„მთავარი არხიდან“ „ტვ პირველის“ ეთერში „ვანოს შოუს“ გადასვლას სოციალურ ქსელში ტელეწამყვანი ეკა კვესიტაძე ეხმიანება. კვესიტაძე აღნიშნავს, რომ „მთავარი არხისა“ და მისი თანამშრომლებისთვის „ვანოს შოუს“ გუნდი უძვირფასესია და მათ წარმატებას უსურვებს.
„წარმატებას ვუსურვებ „ვანოს შოუს“ ტვ პირველზე. ეს გუნდი, მისი თითოეული წევრი ძალიან ძვირფასია ჩემთვის და დარწმუნებული ვარ, „მთავარი არხის“ ყველა თანამშრომლისთვის. დღეს ოპოზიციური არხები ერთი მთავარი მიზნისთვის ვიბრძვით, რაც შეუდარებლად უფრო მნიშვნელოვანი და ღირებულია, ვიდრე ერთმანეთთან (ბუნებრივი) კონკურენცია. შესაბამისად, ერთმანეთი უნდა გავაძლიეროთ, მათ შორის რეიტინგებითაც. ამიტომ, სეზონის დასაწყისში, დიდ წარმატებას ვუსურვებ ჩვენს ძვირფასს მეგობარ არხებს „ტვ პირველს“ და „ფორმულას“ და ჩემს უსაყვარლესს „მთავარ არხს“, რომლის თანამშრომლებმა წარმოუდგენელ სტრესს გაუძლეს, განსაკუთრებით ნიკას დაჭერის შემდეგ. ასეთი გმირობის ფონზე „მთავარი არხი“ გადარჩა და ვუსურვებ ჩვენს თავს, რომ ძალიან წარმატებული სეზონი დაგვეწყოს“, - წერს ეკა კვესიტაძე.
ცნობისთვის ვანო ჯავახიშვილმა „ტვ პირველზე“ გადასვლის შესახებ საზოგადოებას ასე ამცნო:
„როგორც იცით „მთავარ არხზე“ ფინანსური კრიზისის გამო დაიხურა ჩვენი ყველა გადაცემა და გვქონდა იძულებითი პაუზა. ახალი სეზონიდან შევხვდებით ტელეკომპანია პირველის ეთერში. ველოდებით ჩვენს ერთგულ მაყურებელს „ტვ პირველის" ეთერში, იგივე დღეს და იგივე დროს“.
საპასუხოდ „მთავარმა არხმა“ განაცხადა, რომ ვანო ჯავახიშვილსა და მის გუნდს ჰქონდა ტელევიზიაში დარჩენის შესაძლებლობა, თუმცა ფინანსური კრიზისის გამო მათ ადმინისტრაცია იმავე პირობებს ვერ შესთავაზებდა, რაც ძველად ჰქონდათ.
„მთავარი არხის“ განცხადებას კი ვანო ჯავახიშვილმა უნამუსობა უწოდა.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵„ერთგულებაზე და ფინანსებზე გააკეთეთ აქცენტი სტატუსში? ოკ“ - ოთო ლომთაძე „მთავარ არხს“
🔵„ჩვენი გუნდის წასვლასთან დაკავშირებით „მთავარი არხის“ განცხადება არ შეესაბამება სიმართლეს“ - ვანო ჯავახიშვილი
🔵„ძალიან ვწუხვართ, რომ „ვანოს შოუს“ გუნდმა სხვა ტელეკომპანიაში გადასვლის გადაწყვეტილება მიიღო“ - მთავარი არხი