
ვაკის პარკის შადრევნის პროექტის ავტორი შალვა ქურიძე მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით მორიგ განცხადებას აკეთებს.
მისი თქმით, პროექტის ცვლილება მხოლოდ არქიტექტურულ ცვლილებას ითვალისწინებდა და არა ტექნიკურს.
„ასეთი მოვლენა არ უნდა მომხდარიყო, რაღაც წილად, ყველა ერთად ვართ დამნაშავე საერთო საქმის წინაშე. შეუძლებელია, რომ დამკვეთის გარეშე რამე გააკეთო, საინჟინრო, ტექნიკურ ნაწილში მშენებელი ყველაფერს დამკვეთთან შეთანხმებით აკეთებს. რაც შეეხება ჩემი პროექტის ცვლილებებს, ცვლილებების ავტორთან შეთანხმება ხდება არქიტექტურულ საკითხში და არა ტექნიკურ საკითხში. მოხდა სუფთა არქიტექტურული ცვლილება, შადრევნის დიზაინის ნაწილს რაღაც დეტალები გამოაკლდა და ჰორიზონტალური ნაწილი ზემოთ წამოიწია, რაც შეეხება სამშენებლო ნაწილს, ეს უკვე შემსრულებლის პრეროგატივაა, რა თქმა უნდა დამკვეთთან შეთანხმებით“, - განაცხადა ქურიძემ „ტვ პირველთან“ საუბრისას.
ცნობისთვის, 13 ოქტომბერს ვაკის პარკის შადრევანში ბურთის ამოსაღებად ჩასულ სამ არასრულწლოვანს დენმა დაარტყა.
ერთ-ერთი მათგანის, მარიტა მეფარიშვილის გადარჩენა ვერ მოხერხდა. 13 წლის გოგო კლინიკაში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.
18 ოქტომბერს ვაკის პარკის შადრევნის საქმეზე 9 პირი დააკავეს.
ამავე თემაზე:
🎥 მარიტას კიდევ ერთი ახალი ვიდეო - როგორ ერთობოდა გოგონა სახლში
🔵„ჩემი მწვრთნელის შვილია მარიტა! ჩემს თვალწინ გაიზარდა!“ - რუსკა ქარქაშაძე გარდაცვლილ გოგონაზე
🔵„ყურებიდან და ცხვირიდან სისხლი სდიოდა...“ - თვითმხილველი ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიაზე