„დაიჯესტის“ ბლიცინტერვიუს მორიგი სტუმარია არტისტი - ბექნუ ქაფიანიძე.
➡️ ბექნუ როგორც მსახიობი, როგორც მამა, როგორც ზურა ქაფიანიძის შვილი, როგორც მეუღლე - რომელი უფრო საინტერესოა თქვენთვის? - როგორც მამა, მამის ამპლუას უფრო გამოვყოფდი.
➡️ საზოგადოებისთვის რომელი ბექნუ უფრო საინტერესოა, თქვენი რომელი მე უფრო აინტერესებს ხალხს? - ალბათ, როგორც მსახიობი.
➡️ მშობლისგან მთავარი რა გისწავლიათ? - ყველაფერი - მშობლებისგან ვსწავლობდი ყველაფერს. ყველაზე მთავარი ისაა, რომ იცხოვრო ღირსეულად ქვეყნისა და ადამიანების წინაშე.
➡️ ბავშვობის ოცნება? - მქონოდა ველოსიპედი, რაც არ მეღირსა და ჩარჩენილი მაქვს... ისე, ჩემი ბავშვობა დახუნძლული იყო ოცნებებით, ზოგი ახდა, ზოგი ვერ ასრულდა.
➡️ რას ნანობთ? - ძალიან ბევრ რამეს. კონკრეტულად, ალბათ, იმ პროფესიის არჩევას, რაც ავირჩიე.
➡️ რომ არა მსახიობი ვინ იქნებოდით? - რაღაც სხვა პროფესიის ადამიანი, საერთაშორისო ურთიერთობებზე მინდოდა ჩაბარება და მაინტერესებს, როგორ განვითარდებოდა ჩემი ცხოვრება. ეს იმიტომ, რომ დღევანდელი თეატრი არ მომწონს. პროტესტიც მანდედან მაქვს. ვერ ვხედავ იმას, რასაც თეატრში უნდა ვხედავდე. აქ კონკრეტულ თეატრზე არ ვსაუბრობ, ზოგადად ქართულ თეატრს ვგულისხმობ... შემოქმედებითი პროცესები ძალიან შემცირებულია. არაფერი ხდება, არც შემოქმედებითი და არც ფინანსური თვალსაზრისით. საერთოდ, მგონი, არ სჭირდება ამ ქვეყანას თეატრი და გააუქმონ. დატოვონ ერთი ან ორი და იმ ორ თეატრში რომ მოხვდება ადამიანი ეცოდინება, რომ ნორმალურად იმოღვაწევებს.
➡️ რა არის თეატრი? - თეატრი არის სარკე. თეატრი როგორი უნდა იყოს და როგორი არ არის, მაგას გეტყვით... ის ტაძარია, საიდანაც ადამიანმა უნდა ისწავლოს, შეიმეცნოს... ახლა ეგეთი თეატრი არ არსებობს და ზუსტად ამიტომ მაქვს პროტესტი. ტაძარიც აღარაა, უბრალოდ თვალს წყალი დავალევინეც აღარაა. უფრო სარკე უნდა იყოს ადამიანის სულში ჩამწვდომი, რაც აღარაა და განვიცდი. ბევრი რამაა შესაცვლელი თეატრის წარმატებით ფუნქციონირებისთვის, როგორც შემოქმედებითად ისე ფინანსურად.
➡️ საოცნებო როლი? - არ მაქვს ასე გამორჩეულად პერსონაჟი. რეჟისორს დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან იმდენად საინტერესოდ შეუძლია გაგაკეთებინოს ნებისმიერი პერსონაჟი, რომ შენთვის საოცრება იყოს. ეს ჯადოსნური პროცესია. პერსონაჟზე მუშაობა უსაოცრესი მომენტია და ყველა როლი სასწაულია.
➡️ ნეტავი იქ თეატრი არის? - არის კი, აუცილებლად არის.
➡️ რაიმე რიტუალი თუ გაქვთ სცენაზე გასვლის წინ? - არა, მაგრამ ბევრი მიფიქრია მაგაზე. იმდენად ფსიქოლოგიურია, რომ რაღაცას დავნერგავდი. სცენაზე გასვლა უზარმაზარი ნერვების ფასია. ნახევარ სიცოცხლეს ტოვებ, ჰოდა, ეს რიტუალი მარტივი ფსიქოლოგიური პროცესია, რაც გეხმარება განტვირთვაში და აუცილებლად მოვიფიქრებდი რაიმეს...
➡️ რა ფერი აქვს ხელოვნებას? - ყველა ფერი შერწყმულია ერთმანეთთან.
➡️ რა ფერი აქვს რაჭას? - ჯადოსნურია, ყველაფერი აქვს. აი, შემოდგომაზე, ის სასწაული ფერები რომ აქვს ტყეს, ეგ ფერია... რაჭა სამოთხეა.
➡️ სიკვდილის შემდეგ ცხოვრების გჯერათ? - კი, როგორც ყველა მორწმუნეს.
➡️ სამოთხე უფრო ერთფეროვანია თუ ჯოჯოხეთია მტკივნეული? - სამოთხე, ისე როგორც მე წარმომიდგენია, ერთფეროვანი ვერ იქნება...
➡️ რისთვის ღირს ცხოვრება? - შვილებისთვის, ადამიანებისთვის.
➡️ ღმერთს რომ შეხვდები რას ჰკითხავდი? - უიმე, რამდენი კითხვა მაქვს, არ ვიცი.... ვთხოვდი, ვიდრე ვკითხავდი, რომ ადამიანებს ცხოვრება უფრო ნაკლებად დარდიანი ყოფილიყოს...
➡️ როგორ გგონიათ, ღმერთს ჰყავს ვინმე ვისაც დარდებს უზიარებს? - კი, ალბათ, ანგელოზები...
➡️ წინა რესპონდენტმა, იუმორისტმა ამიკო ჩოხარაძემ დაგიტოვათ კითხვა: როგორ ხართ? - არამიშავს, კოვიდტესტს თუ გადავურჩი, მთლად გადასარევად ვიქნები.
➡️ თქვენ რას ჰკითხავდით ჩვენს შემდეგ სტუმარს? - თეატრი თუ უყვარს?
ასევე დაგაინტერესებთ👇
🔵„შურდათ ასეთ კაცს რომ ვუყვარდი... 17 წელი იყო სხვაობა... არ იყო გაყინულ-გაშეშებულ სახიანი, ღიპიანი...“ - ქეთათოს ამბავი სიყვარულისა