
კომუნისტური სამყაროს უკანასკნელი გიგანტის, ფიდელ კასტროს გარდაცვაელბის შესახებ გავრცელებული ინფორმაციისთანავე, ქართველმა პოეტმა კახა შალამბერიძემ ფეისბუქზე დაწერა რომ, ის დიდ რევოლუციონერს იცნობდა. როგორც კახამ დაწერა, ის კასტროს, პირველად შაქრის ლერწმის აღებისას შეხვდა.
როგორ აღმოჩნდა კახა კუბაში სხვა ქართველებთან ერთად და როგორ ახსოვს ცნობილ რევოლუციონერთან შეხვედრა, ამას პოეტი ერთ-ერთ ინტერვიუში იხსენებდა. გთავაზობთ ამონარიდს მასალიდან:
- მამა პროექტებზე მუშაობდა, ის გზის ინჟინერი იყო. საზღვარგარეთ მივლინებით ხშირად დადიოდა და ერთი პერიოდი კუბაში ცხოვრებაც მოუხდა. მაშინ წესი იყო, საცხოვრებლად რომ არ დარჩენილიყო, ვინც დაოჯახებული იყო, უცხო ქვეყანაში ოჯახის წევრებთან ერთად გზავნიდნენ. ასე აღმოვჩნდით ყველანი კუბაში, იქ 2 წელი გავატარეთ.
- მაშინ თქვენ რამდენი წლის იყავით?
- 6-ის. ბავშვის მახსოვრობა ხომ იცით... გადმოცემით ვიცი, რომ კუბელებს მუშაობა დიდად არ უყვართ, მაგრამ რასაც აკეთებენ, სულ ცეკვითა და კარნავალით. მაგათი შემოსავლის ძირითადი შაქრის ლერწამი და თამბაქოა.
- კარნავალებს თუ ესწრებოდით?
- შაქრის ლერწამს რომ იღებდნენ, საღამოობით კარნავალი იმართებოდა, ბუშტებითა და ფერადი ლენტებით ყველანი ცეკვავდნენ, ილხენდნენ. ბავშვები ლერწმის ღეროს ვჭამდით, ტკბილი იყო. რევოლუცია მაშინ ახალი მომხდარი იყო, მიტინგებიც იმართებოდა. ფიდელ კასტრო ხალხთან ხშირად გამოდიოდა. არტისტული ადამიანი და საოცრად ქარიზმატული ლიდერი იყო. საყოველთაოდ ცნობილი იყო მისი ინტერესი საპირისპირო სქესის წარმომადგენლებისადმი. კუბაში ამ მხრივ დიდი ზნეობრივი ბარიერები არ არსებობდა.
- ფიდელ კასტროსთან შეხვედრა როგორ გახსოვთ?
- მართალია, ქართველები ვიყავით, მაგრამ მაშინ საბჭოთა კავშირის დელეგაცია გვერქვა. ერთ დღეს, ქართველი სპეციალისტების ოჯახის წევრებთან კასტროს შეხვედრა ჰქონდა. მიუხედავად ასაკისა, ქართველებთან თარჯიმანივით ვიყავი. იქაურ ბავშვებთან ერთად ხშირად ვთამაშობდი და ესპანურიც იოლად ავითვისე, მამაზე და სხვა ქართველებზე კარგად ვლაპარაკობდი. ამ შეხვედრაზე ფიდელმა თავზე ხელი გადამისვა, სამხედრო ფორმა ეცვა, მისმა „ფიშტომ“ დამაინტერესა. იარაღისკენ რომ გავიწიე, მითხრა, დიდი ბიჭი რომ გაიზრდები, გაჩუქებო. კასტრო ხალხთან ძალიან ახლოს იყო, მათ გარემოცვაში ტრიალებდა. პირველ შეხვედრაზე სულ ეს იყო, მეორედ რომ შევხვდი, მიცნო, ჩემთან ერთად სხვა ბავშვებიც იყვნენ, გაგვიღიმა. ღიმილი კი მართლაც გამორჩეული ჰქონდა, ძალიან თბილი და კეთილი. 2 წლის განმავლობაში 4-5-ჯერ მაინც შევხვდით ერთმანეთს. ჩვენებიც და იქაურების ნაწილიც ამ ადამიანით აღტაცებულები იყვნენ.
- მის მიმართ საზოგადოების დამოკიდებულება არაერთგვაროვანია: ან ძალიან უყვართ, ან ძალიან აკრიტიკებენ.
- დიახ. მაშინაც იყვნენ ადამიანები, რომლებიც ამერიკაში ემიგრაციაში წავიდნენ, მაგრამ კუბაში დარჩენილ ოჯახის წევრებს ცუდად არავინ შეხებია, რეპრესიები არ ყოფილა. საზოგადოების ნაწილი უკმაყოფილო იყო, ზოგადად კუბაში ეკონომიკური დონე მანამდეც არ იყო მაღალი, როცა ამერიკის გავლენის ქვეშ იყო. იქ ხალხი ყოველთვის ღარიბულად ცხოვრობდა.
ფიდელ კასტრო 90 წლის ასაკში გარდაიცვალა. იგი თითქმის 50 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა კუბის რესპუბლიკას. 1963 წელს კასტრო საქართველოშიც იმყოფებოდა. ვიზიტის ერთ-ერთი მთავარი საკითხი კუბა-საბჭოთა კავშირს შორის სავაჭრო მოლაპარაკებების წარმოება იყო. ასევე გაფორმდა ხელშეკრულება საბჭოთა შეიარაღების კუბისთვის უფასოდ მიწოდების შესახებ.
ფიდელ კასტრო საქართველოში გუდაუთის რაიონის სოფელ დურიფში იმყოფებოდა. მისთვის ქართული ტრადიციული სუფრა გაუშლიათ, განსაკუთრებულად შებოლილი სულგუნი მოსწონებია. სულგუნის ოსტატების კუბაში წაყვანის სურვილიც გამოუთქვამს, მაგრამ აუხსნიათ, რომ ნამდვილი სულგუნის დამზადება მხოლოდ სამეგრელოში იყო შესაძლებელი. ხრუშჩოვს სტუმარი გულნატკენი არ დაუტოვებია და გლეხებისგან დიდი რაოდენობით შეძენილი სულგუნი ძღვნად გაუტანებია.
სენაკში ყოფნისას, კასტროს იქ შეკრებილებთან დამშვიდობებისას ხელი მაღლა აუწევია შეძახილით - „ვივატ კუბა“, ამის გაგონებისას ერთ მეგრელს სევდიანად ჩაულაპარაკია - „ვავა, ცხაკაია“.
ფიდელ კასტრო დღემდე საკამათო ფიგურად რჩება, მისი მომხრეები მიღწევად უთვლიან, რომ კუბა ამერიკული გავლენისგან დაიცვა, რომ ის ატარებდა ჰუმანურ პოლიტიკას. ოპონენტები კი კასტროს დიქტატორს უწოდებენ, რომლის დროსაც ირღვეოდა ადამიანთა უფლებები, მისი მმართველობის პერიოდში კუბა მილიონობით ადამიანმა დატოვა.
⚪აგრეთვე დაგაინტერესებთ:
ისლამი მივიღე და ცოლად გავყევი - რას ჰყვება ქართველი გოგონა, რომელიც ISIS-ს წევრს სირიაში გაჰყვა
VIDEO: კამერებმა რუსთაველის თეატრის აჩრდილი დააფიქსირა - იდუმალი შენობის პარანორმალური ამბები
წყარო: ჟურნალი „გზა“