Digest Logo

„იმაზე მეტ სასჯელს ვერავინ მომისჯის, რაც ღმერთმა მთელი სიცოცხლის ბოლომდე სატარებლად მომისაჯა“ - ლაშა ფურცხვანიძე

1665828956
ლაშა ფურცხვანიძე

„პასუხისმგებელი ვართ იმ სამუშაოებზე, რაც ჩავატარეთ, ყველა საბუთი არსებობს და ნახეს პოლიციაში, ძალიან არ მინდა ვთქვა, ერთადერთ რაღაცას, წინასწარ განსაზღვრულ ქმედებას ჰგავს, ამას უკვე გამოძიება დაადგენს“, - ამის შესახებ „გრინსერვის პლუსის“ დირექტორმა ლაშა ფურცხვანიძემ, ვაკის პარკში მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევასთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა. 

ლაშა ფურცხვანიძის თქმით, ორი თვის განმავლობაში ტესტირების რეჟიმი მიმდინარეობდა და არანაირი დარღვევა არ დაფიქსირებულა.

ფურცხვანიძე ამბობს, რომ თავს დამნაშავედ არ გრძნობს, მაგრამ გარდაცვლილი მარიტა მეფარიშვილი მისთვის სიცოცხლის ბოლომდე სასჯელი იქნება.

„პასუხისმგებელი ვართ იმ სამუშაოებზე, რაც ჩავატარეთ, სამუშაოები ყველა ნორმის დაცვით არის ჩატარებული, ყველა საბუთი არსებობს, ეს ნახეს უკვე პოლიციაში და გამოძიება დაადგენს. აპარატურა სანამ საქართველოში ჩამოვიდოდა, შემოწმებული იყო, ტესტირებაც შემოწმდა, რეპორტები არსებობს და დევს პოლიციაში. ძალიან არ მინდა ვთქვა, ერთადერთ რაღაცას, წინასწარ განსაზღვრულ ქმედებას ჰგავს, სხვას მე ვერაფერს ვიტყვი, ამას უკვე გამოძიება დაადგენს. ჩვენი თანამშრომლები წინა დღესაც, სამი საათი მუშაობდნენ, ჩართულ აუზში ამოწმებდნენ და ასწორებდნენ. მეტსაც გეტყვით, ძაღლი ჩახტა სამჯერ, კადრებიც არის. ჩვენ ორი თვის განმავლობაში ტესტირების რეჟიმი გვქონდა, ვამუშავებდით და არანაირი დარღვევა არ დაფიქსირებულა.

ერთ შემთხვევას თუ მეტყვით, როდესაც აუზში ჩასულ ვინმეს დენმა დაარტყა, მაშინ მეც დავფიქრდები, მაგრამ მიშას დროიდან, როდესაც შადრევნები კეთდებოდა, არცერთი ასეთი ფაქტი არ დაფიქსირებულა, თუ არ ჩავთვლით ვაი ჟურნალისტების და ვაი პოლიტიკოსების განცხადებას, რომ თურმე ვიღაცამ დაიძახა, რომ მანდ დენია, შეუძლია გამოძიებას მარტივად თუ არამარტივად დაადგინოს, მე ვერ გეტყვით. გამოძიებას თუ დასჭირდა, რა თქმა უნდა, მოვალ და ვითანამშრომლებ. იმაზე მეტ სასჯელს ვერავინ მომისჯის, რაც ღმერთმა მთელი სიცოცხლის ბოლომდე სატარებლად უკვე მომისაჯა.

მე თავს დამნაშავედ არ ვგრძნობ, მაგრამ ის პატარა უმწიკვლო არსება, რომელიც გარდაიცვალა, სიცოცხლის ბოლომდე იქნება ჩემს სასჯელად“, - აღნიშნა ფურცხვანიძემ. 

ცნობისთვის, 13 ოქტომბერს ვაკის პარკში უბედური შემთხვევა მოხდა. მოზარდებს, რომლებიც პარკში თამაშობდნენ, ბურთი შადრევანში ჩაუვარდათ. მის ამოსაღებად ჩასულებს კი დენმა დაარტყათ.

სამივე მათგანი სასწრაფო სამედიცინო ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა, რომელთაგან ერთ-ერთის, 13 წლის გოგონას გადარჩენა ვერ მოხერხდა.

14 ოქტომბრის ინფორმაციით, ორი მოზარდიდან ერთი, რომელიც იაშვილის სამედიცინო დაწესებულებაში იმყოფებოდა, კლინიკიდან გაწერეს. ექიმების შეფასებით, მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება, ხოლო მეორე მოზარდი, 13 წლის ლაზარე ლობჟანიძე კონტაქტურია და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა. მოზარდი რეანიმაციულ ბლოკში ექიმების დაკვირვების ქვეშ რჩება. 

ამავე თემაზე:

🔵„ჩვენს მიერ კონკურსში შეტანილი წინადადება ვაკის პარკის შადრევნებზე, მერიამ გააუქმა და დისკვალიფიკაცია მოგვცეს. შადრევნებთან ახლოს ჩავლილიც კი არ ჰქონდა კომპანიას“ - არქიტექტორი

🔵„მისი ცხოვრება იყო სკოლა და ჩოგბურთი. ჩემს ხელშია გაზრდილი...“ - საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი მარიტაზე

🔵„რაც უფრო იზრდება, მით უფრო მეშინია იმ ქვეყნის, სადაც იზრდება. ვერც ვხვდები, როგორ უნდა დავიცვა ჩემი შვილი ამ ყველაფრისგან“ - გურამ შეროზია

🔵13 წლის ლაზარე უკვე სრულად კონტაქტურია - ექიმი ვაკის პარკში დაშავებულ ბავშვზე

🔵„აუტანელი მოსასმენია - „ღმერთმა წაიყვანა თავისთან, სამოთხეში”... არ მჯერა, რომ ღმერთს მოუნდა მარიტასთვის დენს დაერტყა“ - პეტრე კოლხი