ყოველ ჯერზე საჭიროა თუ არა სისხლის საერთო ანალიზის ჩატარება, როცა ბავშვი ავადობს. ამ კითხვას გადაცემაში „სტუმრად ექიმთან“ პედიატრმა ინგა მამუჩიშვილმა უპასუხა:
„ომიკრონის შტამი კლინიკურად ისევე ვითარდება და მიმდინარეობს, როგორც სეზონური გრიპი. თუმცა, გარკვეული თავისებურებები მაინც ახასიათებს.
პირველ რიგში, ომიკრონისთვის დამახასიათებელია ძალიან მაღალი ცხელება, რომელიც პრაქტიკულად არ ემორჩილება ანტიბიოტიკებს და სიცხის დამწევ საშუალებებს. სიცხესთან მიმართებაში, უნდა გვახსოვდეს, რომ ორგანიზმი მასში შეჭრილ უცხო სხეულს ტემპერატურის მეშვეობით ებრძვის. ასე ხდება ვირუსის ორგანიზმიდან განდევნა, თუმცა აუცილებელია, ტემპერატურის კონტროლი. არიან ბავშვები, რომლებიც 39-40 ტემპერატურას არაჩვეულებრივად იტანენ და არიან ბავშვები, რომლებიც 37,5 ტემპერატურაზე შეუძლოდ გრძნობენ თავს, აქვთ დისკომფორტი, ძილიანობა და ა.შ. ბევრ ბავშვს ტემპერატურაზე გულყრის განვითარების რისკი აქვს. აქედან გამომდინარე, აუცილებელია ზედმიწევნით ვიცოდეთ ბავშვების ანამნეზი.
ზოგადად მოწოდებულია, რომ 38 გრადუსზე ზემოთ მიღებული იქნეს სიცხის დამწევი. 2 წლამდე ბავშვებში, როგორც წესი, იბუპროფენი ნაკლებად გამოიყენება, უფრო მეტად პარაცეტამოლი. სიცხის დროს ბავშვებს ხშირად აღენიშნებათ ჰიპერჰიდროზი ანუ ოფლდენა. ასეთ დროს, ბავშვი დიდი რაოდენობით მიკროელემენტებს კარგავს, ამიტომ აუცილებელია დიდი რაოდენობით სითხეების მიღება.
ხშირია შემთხვევები, როდესაც ბავშვის ტემპერატურა სიცხის დამწევი საშუალების მიღების შემდეგ, დაახლოებით ერთ საათში იწევს მაღლა და უახლოვდება პიკურ ტემპერატურას, ნაცვლად იმისა, რომ დაიწიოს. ტემპერატურის მატებისას, სანამ ის პიკს მიაღწევს, ბავშვებისთვის დამახასიათებელია სისხლძარღვების სპაზმი და კანკალი, ამ დროს ბავშვი შეგვიძლია ჩავათბუნოთ, რადგან მას სცივა. როდესაც ტემპერატურა პიკს აღწევს, ბავშვი ცხელდება, ხურდება და ასეთ დროს აუცილებლად უნდა გავაგრილოთ. ექიმების ნაწილი თვლის, რომ ასეთ დროს ბავშვს სიცხის დამწევი საშუალების გაორმაგებული დოზა უნდა მივცეთ, თუმცა ნაწილი ეწინააღმდეგება ამ მოსაზრებას. ასეთ დროს შეგვიძლია გამოვიყენოთ ხალხური მეთოდებიც, ბავშვის გაშიშვლება და დაზელა ოთახის ტემპერატურის თბილი წყლით. დაზელვისას ცივი წყლის გამოყენება არ შეიძლება, რადგან ბავშვს შეიძლება გულყრა განუვითარდეს. ბავშვს განსაკუთრებით უნდა დავუზილოთ მაგისტრალური სისხლძარღვების ადგილები, იდაყვის შიდა ზედაპირები, საფეთქლები, კისრის, ყელის არე, საზარდულები, მუხლის უკანა ზედაპირები, ხელის და ფეხის გულები. მაღალი ტემპერატურისას, ხშირად ამართლებს ხელის და ფეხის გულებზე წასმული ათქვეფილი კვერცხის გული. აუცილებელია, ბავშვი დავტვირთოთ სხვადასხვა სითხეებით და ელექტროლიტებით. სასურველია, ბავშვის პირადი ექიმი საქმის კურსში ჩავაყენოთ, მაღალი ტემპერატურის პირველივე დღეს, რომ მივიღოთ კონსულტაცია, თუ როგორ ვმართოთ მაღალი ტემპერატურა. თუ 72 საათის შემდეგ კვლავ ნარჩუნდება მაღალი ტემპერატურა, აუცილებლად მიმაჩნია, გაკეთდეს სისხლის საერთო ანალიზი, რათა შევისწავლოთ ბავშვის ორგანიზმის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომ შევაფასოთ პროცესი ვირუსულია თუ დაიწყო მისი გართულება“ , – განაცხადა ინგა მამუჩიშვილი.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵ზოდიაქოს ნიშნები, რომლებიც მხოლოდ საკუთარი სიამოვნებისთვის ცხოვრობენ
🔵„ერთი წელი გადის სოფოს გარეშე...“ - ნინო შუბლაძე
🔵„რა დგას დედის მიერ წვალებით ნამშობიარები ჩვილის მოკვლის უკან, გიფიქრიათ?“ - ბაია პატარაია