Digest Logo

„შიშმა ამიტანა და ფიქრებმა წამიღო, ხომ ისევ შევძლებდი ჩემი შვილის ნახვას, ახლა გავიაზრე, რას ნიშნავს ომი…“ - რას წერს უკრაინაში მყოფი „იმედის“ ჟურნალისტი

1647439526
ჟურნალისტი, რუსა შელია

ტელეკომპანია „იმედის“ ჟურნალისტი, რუსა შელია, ოპერატორთან, გოგა წულაიასთან ერთად უკრაინაში იმყოფება, სადაც ომის მიმდინარეობას აშუქებს. მან სოციალურ ქსელში ვრცელი სტატუსი გამოაქვეყნა, სადაც წერს, რომ ახლა ისინი ოდესის გზას ადგანან, სადაც დაბომბვის ხმები აღწევს.

„მიკოლაევიდან გამოვედით, ოდესის გზაზე ვარ. დაბომბვის ხმები აქაც აღწევს. მიკოლაევში უკვე ჩემთვის ძალიან ახლობელი ქართული ოჯახი დავტოვე, მთელი ცხოვრება რომ გამყვება მათი სიყვარული და სითბო და ვერასდროს, ვერასდროს რომ დავივიწყებ მათ მხარდაჭერას. მიკოლაევში დარჩენილ ამ ოჯახზე და უმაგრეს ქართველ ვაჟკაცზე მერე ცალკე აუცილებლად მოგიყვებით.

გუშინ ელექტროენერგია გამოირთო და ამ დრომდე ქალაქი უშუქოდაა. გათბობის სისტემა ისედაც მთელ ქალაქში გამორთული დაგვხვდა, არადა, გარეთ ყინავს, საშინელი სიცივეა. დღეს უკვე მარკეტებში დახლების უმრავლესობა დაცარიელებულია. მძღოლი, რომელსაც ოდესაში მივყავართ, მეუბნება, რომ ქალაქში ბენზინის მარაგი ამოწურულია და ბენზინი ოდესაში უნდა ეძებოს.

დღეს, დილაუთენია, ისევ დაბომბვების ხმამ გამაღვიძა. არადა, სულ ერთი საათით შევძელი თვალების მოხუჭვა, მანამდეც ეს ხმები არ მაძინებდა - წინა დღეებთან შედარებით რომ უკვე ჩვენი სასტუმროდან ძალიან ახლოს ისმოდა.

ქალაქი უკვე რამდენიმე დღეა ოდესის გზას იცავს, ოდესამდე ერთადერთი ხიდია, საიდანაც უსაფრთხოდ გადაადგილება ჯერ კიდევ შესაძლებელია.

ახლა გავდივარ ამ ქალაქიდან და ვფიქრობ, რა ვიგრძენი, რა განცდები მომაქვს… არცერთ ემოციაზე ლაპარაკს ახლა აზრი არ აქვს. მთავარი, რაც ამ ქალაქმა მასწავლა ისაა, რომ შიშის გამო არასდროს არავინ განვიკითხო. კი… ყველაზე მამაცი ადამიანისგანაც არასდროს გამიკვირდება შიში, პირიქით, ძალიან ბუნებრივი ინსტინქტი ყოფილა და მეტიც, აუცილებელიც...

წუხელ მთელი ღამე დაბომბვის ხმები რომ უფრო და უფრო მიახლოვდებოდა, მეშინოდა. ძალიან მეშინოდა… ოღონდ, იმიტომ კი არა, რომ საკუთარ თავს ვდარდობდი… შიშმა ამიტანა და ფიქრებმა წამიღო, ხომ ისევ შევძლებდი ჩემი შვილის ნახვას, ოჯახის, დედის ჩახუტებას… ახლა გავიაზრე, რას ნიშნავს ომი… და თუ რას ნიშნავს და როგორ დავინახე, ამაზე მერე ცალკე მოვყვები.

ჰო, კიდევ ვგრძნობ, რომ სხვა ადამიანი ჩამოვედი მიკოლაევში და სულ სხვა ფიქრებით გამოვედი.
ახლა ოდესაში უნდა ჩავიდეთ.

გზაში ვართ და სანამ ამ ყველაფერს ვწერდი, დაბომბვის ხმები უკვე უკან, სადღაც შორს დარჩა. იქ, სადაც ჯერ კიდევ დარჩნენ ქალები, მოხუცები, ბავშვები…
გოგა წულაია და შენ განსაკუთრებული მადლობა“, - წერს რუსა შელია. 

 

🔘აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵 ტრაგედია ოჯახში, უმძიმესი დიაგნოზი, ურთიერთობა ცოლიან კაცთან და სამჯერ გათხოვება - ეკა კვალიაშვილის სკანდალებით სავსე ცხოვრება

🔵ჭორები დათო ხუჯაძისა და ბესელიას შესახებ, პოლიტიკა, ქალები და შვილი, რომელიც თითქმის არ იცნობს

🔵სექსი ბადურაშვილთან? - ანრი ჯოხაძის ყველა სკანდალი

🔵შიშველი გიორგი გასვიანი, წინასწარმეტყველური სიზმრები და ოცნებად ქცეული სახლი