თბილისში საუკეთესო პონჩიკი სად იყიდება ვინ იცის? ამირანმა.
ელიავაზე საუკეთესო მუშა ვინაა? ამირანი.
ვის შეუძლია რემონტის 5 დღეში, რომ არ მოგატყუოთ 7 დღეში დამთავრება? ამირანს.
ვის შეუძლია სარემონტო კედლებზე ნომრების ჩანიშვნა და „ჯოკრის“ უმაღლეს დონეზე თამაში? ამირანს.
თუკი სერიალს „შუა ქალაქში“ უყურებდი - ეს კითხვა პასუხი შენთვის ძალიან ნაცნობი იქნება. ამ კომედიურ სერიალში ამირანის როლს მსახიობი - ნიკა ქაცარიძე ასრულებდა.
ნიკამ ნათლად დახატა კლასიკური მუშის მაგალითი, თავისი იუმორითა და მუშაობის სპეციფიკით. სწორედ ამიტომ მაყურებლისთვის საყვარელ პერსონაჟად იქცა.
👉უატესტატობა, სკოლიდან გაგდება, მღვდლობა და „კანონიერი ქურდობა“ - ნიკა ქაცარიძის უცნობი ამბები
დიახ, მისი შექმნილი პერსონაჟები დღემდე მაყურებლისთვის დაუვიწყარია, არამარტო კომედიურ ჟანრში არამედ დრამაში. როგორც იცით, ტელესერიალ „ტიფლისში“ ნიკა ჟანდარმერი გიგოს როლს ასრულებს.
2022 წლის 5 იანვარს არტისტი მოულოდნელად გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, მიზეზი გულის პრობლემა გახლდათ.
მისი მეუღლე - ნინო ბერიძე გამოცემა „თბილისელებთან“ საუბრისას ნიკას იხსენებს და მათი გაცნობის ამბავს ჰყვება:
„ნიკა ისტორიულ უბანში ცხოვრობდა. შენობა ავარიული იყო და მასთან დაკავშირებით მოვიდა ჩემთან კონსულტაციაზე. მოკლე შეხვედრა გვქონდა. მეორე დღესვე მეგობრობა გამომიგზავნა ფეისბუკზე. ვიცოდი ვინც იყო, მაგრამ მისი პიროვნებით მანამდე არ დავინტერესებულვარ. სოციალურ ქსელში დაიწყო ჩვენი მიწერ-მოწერა. კარგი იუმორით საუბარში ამიყოლია და შეხვედრაზეც დამითანხმა. პირველი შეხვედრის შემდეგ, მეორედაც მალევე შევხვდით. მაშინ ხელი ჩამკიდა და მას შემდეგ არც გაუშვია. გაცნობიდან, დაახლოებით, ცხრა თვეში დავქორწინდით.
ძალიან ყურადღებიანი იყო. შეგეძლო ბოლომდე დაყრდნობოდი, ჩემთვის ზურგი იყო. მასთან თავს ყველაზე მშვიდად და დაცულად ვგრძნობდი. ჩემი საყრდენი კედელი გახდა. ალბათ, ამიტომაც შემიყვარდა ასე მალე. როგორც მეუღლე არაჩვეულებრივი იყო.
ერთხელ ვსეირნობდით და ვუთხარი, როგორ შეყვარებულებივით ვსეირნობთ-მეთქი. შემომხედა და მითხრა: კი, მაგრამ ჩვენ ახლაც შეყვარებულები ვართო. ძალიან კარგი მეოჯახე იყო. არავის ეგონა, რომ ნიკა ასე შეიცვლებოდა. თავისუფალი, მოქეიფე და „მოგულავე“ კაცი იყო, მაგრამ საოცრად მზრუნველი მეუღლე და მამა გახდა.
მიყვებოდნენ ხოლმე, როგორი იყო მანამდე, მაგრამ ჩვენს თანაცხოვრებაში სულ სხვანაირი იყო. თვითონაც აღნიშნავდა ხოლმე, შენ შემცვალე, ძალიან ბევრი რამის მიმართ შემეცვალა დამოკიდებულებაო. თავის პროფესიულ წარმატებებსაც ჩემთან შეხვედრას და ჩვენს სიყვარულს აბრალებდა. მეცინებოდა ხოლმე, ეს ჩემი დამსახურება ნამდვილად არ იყო. ყველაფერი ჩვენს სიყვარულს უკავშირდებოდა და ეს სიყვარული ორივეს დიდ სტიმულს გვაძლევდა. ასეთ სიყვარულში რომ ცხოვრობ და უცებ მას კარგავ, ცხოვრების ხალისიც გეკარგება.
ვცდილობ, ეს ჩემმა შვილებმა არ იგრძნონ. შეიძლება არ დამიჯეროთ, მაგრამ ზოგჯერ მგონია, რომ გული გამიქვავდა იმდენად თავშეკავებული ვარ. არ მინდა, მათ ნახონ როგორ განვიცდი, როგორ ვტირი. ბევრჯერ მიტირია ღამე იმის გამო, რომ დღე მათ არ დაენახათ.
საფლავზე რომ გავდივართ, სულ თვალებში მიყურებენ, რომ მიხვდნენ, მე რას განვიცდი. კარგად ვიცი, რომ შვილისთვის დედის ცრემლები ყველაზე მძიმე დასანახია და ამიტომ ვცდილობ, მათ ეს არ დავანახო.
მაქსიმალურად ვცდილობ, ხალისიანი ვიყო, ყველგან წავიყვანო, იქნება ეს დაბადების დღე თუ გასართობი ცენტრი. არ მინდა, რამე დააკლდეთ. საახალწლოდ ნაძვის ხეს რომ ვრთავდი, ხალისი საერთოდ არ მქონდა, მაგრამ საკუთარ თავს ვეუბნებოდი: ეს უნდა გააკეთო-მეთქი. „ჩემი შვილების გამო“ - ეს არის ჩემი ცხოვრების დევიზი, რომელიც ყველაფერს მაკეთებინებს“, - ამბობს ბერიძე.
აგრეთვე წაიკითხეთ:
🔵„შურდათ ასეთ კაცს რომ ვუყვარდი... 17 წელი იყო სხვაობა... არ იყო გაყინულ-გაშეშებულ სახიანი, ღიპიანი...“ - ქეთათოს ამბავი სიყვარულისა
წყარო: tbiliselebi.ge