ძვ.წ. 51-30 წლებში - კლეოპატრა VII ფილოპატორი ეგვიპტის უკანასკნელი დედოფალი გახლდათ პტოლომეების მაკედონიური დინასტიიდან - ასე ვკითხულობთ ვიკიპედიაში, მაგრამ მან-სან-კანის გუნდის „მაღაროელის“ ლეგენდების თანახმად, კლეოპატრები წარმოშობით ქვემო ეგვიპტიდან არიან, მერე ბაბუამისმა ფარაონი მოკლა და წავიდნენ ზემო ეგვიპტეში...
ამავე ლეგენდის თანახმად, რომის დიქტატორთან და სამხედრო ტრიბუნთან - გაიუს იულიუს კეისართან სასიყვარულო რომანი ჰქონდა, რაც იულიუსმა „გაუბაზრა“ და კლეოპატრამ საკადრისი პასუხიც გასცა: „კლეოპატრა და ზმუკი შენე, შენ გაგიბინტე ენა, შენ გიყარე წილი და შენ არ მეესწარი რუბიკონის გადალხვას“.
„მაღაროელის“ წყაროებში კიდევ სხვა პერსონაჟებს ვეცნობით:
ბესიკა - ჭიათურელი მუშა კაცი, რომელიც მან-სან-კანის ლეგენდების თანახმად, დავით IV აღმაშენებელს 1121 წელს დიდგორის ბრძოლაში გზის ჩახერგვაში ეხმარებოდა. „დათულა, ვერ ვასწრებ ჩახერგვას, გადურეკე, ნუ მოვლიან ჯერ. ბესიკას არ ცალია-თქო...“
მის ჭიათურა 2015 - აკაკი - საახალწლო კონცერტის წამყვანი. „ეგ თქვენი საქციელი რასაც აკეთებთ არაფერში არ წერია, კი არაფერი მააქვს წაკითხული მაგრამ უვერენი ვაარ არ ეწერებოდა, გაგლახავთ ძაღლიშვილივიყო...“
ლუიზა დარბაიძე - ჭიათურელი ქალი, რომელიც ბევრი ქართველი ქალის პროტოტიპია და ცდილობს ოჯახის ნაკლოვნებების დაფარვას. „ცოლი არ მოგყავს ბიჭო? რატო არ თხოვდები?“
ჭიათურელი ახალგაზრდა - მამული იგივე ტანჯულა, რომელიც ყოველთვის მზადაა მეგობარს დაეხმაროს და ცდილობს ცხოვრებაში „გეიმართოს“ - „მოდი მეგობარო, აპა ცოტა ვიაზროვნოთ და ჩევიდეთ სიღრმეებში ბრატუხა“,„მოგაჭამ თაავს, ჩეი დედა...“, „პიზდეეც“...
რა საერთო აქვს ამ ყველაფერს? თითოეულ ზემოთ ჩამოთვლილ პერსონაჟს ერთ იუმორისტთან - აკაკი დარბაიძესთან მივყავართ.
ჰოდა, ამიტომ „დაიჯესტი“ მის ბლიცინტერვიუს შემოგთავაზებთ.
🔶 ბავშვობის ოცნება... კონკრეტული არაფერი მქონია, უბრალოდ ვიცოდი, რომ კარგად უნდა ვყოფილიყავი. ისე ადრე ძიუდოსაც ვჭიდაობდი, მაგრამ ძაან პატარა ვიყავი მაგ დროს.
🔶 ფრაზა, რომელსაც ხშირად ამბობთ... ტანჯულას ხელში ჩემი დედას ვამბობ. ისე ვამბობ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და ჩვენც გევიმართებით.
🔶 კითხვა, რომელიც გაღიზიანებთ... პირადს რაც ეხება ძირითადად ისინი.
🔶 რა არის სიყვარული? ღმერთია სიყვარული. ყველაფერი შეიძლება იყოს სიყვარული, მაგალითად მოტივაცია.
🔶 რა არის თავისუფლება? თავისუფლებაა რატომაც ვცხოვრობთ. ვცდილობ მაქსიმალურად თავისუფალი ვიყო ყველგან, ჩაკეტილი რაღაცები არ მიყვარს.
🔶 რა არის იუმორი? ცხოვრებაა, ჩემი თავის გამოხატვის საუკეთესო საშუალებაა.
🔶 რა არის მან-სან-კანი? ჩემი სიყვარულია. ჩემს ბავშვობაში სკოლებში ტარდებოდა ჩემპიონატი, სულ მინდოდა მეთამაშა. ჰოდა, ეს ჩემი ბავშვობაა, მომავალი ცხოვრების საწინადრი იყო.
🔶 რას ნიშნავს იყო მაღაროელის გუნდის წევრი? სიამაყეა. ყოველთვის ხმამაღლა ვიძახი, რომ ჭიათურლები ვართ. ბევრი ღირებულება აქვს მაღაროელს, თუნდაც ის რომ ქალაქის სათქმელს ვამბობდით. კარგი იუმორით გადმოვცემდით და მაღაროელი ისტორიას დარჩა.
🔶 სცენაზე გასვლის წინ... ძალიან ვნერვიულობდი, მაგრამ სცენაზე ფეხს რომ დავდგამდი მავიწყდებოდა ყველაფერი, სულ მინდოდა სცენაზე ვყოფიყავი. ჭიათურაში, პირველ თამაშზე მაყურებლისკენ არ გამიხედავს,მეორე თამაშზე დავამუღამე და იმის მერე სულ მინდოდა სცენაზე ვმდგარიყავი.
🔶 ემოცია მაყურებლის რეაქციაზე... ეგ არის აუხსნელი და ყველაზე საუკეთესო მომენტი რაც განმიცდია. კიდევ ისაა მაგარი, შენ დაწერილ იუმორს შენვე რომ ამბობს და მაგაზე იცინის მაყურებელი.
🔶 ტანჯულა ვინ არის? ჩვეულებრივი ჭიათურელი ტიპია, რომელიც არასწორი გარემოებების გამო ჩამოყალიბდა ისეთ სახედ როგორიც არის. თვითონ ჰგონია, რომ რასაც აკეთებს ყველაფერში ცამდე მართალია და ბოროტი პერსონაჟი არაა. კარგი თვისება ის აქვს, რომ მიმწოლია, დეპრესიაში არ ჩავარდება თუ რაიმე დაბრკოლების წინაშეა, შეუტევს, მაგრამ სწორად ვერა, განათლება არ ყოფნის მაგდენი.
🔶 ლუიზა დარბაიძეზე რას იტყოდი? ეგ ქალი მეცოდება, რა დაიმსახურა იმის ფასი, რომ ქმარ-შვილი ასეთი ჰყავს. ტიპური ქართველი ქალია, რომელიც ხშირად მინახავს. ლუიზა დაჩაგრული ქალია, რომელსაც არ უნდა შეიტყოს რა ცუდი ოჯახიც ჰყავს. ყველაფერს აკეთებ იმისთვის, რომ ოჯახი ფეხზე იყოს.
🔶 კლეოპატრა ვინ არის? სულ ვბჟირდებოდით ამ პერსონაჟის თამაშისას. ისტორიაში ყვგელაზე ცნობილი ქალი, გლობალური პერსონა კლეოპატრა იყო და გადავწყვიტეთ ასეთი აქცენტი ჰქონოდა.
🔶 ვინ არის ტოპე? ყველაფერია. მის გარეშე არავინაა, წარსულიც, ბავშვობაც, მომავალიც - ყველაფერი ტოპეა.
🔶 ვინ არის ჯიბო? ჯერ ბოლომდე არ ვიცით, მაგრამ უდაოა რომ მეგობარია. ერთი ჭკუის ხალხი არიან.
🔶 რა მოიტანა და რა შეცვალა „კეთილებმა“? კეთილებამ ახალი ცხოვრება მაჩუქა.
🔶 რა ფერი აქვს ჭიათურას? ერთი ფერი არ აქვს, უფრო ნათელია, ვიდრე ბნელი.
🔶 რა ფერი აქვს იუმორს? ყველანაირი ფერი აქვს, ალბათ იმიტომ, რომ თავად არის სხვადასხვაგვარი.
🔶 სიკვდილის შემდეგ ცხოვრების გჯერათ? კი, მარტივიც არის ამ ფიქრით ცხოვრება.
🔶 თქვენი აზრით ღმერთი როგორია? ყველაფერია, იმედია პირველ რიგში, ნუგეში, ცხოვრების აზრი.
🔶 საყვარელი იუმორისტი... გიორგი ჩუბინიძე, ხასიათი აქვს ისეთი რომ ნებისმიერ დროს შეუძლია გამაცინოს, არამარტო მე არამედ სხვებიც.
🔶 მსახიობმა - დევი ბიბილეიშვილმა დატოვა შემდეგი კითხვა: „თუ სჯერა ადამიანის გამოსწორების?“ - კი მჯერა ადამიანის გამოსწორების, რადგან ბევრი მინახავს და მეც გამოვსწორებულვარ რაღაცებში.
🔶 თქვენ რას ჰკითხავდით ჩვენ შემდეგ სტუმარს... - როდის გევიმართებით?
ასევე დაგაინტერესებთ👇