კმაყოფილი, უკვე ოცნება ასრულებული შევყვებოდი ექიმებს. თუ ვეღარ გადავრჩებოდი, დამშვიდებული და ვალმოხდილი მაინც დავუბრუნდებოდი მშობლიურ მიწას... იმ დილასაც, როცა საოპერაციოსკენ გაღიმებული თურქები მიმაგორებდნენ გრძელი დერეფნის გავლით, ვფიქრობდი არა სიკვდილზე, არამედ საქართველოს საფეხბურთო ნაკრებზე, რომელშიც ვეღარასოდეს მოვხვდებოდი. მერე, როგორც ექიმებმა მითხრეს, სწორედ ფეხბურთმა გადამარჩინა. რადგან იმ დღეს, ივლისის თაკარა მზის ქვეშ, ფეხბურთი რომ არ მეთამაშა შეიძლება, ისე მოვმკვდარიყავი, ვერც გამეგო... როცა ყველაფერი დამთავრდა, ექიმებმა გულწრფელად მითხრეს, რომ მართლა არ იციან, როგორ გადავრჩი. არც მე ვიცი...“, - ამბობდა გამოცემა „თბილისელებთან“ საუბრისას მწერალი.
სიყვარული - მაკა კეკელიძე
„მგონი, ჩემი ოჯახის სიმტკიცის საიდუმლო მარტივია – ეს არის მაკა კეკელიძე, რომელიც საკმაოდ ჭკვიანია და იცის, როგორ უნდა შეინარჩუნოს სახლში სიყვარული.
ამდენი წლის განმავლობაში არასოდეს გვიჩხუბია. აზრიც არა აქვს ჩხუბს – სრულიად განვსხვავდებით ერთმანეთისაგან – მე სულ მცივა და მას სულ სცხელა, რაც მე მომწონს, მისთვის წვალებაა და პირიქით. თითქმის არაფერში ვეთანხმებით ერთმანეთს, მაგრამ ვიცით, რომ ერთმანეთის გადაკეთებას აზრი არა აქვს და არც ვცდილობთ (რამდენჯერ მსმენია, რომ ვიღაც წყვილი იმიტომ დაიშალა, ერთმანეთს ხასიათებით ვერ შეეწყვნენ და ცოტა მეღიმება – სამყაროში ორი ერთნაირი ფოთოლიც კი არ არსებობს და ორი ერთნაირი ხასიათი როგორ უნდა არსებობდეს?) თუმცა ოჯახების დანგრევის მიზეზი კიდევ უფრო ბევრია, ამაზე ხმამაღლა საუბარი არ უყვართ...“ - ამბობს ერთ-ერთ ინტერვიუში ტურაშვილი.
შვილი - ანამარია
„ჩემს სახელთან დაკავშირებით ორი ვერსია არსებობს, მაგრამ უფრო რეალურია ის, რომ ჩემს მშობლებს ძალიან უყვართ გურამ დოჩანაშვილის „სამოსელი პირველი“ და ეს სახელი მისი პერსონაჟის, ანა-მარიას გამო დამარქვეს. მეორე ვერსიით, ანაც და მარიამიც, ორივე სახელი ძალიან მოსწონდათ, ამათგან ერთ-ერთზე ვერ ჩამოყალიბდნენ და ორივე დამარქვეს, რაც მაშინ იშვიათობას წარმოადგენდა. თუმცა, უფრო პირველი ვერსია ჰგავს სიმართლეს. მეც ძალიან მიყვარს ეს ნაწარმოები და საერთოდ, გურამ დოჩანაშვილის შემოქმედება. ბავშვობაში ამ ისტორიას რომ ჰყვებოდნენ, დიდად ვერ ვაცნობიერებდი, რაზე იყო საუბარი, მაგრამ რომ გავიზარდე და „სამოსელი პირველი“ თვითონაც წავიკითხე, მივხვდი მათი სიყვარულის მიზეზს ამ სახელისადმი და ძალიან მიხარია, რომ ამ წიგნთან ასეთი ისტორიით ვარ დაკავშირებული.
დათო ძალიან ემოციური ადამიანია და მისი ყველა გამოსვლა და ინტერვიუ განცდებთანაა დაკავშირებული. მისი გულის პრობლემებისგან გამომდინარე, მე და ჩემი ოჯახის წევრები სულ ვნერვიულობთ და ყველაფერს ისე განვიცდით, როგორც თვითონ. რა თქმა უნდა, მიხარია, როცა მეუბნებიან, ძალიან დიდ პატივს ვცემთ დათოს და გვიყვარს მისი შემოქმედებაო. ძალიან მეამაყება მისი შვილობა, არა მხოლოდ მისი შემოქმედების ან პატრიოტიზმის, არამედ მისი ადამიანობისა და იმის გამოც, როგორც გამზარდა“, - ამბობდა ტურაშვილის შვილი გამოცემა „თბილისელებთან“ საუბრისას.
ასევე საინტერესოა:
🔵ამ დღეს ჩაფიქრებული სურვილი 21 სექტემბრამდე აუცილებლად აგისრულდებათ - როგორ უნდა მოიქცეთ ამისთვის
🔵„20 მარტს შეგიძლიათ შეუდგეთ კოსმიური ახალი წლის სამზადისს“ - რა უნდა გავაკეთოთ ამ ღამეს?