Digest Logo

„იმ ღამეს ჭყვიშთან ვერ დიოდა წყნარად რიონი, თურმე იმ ღამეს დაიბადა გალაკტიონი...“ - დღეს გენიოსის დაბადების დღეა

1700204100
გალაკტიონ ტაბიძე

„იმ ღამეს ჭყვიშთან ვერ დიოდა წყნარად რიონი, თურმე იმ ღამეს დაიბადა გალაკტიონი...“ - 17 ნოემბერს ფენომენალური მოვლენა მოხდა დედამიწაზე.  1891 წელს, გიორგობისთვეს დაიბადა ადამიანი, რომლისთვისაც სიკვდილი „ვარდისფერი გზა“ იყო...

მან სიკვდილი სიცოცხლეშივე დაამარცხა და დღესაც მისი შემოქმედება, სიდიადე ყველას აღაფრთოვანებს.

ეს ის ადამიანია, რომლისთვისაც „უსიყვარულოდ მზე არ სუფევდა ცის კამარაზე“...

20 წლის იყო, როდესაც თავისი ცხოვრების უმნიშვნელოვანესი ქალი გაიცნო. მათი შეხვედრა 1912 წელს შემთხვევით მოხდა — ქუთაისის ერთ-ერთ ქუჩაზე მიმავალმა გალაკტიონმა და მისმა ნათესავმა ტიციან ტაბიძემ ქუჩაში მარტო მომავალი გოგონა შენიშნეს. 

ეს იყო ძველი ბოლშევიკების მიხეილ და ვასილ ოკუჯავების და, სოციალისტური ხელისუფლებისთვის მებრძოლი ოლია ოკუჯავა. იგი გალაკტიონზე უფროსი იყო, ლამაზიც არ ეთქმოდა, მაგრამ მათ ერთმანეთი დანახვისთანავე შეუყვარდათ...

გალაკტიონი პირველად ოლიას აკითხებდა თავის ლექსებს, ის იყო მისი პოეზიის პირველი კრიტიკოსი. ოლია კი აღმერთებდა გალაკტიონის პოეზიას, როგორც თავად გალაკტიონს. თუმცა ოლიას მამა სტეფანე ოკუჯავა ამ სიყვარულის წინააღმდეგი იყო, ფიქრობდა, პოეტი ოჯახის მოვლას ვერ შეძლებდა...

გალა ჩუმად ნახულობდა ოლიას. საბოლოოდ სტეფანე დათანხმდა მათ ქორწინებას. გალაკტიონმა და ოლიამ ჯვარი 1916 წელს დაიწერეს.

„ლოლ, როგორც მინდა ახლა შენს ახლოს ვიყო, შენს სუნთქვას ვგრძნობდე, მაგრამ ახლა ეს ისეა შესაძლებელი, როგორც ცისა და მიწის შეერთება… მეშინია, ოლოლ, მეშინია! ლოლ, შენ ერთადერთი არსება ხარ მთელ ქვეყანაზე, რომელსაც ჩემი უბედურება გულს ატკენს. ახლა რომ შენთან ვიყო, დაგკოცნიდი, დაგკოცნიდი გიჟივით. ლოლ, საშინელ სულიერ ობლობას განვიცდი ახლა, არავინ არ მინდა ვნახო…და არავის არ მინდა დაველაპარაკო, მინდა მხოლოდ შენ იყო ჩემს ახლოს. ლოლ ნუღარ სწუხარ ნურაფერზე, ჩვენი ცხოვრება ხომ ისედაც ხანმოკლე და უდღუერია…უბრალოდ მოიწყე ცხოვრება ისე, როგორც შენ გინდა და გაატარე ისე როგორც შენ გსურს. აი, თავი და თავი მიზანი ბედნიერების. ლოლ, ძვირფასო უსათუოდ ჩამოდი მალე, თორემ თავს მოვიკლავ… ასე აღარ შემიძლია.

მას, შემდეგ რაც შენ წადი, რაღაც საშინელმა სიცარიელემ მოიცვა მთელი ჩემი არსება… სიცარილემ, რომლის განადგურებას არ ვიცი რანაირი მდგომარეობა შეძლებს და რა არის მისი წამალი? როდესაც შენ აქ იყავი, მე შემეძლო დამენახე შენ… ჩემთვის უბრალო შენს ახლოს ყოფნა საკმარისი იყო, რომ შენს გარდა არაფერზე არ მეფიქრა. როდესაც მწარე ფიქრები, სევდიანი და სასოწარკვეთილი სულიერი განწყობილება შემიპყრობდა, მე მოვქროდი შენკენ, თუმცა არც შენგან მესმოდა დამამშვიდებელი საუბარი, მაგრამ უბრალო სიახლოვე საკმრისი იყო ჩემთვის…

…მაგრამ დღეს ყველაფერი ერთია! ოცნებებისა და სიზმრების დრო წავიდა! აღარაფერი არ გამახარებს, თვით ტკბილი სინამდვილეც კი! მშვენიერი ცხოვრება მე ოცნებებში განვიცადე… და რაც ოცნებებში განგიცდია მთელი არსებით, სინამდვილეში მას ექნება რაიმე ფასი? ასეა საქმეები, ჩემო ოლია…იყავი კარგად…მშვიდობით, მარადის შენი გ. ტაბიძე.

…შენი წერილი მივიღე და ძალიან ვხარობ, ჩემო ოლოლ, რა საჭიროა დარდი და წუხილი? რა საჭიროა, რომ ყოველ წუთში შავი ფიქრები გიტრიალებდეს თავში? უნდა ეცადო, რომ მწარე წუთები ტკბილ წუთებად წარმოიდგინო, უნდა ჩაჰკლა მწუხარება გულში.

…როგორი კილოთი მწერ უკანასკნელ წერილს? რამ გამოიწვია შენი აღელვება? გრწამდეს, მიყვარხარ შენ ერთი და მხოლოდ შენ! ჭორებს ყურს ნუ უგდებ, ვისაც რა უნდა ისა სთქვას… ამ წერილს საჩქაროდ ვწერ, ასე რომ, მინდა უკანასკნელ ფოსტას მოუსწროს… იყავი კარგად, მე შენს მეტი არავინ, არავინ არ მიყვარს…

…რო იცოდე, რა მშვენიერი დღე არის დღეს! პირდაპირ არ გინდა კაცს სახლში იჯდე, გინდა გაინავარდო სადმე, წაჰყვე ვისმეს სადმე ისეთ ადგილას, სადაც მუდმივი სიხარული და ბედნიერებაა. დღეს ძალიან ადრე გამეღვიძა, გავიხედე ფანჯარაში და მშვენიერი გაზაფხულის დილა მომაგონდა.…საჩქაროდ ჩემი კაკაო დავლიე, მოვიხურე პალტო, ჩამოვიფხატე ქუდი და ტროსტით ხელში “ვაჟნოთ” გავსწიე ქალაქგარეთ, უნდა გითხრა, რომ ძალიან მხიარულ გუნებაზე ვიყავი, აბა, შენ წარმოიდგინე, ასეთი მშვენიერი დღე 8 იანვარს, შუა ზამთარში. რომ ეს ამბავი მეთორმეტე საუკუნის ქრონიკაში წამეკითხა, არ დავიჯერებდი……

ოლინკ! რა ბედნიერი ვარ, რა ბედნიერი ვარ! როგორც კი გამოვსცდი როსტოვს, დავინახე ჩვენი ლურჯი ცა და ვიგრძენი მხურვალე მზე. აქ ახლა გაზაფხულია, სითბოა, როგორც კი ჩამოვედი ქუთაისში, მაშინვე ღვინოს მივაშურე, ვსვამ და ვწერ ამ წერილს… რა ბედნიერი ვარ, რომ იცოდე…შევსვამ (ჩემს გულში) შენს სადღეგრძელოს! ოლია, იყავი როგორც პრინცესა!

შენ აღარ გიყვარვარ! არავის არ ვუყვარვარ ქვეყანაზე! უკეთესია რომ მოვკვდე! სიკვდილი კი თითქოს ამბობს: გალაკტიონ ტაბიძე, შენ ჯერ არ მოკვდები, კიდევ ბევრ რამეს გააკეთებო! ვნახოთ, ვნახოთ! მე მთელ დედამიწას დუელში ვიწვევ! ვნახოთ რა იქნება! ვნახოთ!“ - გალაკტიონის წერილი ოლღა ოკუჯავას.

„ჩემო ძვირფასო, ძვირფასო გალკ!

ირგვლივ ყინულის ლოლუები ბრჭყვიალებენ და ალმასებად იცრემლებიან. მაშ, ახლოა გაზაფხული!

გაზეთში წავიკითხე, რომ მანდ, შენთან, საქართველოში, თბილა. 20-25 გრადუსია სითბო. თესვა დაიწყო, აყვავდა ნუში და ა.შ.

დამიკოცნე მაგ გაზაფხულის ფერადოვანი შემობიჯება!

ჩემო ძვირფასო! ტიტანური ძალით მინდა, რომ მოგეხვიო. ეხ, შეგხვდები კი ოდესმე?! მაგრამ შორს ეს ფიქრები – ეს დემონი ჩემი სულისა!

ძვირფასო ჩემო, ნაღვლობენ, დარდობენ, ხელობენ ოცნებანი შენზე.

შინ ყოფნა მინდა, მორჩა და გათავდა!!!

თითქოს დავკარგე ყველაფრის იმედი.

ძვირფასო გალკ, გული მეწურება, გული მძვინვარებს – უნდა შეიტყოს შენი ჯანმრთელობის, შენი ცხოვრების ამბავი, გკოცნით, გკოცნით შენ და შენს ქმნილებებს.

ვიგონებ რიონს, რომლის ნაპირზეც არაერთხელ გვისაუბრია მდინარის ნაზ ჩურჩულში, რომელიც ერთვოდა მთვარის სხივების ციმციმს, ტალღებს…

ძვირფასო, უკვე მიჭირს წერილის მოწერა. რა ვქნა? ძალიან მიჭირს, მშვიდობით!შენი ოლიამას შენ გაგიჟებით უყვარხარ!1 მარტი, 1941“.

აგრეთვე წაიკითხეთ:

🔵ინსტიტუტში ნაპოვნი სიყვარული, „საქმის გარჩევა“ სყავრელი ქალის გამო, მოულოდნელი განშორება და ზურა ყიფშიძის „მამობა“ - ეროსი მანჯგალაძის ამბავი სიყვარულისა

🔵„ჯანსუღი არ მოსწონდათ სასიძოდ, გარეგნულად იწუნებდნენ“, 3-წლიანი ცოლად მოყვანის მცდელობა და გაპარვა - ჯანსუღ კახიძის ამბავი სიყვარულისა

🔵„შურდათ ასეთ კაცს რომ ვუყვარდი... 17 წელი იყო სხვაობა... არ იყო გაყინულ-გაშეშებულ სახიანი, ღიპიანი...“ - ქეთათოს ამბავი სიყვარულისა

🔵VIDEO: „ნათიას ოჯახში რომ მივედი პირველი რაც თქვეს იყო ის, რომ კარგია რაჭველი ხარ-ო...“ - ზურას ამბავი სიყვარულისა

🔵„იქ მივხვდით, რომ მე ვიყავი მე და ის იყო ის...“ 1-წ­ლი­ა­ნი დაშორება და ქორწინება - თინას ამბავი სიყვარულისა