Digest Logo

„ახალო წელიწადო, თუ რამ შეგიძლიან, თვალი აგვიხილე, ყურებიდამ ბამბა გამოგვაცალე“... - ილია ჭავჭავაძე

1641026337
მწერალი ილია ჭავჭავაძე

მართალია სურვილებს, სიტყვებსა და განწყობას ჯადოსნური ძალა აქვთ, მაგრამ მიმაჩნია, რომ ახალ წელს, არც ილუზიები უხდება და არც პესიმისტური განწყობა. რეალობა, მისთვის თვალის გასწორებას და მოქმედების შესაბამისად დაწყებას იმსახურებს

ამიტომ დღეს, ილია ჭავჭავაძის მიერ 1897 წ. 31 დეკემბერს დაწერილ საახალწლო წერილს შემოგთავაზებთ, რომელიც უსაფუძვლო მოლოდინს ეხება.

„აჰა, ერთი კიდევ ახალი წელიწადი!… რა მივულოცოთ ჩვენს თავს, ქართველნო? რა გვაქვს დღეს სასურველი, რომ დავიკვებოთ და შევირჩინოთ, რა გვაქვს ხვალ სანატრელი, რომ ვინატროთ და მოვილოდინოთ?

უკან მივიხედავთ ამ ახლო ხანებში და ისეთი არა გვრჩება რა, რომ თავი მოვიწონოთ, ან ნანვითა ვთქვათ: „ჰოი, წამო სიხარულისავ, ასე სწრაფად სად წახვედი!“.

წინ ვიყურებით და ხვალინდელის ნისლში იმისთანა არა მოსჩანს რა, რომ გული გულის ადგილასვე დაგვრჩეს, ან ნატვრით ვთქვათ: „მოვედინ, დღეო სიხარულისაო!…“ რა გითხრათ? რით გაგახაროთ?

ნუთუ ისევ ძველებურადვე თავი უნდა დაგიკრათ და მოგახსენოთ: „შემოვდგი ფეხი, გწყალობდეთ ღმერთი“. სულ წყალობა ღვთისა და წყალობა ღვთისა, ერთხელ ჩვენ თითონაც თითი გავძრათ, ერთხელ ჩვენ თითონაც მივდგეთ-მოვდგეთ.

წყალობა ღვთისა კარგია, მაგრამ რა ქმნას მარტო წყალობამ, თუ ღვთის მიერ ნაწყალობებს თითონ ადამიანი არა ჰრწყავს, არა სხლავს, არა ჰფურჩქნის, არ უვლის, არ ჰპატრონობს.

ღმერთმა, რაც წყალობა იყო, უკვე მოიღო ჩვენზე, დანარჩენი თქვენ იცით და თქვენმა კაცობამაო. რა კაცობა გამოვიჩინეთ?… რა გითხრათ? რით გაგახაროთ?

ჩვენთვის ღმერთს არა დაუშავებია რა, არა დაუზოგვია რა, არა დაუკლია რა; თუ ქვეყანაზე ერთი-ორი კუთხეა იმისთანა, რომ კაცს ეთქმოდეს, - ქრისტე-ღმერთმა თავისი კალთა უხვებისა აქ დაიბერტაო, იმათში უკანასკნელი საქართველო არ არის.

რაც ღვთის შემძლებლობით არის და არა კაცისათი, ის ყველაფერი უკვე მოგვმადლა ღმერთმა.

ხელთ გვიჭირავს ეს მშვენიერი ქვეყანა, რომლის მნახავთ შეუძლიანთ სამართლიანად სთქვან: “სხვა საქართველო სად არის, რომელი კუთხე ქვეყნისა”. ამ სამოთხე ქვეყანაში მარტო ქართველს უგუბდება სული, გული ელევა, ხორცი ადნება… რა გითხრათ? რით გაგახაროთ?

ტყე-მინდორი, მთა-ბარი, მიწა-წყალი, ჰავა-ჰაერი იმისთანა გვაქვს, რომ რა გინდა სულო და გულო, არ მოიხვეჭო, არ იშოვო, არ გამოიყენო. აქ, ჩიტის რძეს რომ იტყვიან, ისიც იშოვება, ოღონდ ხელი გასძარ, გაისარჯე, იმხნევე, მუცელსა და გულთა-თქმას ბატონად ნუ გაიხდი.

იცოდე, დღეს მძლეთა მძლეა გარჯა, შრომა და ნაშრომის გაფრთხილება, შენახვა, პატრონობა, გამოზოგვა საჭიროებისამებრ და არა გაუმაძღარ სურვილისამებრ. ვართ-კი ასეთნი?… რა გითხრათ? რით გაგახაროთ?

რა არ გადაგვხდენია თავს, რა მტრები არ მოგვსევიან, რა ვაი-ვაგლახი, რა სისხლის ღვრა, რა ღრჭენა კბილთა არ გამოგვივლია, რა წისქვილის ქვა არ დატრიალებულა ჩვენს თავზედ და ყველას გავუძელით, ყველას გავუმაგრდით, შევინახეთ ჩვენი თავი, შევირჩინეთ ჩვენი ქვეყანა, ჩვენი მიწა-წყალი.

ლანგთემურებმა ჩვენს საკუთარს სისხლში გვაბანეს და მაინც დავრჩით და გამოვცოცხლდით.

შაჰ-აბაზებმა ჩვენის კბილით გვაგლეჯინეს ჩვენი წვრილ-შვილნი და მაინც გამოვბრუნდით, მოვსულიერდით.

აღა-მაჰმად-ხანებმა პირქვე დაგვამხეს, ქვა-ქვაზედ არ დაგვიყენეს, მოგვსრნეს, მოგვჟლიტეს და მაინც ფეხზედ წამოვდეგით, მოვშენდით, წელში გავსწორდით.

გავუძელით საბერძნეთს, რომსა, მონღოლებს, არაბებს, ოსმალ-თურქებს, სპარსელებს, რჯულიანს და ურჯულოს და დროშა ქართველობისა, შუბის წვერით, ისრით და ტყვიით დაფლეთილი, ჩვენს სისხლში ამოვლებული, ხელში შევირჩინეთ, არავის წავაღებინეთ, არავის დავანებეთ, არავის შევაგინებინეთ.

ცოდვა არ არის, ეს დროშა ეხლა ჩრჩილმა შესჭამოს, თაგვმა დაგვიჭრას!… დრო-ჟამი ამას გვიქადის… რა გითხრათ? რით გაგახაროთ?

ქრისტე-ღმერთი ჯვარს ეცვა ქვეყნისათვის და ჩვენც ჯვარს ვეცვით ქრისტესათვის. ამ პატარა საქართველოს გადავუღეღეთ მკერდი და ამ მკერდზედ, როგორც კლდეზედ, დავუდგით ქრისტიანობას საყდარი, ქვად ჩვენი ძვლები ვიხმარეთ და კირად ჩვენი სისხლი, და ბჭეთა ჯოჯოხეთისათა ვერ შემუსრეს იგი.

გავწყდით, გავიჟლიტენით, თავი გავიწირეთ, ცოლ-შვილნი გავწირეთ, უსწორო ომები ვასწორეთ, ხორცი მივეცით სულისთვის და ერთმა მუჭა ერმა ქრისტიანობა შევინახეთ, არ გავაქრეთ ამ პატარა ქვეყანაში, რომელსაც ჩვენს სამშობლოს, ჩვენს მამულს - სამართლიანის თავმოწონებით ვეძახით.

ცოდვა არ არის, ეს ერი მოსწყდეს! ცოდვა არ არის, ეს ლომი კოღომ საბუდარად გაიხადოს! ცოდვა არ არის, მელა-ტურამ გამოღრღნას როგორც მძოვრი, როგორც ლეში! რათ? რისთვის? ვის რა ვირი მოვპარეთ?… რა გითხრათ? რით გაგახაროთ?

ყველა ეს შევძელით და საკითხავად საჭიროა - რამ შეგვაძლებინა? რამ გვიხსნა? ჯვარცმულნი ქრისტესთვის როგორ გადავრჩით? წამებულნი და სისხლ-მთხეველნი მამულისათვის რამღა გვაცოცხლა, რამ გვასულიერა? მან, რომ ვიცოდით, - იმ დროს რა უნდოდა, რა იყო მისი ციხე-სიმაგრე, მისი ფარ-ხმალი.

ვაჟკაცობა უნდოდა, ვაჟკაცნი ვიყავით. ხმალი უნდოდა, ხმლის ჭედვა ვიცოდით. ომის საქმეთა ცოდნა უნდოდა, ომის საქმენი ვიცოდით. აი, რამ შეგვაძლებინა, რამ გვიხსნა, რამ შეგვინახა!… იმ დროთა ჩარხზე გაჩარხულნი ვიყავით, იმ დროთა ქარ-ცეცხლში გამოფოლადებულნი, იმ დროთა სამჭედურში ნაჭედნი.

„სილბო გვქონდა ნაქსოვისა“ - ვით ქრისტიანებს და „სიმტკიცე ნაჭედისა“ - ვით მეომრებსა და მამულიშვილებს. ამით გავიტანეთ თავი, დროთა შესაფერი ღონე ვიცოდით, დროთა შესაფერი ხერხი, დროთა შესაფერი ცოდნა გვქონდა, დროთა შესაფერი მხნეობა და გამრჯელობა.

წავიდა ის დრო: დაჩლუნგდა ხმალი, გაუქმდა ვაჟკაცობა. ახლა ხმალი თაროზე უნდა შევდვათ, აღარაფრის მაქნისია; ეხლა ან ადლი უნდა გვეჭიროს ხელში, ან გუთანი, ან ჩარხი ქარხანისა, ან მართულები მანქანისა.

ეხლა ვაჟკაცობა ომისა კი არ უნდა, რომ სისხლსა ჰღვრიდეს, ვაჟკაცობა უნდა შრომისა, რომ ოფლი ჰღვაროს. კიდევ ვიტყვით, ქვეყანა ეხლა იმისია, ვინც ირჯება და ვინც იცის წესი და ხერხი გარჯისა, ვინც უფრო უფრთხილდება ნაშრომს, ვინც იზოგავს ნაღვაწს. დღეს მძლეთა-მძლეა მარტო ის, ვინც მცველია და ბეჯითი სულითა და ხორცითა, ცოდნითა და მარჯვენითა.

გვჭირს-კი დღეს რომელიმე ეს დროთა შესაფერი სიკეთე?… რა გითხრათ? რით გაგახაროთ?

ხმლიანმა მტერმა ვერ დაგვათმობინა, ვერ წაგვართვა ჩვენი მიწა-წყალი, ჩვენი ქვეყანა. ხმლიანს მტერს გავუძელით, გადავრჩით. ქვეყანა და სახელი შევინახეთ, სახსენებელი არ ამოვიკვეთეთ, შევირჩინეთ, საქოლავი არავის ავაგებინეთ.

ხმლით მოსეულმა ვერა დაგვაკლო-რა, - შრომით და გარჯით, ცოდნით და ხერხით მოსეული-კი თან გაგვიტანს, ფეხ ქვეშიდამ მიწას გამოგვაცლის, სახელს გაგვიქრობს, გაგვიწყვეტს, სახსენებელი ქართველისა ამოიკვეთება, და ჩვენს მშვენიერს ქვეყანას, როგორც უპატრონო საყდარს, სხვანი დაეპატრონებიან.

შრომასა და გარჯას, ცოდნასა და ხერხს ვერავინღა გაუძლებს, თუ შრომა და გარჯა, ცოდნა და ხერხი წინ არ მივაგებეთ, წინ არ დავახვედრეთ, წინ არ დავუყენეთ. ვართ კი ყოველ ამისათვის მზად? ან გვიტყობა რაშიმე, რომ ყოველივე ეს ვიცით და ვემზადებით?… რა გითხრათ? რით გაგახაროთ?

ეხლაც ომია, ხოლო სისხლის ღვრისა-კი არა, ოფლის ღვრისა, ომი უსისხლო, მშვიდობიანი, წყნარი. ამ ომმა არც ბუკი იცის, არც ნაღარა. უბუკ-ნაღაროდ სთესავს, უბუკ-ნაღაროდ მკის. კოკისებურ, შხაპუნა ნიაღვარს-კი არა ჰგავს, რომ მთა და ბარი თან წაიღოს, მოარღვიოს, მოღაროს და მოგრაგნოს, “მდუმარე წვიმისაებრ ნაყოფის გამომცემელია”. არც რბევა იცის, არც ძარცვა. ეს მის ბუნებაში არა სწერია, თუ თითონ ადამიანმა გესლი ულმობელის სიხარბისა შიგ არ ჩააწვეთა, ბუნება არ მოუწამლა, არ მოუშხამა.

ეს ომი შრომისაა, და ვითარცა შრომა - პატიოსანია, ნამუსიანია, და ისეთივე თავმოსაწონებელი, თავ-გამოსაჩენი, როგორც უწინ თოფისა და ხმლის ომი იყო. ვაჟკაცობა ამისთანა ომში ბევრით წინ არის სისხლის ომის ვაჟკაცობაზე. ვაჟკაც გულადზე მშრომელი სამის გაფრენით მეტიაო, - იტყოდა გლეხკაცი თავისებურად ზედგამოჭრით, თუ მართალს ათქმევინებთ. რა გლეხკაცი! თითონ დღევანდელი დღე ამას გვეუბნება, ამას ჰღაღადებს და ჩვენ გვესმის კი ეს ღაღადი? ვაი, რომ არა!… მაშ, რა გითხრათ? რით გაგახაროთ?

არ ვიცით, - რანი ვყოფილვართ, არ ვხედავთ, - რანი ვართ, ვერ გამოგვისახია - რანი ვიქნებით! ყურებში ბამბა გვაქვს დაცული და თვალებზე ხელი აგვიფარებია.

არც არაფერს ვხედავთ, არც არაფერი გვესმის. უზარმაზარი თხრილია ჩვენ, ქართველების, წინ და აინუნშიაც არ მოგვდის. ამ თხრილის პირას ვდგევართ და საკმაოა ხელი გვკრან – და შიგ გადავიჩეხებით დედაბუდიანად. ორბი, არწივიც კი ვეღარ გვიპოვის, ვეღარ დასწვდება ჩვენს ძვლებს, რომ გამოხრან, გამოსწიწკნონ, ისეთი ღრმაა ეს თხრილი, ისეთი უძირო. ვდგევართ და უღონოდა ვბზუით „მე ვარ და ჩემი ნაბადიო“ და ამ ბზუილიდამ არა გამოდის-რა. იქნება იმიტომ, რომ ყველა ბუზი კი ბზუის, ფუტკართან-კი ყველა ტყუის.

ახალო წელიწადო, თუ რამ შეგიძლიან, თვალი აგვიხილე, ყურებიდამ ბამბა გამოგვაცალე, ფუტკარისაგან გვასწავლე დროთა შესაფერი სამამაცონი ზნენია, რომ ჩვენმა შემდეგმა მაინც აღარა სთქვას: რა გითხრათ? რით გაგახაროთ?“

აგრეთვე წაიკითხეთ:

🔵„ეს მოხდება 1-ელ თებერვალს, 09:47 წუთზე, აუცილებლად უნდა დაიმახსოვროთ“ - მიხეილ ცაგარელი საზოგადოებას აფრთხილებს

🔵„ბევრი ადამიანი გაგიჟდება და მოკვდება ამისგან“ - რას უნდა ველოდოთ 2022 წელს ვანგას წინასწარმეტყველებით? - დაუჯერებელი დამთხვევები და ფაქტები

🔵„კოვიდი არ არის ყველაზე საშინელი რამ...“ - როგორ ხედავს 2022 წელს 15 წლის ნათელმხილველი ბიჭუნა, რომელმაც პანდემია იწინასწარმეტყველა

🔵 ცრუ ბრალდებები, გრანდიოზული ქორწილი და გზა წარმატებისკენ - ლაშა ტალახაძის უცნობი ამბები

🔵ვანგას წინასწარმეტყველება - რა ელის კაცობრიობას მომავალში?! როდის განადგურდება დედამიწა?!

🔵„22 დეკემბერს სიფრთხილით უნდა დაველოდოთ“ - ვანგას წინასწარმეტყველება პანდემიის დასასრულზე